Sunday, September 20, 2009

ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მოვხვდი ბანკში, ვყლაპე მარილიანი წყალი და ჩავლპი მაღლივში

და დადგა ნანატრი წამი, თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ გადავწყვიტე ბლოგის მონახულება და ერთი-ორი სიტყვის დაწერა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამე მოხდა და რამე თუ გამომრჩა, მაინც და მაინც არ ინერვიულოთ
ბოლო გამოცდა, თუ სწორად მახსოვს 8 ივლისს ჩავაბარე. წესით და რიგით, 2-ში უნდა მოვრჩენილიყავი, მაგრამ "მომხმარებელთა ქცევიდან" გამოვედი და გადაბარებაზე მივედი. როგორც შემდგომ გაირკვა, სწორი ნაბიჯი გადამიდგამს (100 ქულა ავიღე ). ამის შემდეგ ტრეინინგები და გასაუბრებები დაიწყო: ჯერ ერთი კვირა სახალხოში, მერე ელიტ-ელექტრონიქსის მარკეტინგის განყოფილება და ბოლოს ბანკ რესპუბლიკაში. სახალხოში მერე ტესტირება გავიარე და ჩავაბარე, როცა დამირეკეს ტელეფონი გავთიშე. ელიტაში გასაუბრების მერე მირეკავდნენ, მაგრამ ტელეფონი გავთიშე. რატომ? იმიტომ, რომ რესპუბლიკის (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი ) დელისის ფილიალში ვიჯექი. ჰომდა, აგერ უკვე 2 თვეზე მეტია, რაც ბანკში სტაჟიორი ვარ. რა თქმა უნდა, ხელფასი არ მაქვს და არც იმის შანსია, რომ დამტოვონ, მაგრამ სამაგიეროდ შემპირდნენ სერტიფიკატს მოგცემთო. თავიდან ცოტა უჩვეულო იყო, მაქსიმუმ სამ დღეში ერთხელ წვერის გაპარსვა და ჰალსტუხით (ე.წ. ყლინჯით) სიარული, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა?! შევეჩვიე! თქვენ ჩემი მეზობლების რეაქცია უნდა ნახოთ, ამ ბიჭს რა დაემართა, ცოლი ხომ არ მოჰყავსო
17 აგვისტოს კი მოხდა ის, რასაც უკვე ერთი კვირა ელოდნენ - დაიხურა ელიტ-ელექტრონიქსი. მართალია, მაგ მაღაზიასთან შეხება აღარ მქონდა, მაგრამ ეს ფაქტი მეც შემეხო და თითქმის ორი კვირით იძულებით "შვებულებაში" გამიშვეს. რა უნდა მეკეთებინა ამ დროის განმავლობა? დავდიოდი ძველ სამსახურში (რასაც მანამდე ვერ ვახერხებდი და დაუსწრებლად ვწერდი მასალებს), მაგრამ ჰოი საოცრებავ?! ხუთშაბათს ზღვაზე წასვლა გადავწყვიტე, ლევანი და ბესოც ავიყოლიე და პარასკევს საღამოს 6 საათზე ბათუმისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსში მოვკალათდით. ვინაიდან და რადგანაც, აქამდე ზღვაზე არ ვყოფილვარ, ეს ჩემთვის მეტად ამაღელვებელი მომენტი იყო. თავიდან ქობულეთში გაჩერებას ვფიქრობდით, მაგრამ რიკოთზე შესვენების დროს ლევანმა ნინოს დაუმესიჯა და მეტად სასიხარულო ცნობა მივიღეთ: ბათუმში მეტად ხელსაყრელ ფასში ოთახი ქირავდებოდა და ჩვენც ისღა დაგვრჩენოდა, რომ გზა ცოტათი გაგვეგრძელებინა. მინდა გითხრათ, რომ აჭარაში ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო 41 საათი გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები შორტების გამო დასცინოდნენ (რომელიც ჩემს სექსუალურ ფიგურას ხაზს უსვამდა ), მთვრალი ბესო ღამე არ გვაძინებდა და სანაპიროზე ბიჭები ჩვენს გვერდზე შარდავდნენ, მაინც ყველაფერი ძალიან კარგი იყო, უბრალოდ, ცოტა... გვერდზე ოთახში ნანა, ნინო და მათი დაქალი შორენა იყვნენ, რომლებიც, ბოლოს როდესაც ვნახე, გოჭებივით შებრაწულები იყვნენ თავიდან ყველაფრის დათვალიერებას ვგეგმავდი, თუმცა კვირას 5 საათზე უკან წამოსვლა მომიხდა და 12-ზე უკვე სახლში ვიყავი.
ჩამოვედი და ხუთშაბათს ისევ გამომიძახეს რესპუბლიკაში, გავაგრძელე საქმიანობა. ასევე გავიგე, რომ მაღლივში რეგისტრაციაა დაწყებული და ერთ დღეს ავისეირნე. პირველი, რაც თვალში მეცა, პირველკურსელები იყვნენ: უკომპასო გემებივით პირდაღებულები დადიოდნენ აქეთ-იქით. ჰომდა, მივედი საგნების გასარკვევად და გავიგე, რომ ამ სემესტრში უნდა გამეარა მმართველობითი აღრიცხვა, რომელსაც ვერ გავივლი, რადგან ფინანსური აღრიცხვა არ მაქვს ჩაბარებული. მოკლედ, გრძელი ამბავია ასე რომ, მომიწევს კიდევ ერთი სემესტრის დამატება და ნახვამდის ჩემო მაგისტრატურავ
(მე და ლევანჩო...)

