Wednesday, October 6, 2010

There's nobody here for me now...


If I
Was to walk away
From you my love
Could I laugh again?

სათაურის ნახვის შემდეგ თუ გაიფიქრეთ, რომ ამ პოსტის წაკითხვა არ ღირს, რადგან მორიგი დეპრესიული ნაჯღაბნი იქნება, გილოცავთ! თქვენ ნაწილობრივ მართალი ხართ! საერთოდაც, სრულიად არასაიდუმლოდ გეტყვით, რომ ამის დაწერას მთელი რიგი მიზეზებისდა გამო არ ვაპირებდი. რა საჭიროა, ყველას მოუყვე იმის შესახებ, რაც ბოლო დროს თავს გადაგხდა, რას გრძნობდი და რას გრძნობ, ან უბრალოდ რა საჭიროა, რომ ყველას მისცე უფლება, შენს პირად ცხოვრებაში ხშირად ბინძური, ხანდახან კი სუფთა ხელებიც კი აფათუროს?! თუმცა, როგორც ერთ-ერთი ბრძნული ქართული ანდაზა გვასწავლის: მარტო კაცი პოსტვაშიაც ცოდვააო... ამიტომაც, დაე სხვებმაც იცოდნენ! ზოგს გაეცინება, ზოგი დადარდიანდება, ალბათ, ისეთებიც იქნებიან, ვინც ამ გვერდის ჩახურვის შემდეგ გაიფიქრებს, ნეტა ამას შიგ არა ჰქონდესო. რას ვიზამთ, მაქვს და ვერსად ვმალავ.
ალბათ, უფრო მხატვრული პოსტი გამომივიდოდა, გარემოც რომ შესაბამისი მქონოდა: საბეჭდი მანქანა, ცხელი ჩაი (თუ ყავა სჯობს?!), პირში გაჩრილი ფილტრიანი "ასტრის" ბოლოსწინა ღერი, ქუჩაში წვიმა და ძველ რადიოდან წამოსული სასიამოვნო მუსიკის ჰანგები. სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან მხოლოდ რამდენიმე სრულდება, რადგან არც სიგარეტს ვეწევი და არც ყავას ვსვამ, ჩაის ჭიქა ცოტა ხნის წინ ჩავცალე, ხოლო საბეჭდი მანქანები დიდი ხნის წინ შეცვალა კომპიუტერმა და უფრო მოსახერხებელმა კლავიატურამ. სამაგიეროდ, მუდამ ჩვენთანაა თბილისის წვიმიანი ოქტომბერი და Ray LaMontagne-ს Empty. რთულად თუ მოიძებნება სხვა სიმღერა, რომელიც ამ გარემოსა და ამინდს ასე ლამაზად შეესაბამება. კინაღამ მთავარი დამავიწყდა: კომპიუტერთან სველი ვზივარ! იფიქრებთ ალბათ, ეს რაღა შუაში იყოო, მაგრამ პასუხი ძალზედ მარტივია - გენიალური აზრების უმეტესობა ან ტუალეტში მომდის, ანაც აბაზანაში და ახლაც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გახლდათ. ვინაიდან ამჯერად საპირფარეშომ მიმაუხთლა, ცხელ შხაპს ვთხოვე დახმარება და აი ისიც, მოვიდა. ბოლო დროს როდესაც მეკითხებოდნენ, რატომ აღარ წერ არაფერსო, ვპასუხობდი, მუზა წასულია და როდის დაბრუნდება, არავინ იცის-მეთქი, არც ახლა შეცვლილა რამე. როგორც ჩანს, ჩემი მუზა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ჩემთვის არ სცალია. რას გაუგებ, როდის მოვა და როდის წავა, მხოლოდ თვითონ უწყის.
შესავალი კიდევ უფრო რომ გავაგრძელო, ბარემ პირდაპირ საქმეზე გადავალ. ზუსტად ერთი წლის წინ გადავწყვიტე, რომ 2010 წლის აგვისტოში საკუთარი თავისთვის უდიდესი ოცნება ამესრულებინა და პრაღაში წავსულიყავი. სავარაუდოდ, მიზანს მივაღწევდი კიდევაც, რომ არა უფრო დიდი ოცნება, მომიტევეთ - ოცნებები! მაისში Anathema-ს კონცერტზე მოგზაურობის ამბავი კი გეცოდინებათ, სექტემბერში კი მეორედ აღმოვჩნდი სამოთხეში. Archive-ს სანახავად ისევ და ისევ სტამბოლში გამგზავრების იდეა არცთუ დიდი ხნის წინ დაიბადა, მეც დიდხანს არ მიფიქრია და უმალ მივიღე გადაწყვეტილება. გარდა იმისა, რომ, ჩემი მოკრძალებული აზრით, თანამედროვების ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის მოსმენის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, აუცილებლად მჭირდებოდა გარემოს შეცვლა, თორემ დეპრესიული განწყობის მორევი, რომელიც ნელ-ნელა მოექანებოდა ჩემკენ, საბოლოოდ წამლეკავდა. ხომ გაგიგიათ, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო! თავიდან მარტო ვაპირებდი დიდი თურქეთისკენ გამგზავრებას, ბილეთიც ვიყიდე საიტზე, ავტობუსში ადგილიც დავჯავშნე და გონებით უკვე ოსმალეთში ვიყავი, მაგრამ გეგმები მცირედით და სასიამოვნოდ შეიცვალა. ჯერ მაცაცომ (ისიც გეხსომებათ ანათემას პოსტიდან) თითქმის შეუძლებელი შეძლო და წამოსვლა მოახერხა, ხოლო შემდეგ ჩვენთან ერთად გამგზავრება თორნიკემ და ნათიამაც გადაწყვიტეს, რომლებმაც თბილისიდან გასვლიდან წინა დღეს თავიანთი მრავალწლიანი ურთიერთობის "ლეგალიზაცია" მოახდინეს და მთაწმინდის პატარა, კოხტა ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს.
საქართველოდან 26 სექტემბერს გავემგზავრეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, მგზავრობა დამღლელი გამოდგა, მაგრამ არა ისეთი, როგორც სამიოდე თვით ადრე იყო. თბილისიდან გასვლის შემდეგ დაახლოებით 25 საათი ვიმგზავრეთ, სანამ სტამბოლში შევიდოდით. შემდეგ იქ იყო სასტუმროს ძებნის ორსაათიანი პროცესი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, წარმატებით დასრულდა და გავჩერდით ისტიკლალთან ახლოს მდებარე პატარა Guest House-ში სახელად Buena Vista (http://www.buenavistahostel.com/ - მთლად ისეთი არაა, როგორც საიტზე აქვს აღწერილი, მაგრამ დღეში 20 ლირას კვალობაზე ნორმალური იყო). ჩასვლის დღესვე მე და მაცაცო იმ ადგილის საძებნელად გავეშურეთ, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო. სამწუხაროდ, ამჯერად ჩემმა ალღომ მიმტყუნა და ტაქსიმის მოედნიდან არასწორი მიმართულებით წავედით, მაგრამ, კიდევ კარგი, ერთი კეთილი ქალბატონი შეგვხვდა, რომელიც ინგლისურად ჩინებულად საუბრობდა და სწორ გზაზე დაგვაყენა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივადექით "ქუჩუქჩიფთლიკ პარკსაც" და სცენის აწყობის უნიკალურ მოვლენასაც დავესწარით.