დაბოლოს, რაღა თქმა უნდა, მუსიკალური გაფორმება. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე აქ ერთი, თქვენთვის უცნობი ჯგუფის სიმღერა დამედო. Pidżama არის პოლონური პანკ-როკ ჯგუფი, რომელიც ორჯერ შეიკრიბა და დაიშალა (1987–1990, 1995–2007). ჯგუფის ვოკალისტი და ლიდერი კრჟიშტოფ გრაბოვსკის, მეტსახელად გრაბაზი (Krzysztof "Grabaż" Grabowski). როგორც ნამდვილ პანკებს შეეფერებათ, მათი მუსიკაც მეტად დატვირთულია სხვადასხვა თემატიკით, მაგრამ ამაზე ტვინის ბურღვას ნაღდად არ დავიწყებ ახლა. უბრალოდ, ერთ სიმღერას გაჩვენებთ: Nikt Tak pięknie nie mówił,że się boi miłości (ჯერ არავის უთქვამს ასე ლამაზად, რომ სიყვარულის ეშინია). ძალიან ლამაზი სიმღერაა, პიდჟამას ერთ-ერთი გამორჩეული ბალადა და თუ არ მოგეწონათ, შეგიძლიათ თამამად დამტყიპოთ, იმიტომ, რომ მე ძალიან მომწონს

ეს კლიპი (ძალიან, ძალიან ლამაზია):



ესეც ლაივი, რომელზეც ვინმე გუტეკი მღერის. სამწუხაროდ, მასზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვიპოვე (გრაბაზი მარტო დასაწყისშია, მერე გადის სცენიდან). თუმცა, ორიგინალს არ ჩამორჩება არანაირად:


3 comments:

ჩორვენი¹³ said...

seqsualur sxeulze gadavyiraaavdii : )))))))))))))

: *

ნატა said...

მეცხრე სემესტრი ცუდია :| ნაცნობი სიტუაციაა უნივერსიტეტში, თუმცა გადავრჩი მე მაგ ამბებს :))

Lalena said...

მე კიდევ ერთი ახალი ამბავი ვიცი მაღლივზე, ფანჯრები გაუწმენდავთ, ჩემმა დამ ახლა ფანჯარაშჳ გახედვაც შეიძლებაო :)))))))))