სანამ უშუალოდ კონცერტის დეტალების მოყოლაზე გადავალ, სხვა თემებზე დავწერ. სტამბოლიდან 30 სექტემბერს საღამოს წამოვედით და ამ დროს განმავლობაში თითქმის მთელი ქალაქი ფეხით მოვიარეთ. ვნახეთ ყველაფერი, რისი ნახვაც შეიძლებოდა, ტოპკაპის სასახლით დაწყებული, გალათათი გაგრძელებული და ბეშიქთაშის სტადიონით დამთავრებული. დავლიეთ და ვჭამეთ ასევე თითქმის ყველაფერი, რისი დალევა/ჭამაც შეიძლებოდა და Grand Bazaar-ში ქობულეთელი რამაზაც კი გავიცანით, რომელსაც იქვე თავისი მოკრძალებული კაფე ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა გახლდათ, როდესაც უცხო ქართველის დანახვა გაგვიხარდა, რადგან საკმაოდ თავაზიანი კაცი აღმოჩნდა და რაღაც-რაღაცებში დაგვეხმარა. გარდა ამისა, საღამოობით ჩვენი ჰოსტელის გვერდზე მდებარე ქუჩაზე ვისხედით, ჩაის ვწრუპავდით, ზოგზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩილიმსაც ეწევოდნენ და შიგადაშიგ პაპიროსსაც უსინჯავდნენ გემოს. რაც მთავარია, იმართებოდა ნარდის მცირე ტურნირები, სადაც ჩემი დაუმარცხებლობის მითი გოგოებმა ფეხქვეშ გაიგდეს და ისე გათელეს, რომ ამ თამაშისკენ გახედვა კიდევ საკმაო ხანი აღარ მომინდება. ისევ სჯობს, ინტერნეტში უცხოელებთან ვივარჯიშო და რევანშისთვის მოვემზადო. ერთადერთი, ვისაც ვუგებდი, თორნიკე იყო, რადგან ნარდის გარტყმაში არაა. უი, ამ დაწესებულების მფლობელი ვინმე ალი იყო, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საკმაოდ გულთბილად გვესალმებოდა და გვეჭუკჭუკებოდა ხოლმე. არ ვიცი, ჩვენ მოვეწონეთ ასე ძალიან თუ მათემატიკა არ იცოდა, მაგრამ ანგარიშის დათვლისას ყოველთვის გვიკლებდა ხოლმე და ნაკლებს გვახდევინებდა. მინდა, მომენტით ვისარგებლო და ამისთვის მას მადლობა გადავუხადო! რაც შეეხება ჰოსტელს, ჭიჭყინა ბერიკაცს თუ არ ჩავთვლით, რომელიც მფლობელი იყო და იქ იშვიათად ჩნდებოდა, საკმაოდ მყუდრო ადგილი გახლდათ, უცხოელი გოგო-ბიჭების სავსე. განსაკუთრებით პოლონელი გოგონები სჭარბობდნენ, რომლებთან გამოლაპარაკება მხოლოდ და მხოლოდ ბოლო დღეს მოვახერხე. მანამდე ჩვენი "ურთიერთობა" მარტო აბაზანაში შესვლა-გამოსვლისას ჩახითხითებით შემოიფარგლებოდა: ორივენი პირსახოცშემოხვეულები ვიყავით და უფრო ხანგრძლივი დიალოგისთვის არცერთ არ გვეცალა.
და აი, დადგა კონცერტის ნანატრი დღეც, 28 სექტემბრის თბილი საღამო. დანიშნულების ადგილას საათ-ნახევრით ადრე მივედით, რომ არაფერი გამოგვპარვოდა და რიგში პირველები ვყოფილიყავით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ მასეც მოხდა. იქვე მდგომ ჯიხურში ბიჭს ცოტა ტვინი ვუბურღე და კონცერტის აფიშებიც გამოვართვი, პარკის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ კი პირდაპირ სცენის წინ დავიკავეთ ადგილები, იქ, სადაც ვოკალისტები უნდა მდგარიყვნენ. სანამ უშუალოდ ინგლისელები გამოვიდოდნენ, მაყურებლის "გახურებაზე" თურქულმა ჯგუფმა იზრუნა. უნდა აღინიშნოს, რომ დუეტმა Post Dial, რომელიც Electro-Indie-ს უკრავს, დაკისრებულ მოვალეობას თავი ჩინებულად გაართვა და რამდენჯერმე აპლოდისმენტებიც კი მოსწყვიტა დამსწრეთ. საბოლოოდ, დადგა 9 საათი და 30 წუთი და დაიწყო ის, რისთვისაც დაახლოებით 1500 კილომეტრი გავიარეთ. სიმართლე გითხრათ, კონცერტის რამდენიმე მონაკვეთი ბუნდოვნად მახსოვს. არა, მთვრალი არ ვყოფილვარ! უფრო მეტიც, მინერალური წყლის გარდა არაფერი დამილევია, მაგრამ სცენიდან იმხელა მუხტი მოდიოდა, ერთ ადგილას გაჩერება მიჭირდა. ხან თავს ვაქნევდი, ხანს ხელებს, ხან ფეხებს, ხან მთლიანად ვქანაობდი ერთ ადგილას საყვარელი სიმღერების მელოდიების თანხლებით. ერთადერთი, რაც ნათლად მახსოვს, ის იყო, რომ Rosko John-ს დავუძახე და მანაც გამომხედა და გამიღიმა.
ჯგუფმა ფაქტირად ყველა ის სიმღერა დაუკრა, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, მაგრამ დრო გადიოდა და მათი გამორჩეული, ჩემთვის ნომერ პირველი კომპოზიცია Again არ სრულდებოდა. იმითაც კი ვიმუქრებოდი, რომ თუ არ დაუკრავდნენ, სცენაზე ავვარდებოდი და ძალით დავაკვრევინებდი, მაგრამ ამის გაკეთება აღარ მომიხდა - სეტლისტში ბოლოს სწორედ Again გახლდათ, თანაც სრული, 18-წუთიანი ვერსია!



მთავარი მოვლენები კი კონცერტის შემდეგ განვითარდა. ორგანიზატორები გავიცანი და ჯგუფის წევრებთან შეხვედრა ვთხოვა, რაზეც დიდი სიამოვნებით დამთანხმდნენ. დაახლოებით 10-15 წუთიანი ლოდინის მერე შეგვიყვანეს სცენის გვერდზე შემოღობილ ტერიტორიაზე და იმ ადამიანებთან ვიღებდით სურათებს და ვსაუბრობდით, რომელთა არა მხოლოდ ცოცხლად ნახვა, არამედ შეხებაც კი რამდენიმე თვის წინ ოცნება იყო! ყველაფერმა იმაზე გაცილებით უკეთესად ჩაიარა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჯგუფის ცხრავე წევრი არ გვინახავს, მაგრამ პირადად მე ბილეთზე ექვსი მათგანის ავტოგრაფი დამრჩა. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ძალიან გაუკვირდათ, როდესაც გაიგეს, რომ მათ სანახავად საქართველოდან ვიყავით ჩასულები და მადლობები გვიხადეს, შემდეგ თვითონაც გვიღებდნენ სურათებს და იქვე ახლომახლო მდგომ ჯგუფის სხვა წევრებს უყვებოდნენ ჩვენი "გმირობის" შესახებ. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური როსკოსთან შეხვედრა იყო, რომელმაც კონცერტიდან მიცნო, თვითონ მოვიდა და გადამეხვია, ხოლო მაცაცო Dave Pen-თან საუბარს და ჩახუტებას ასე მარტივად თუ გადაიტანდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ასევე სასიამოვნოდ გამაკვირვა Pollard Berrier-მა, ვინც მანამდე მაინც და მაინც დიდად არ მეხატებოდა გულზე. რატომღაც ეს ადამიანი ყოველთვის ქედმარალი და ცხვირაბზეკილი მეგონა, მაგრამ პირიქით კი აღმოჩნდა - ჯგუფის წევრებს შორის ყველაზე ჩუმი და მორიდებულია. სწორედ მან მითხრა, თქვენნაირი თაყვანისმცემლების შესახებ რომ ვიგებთ, მაგიტომაც ვწერთ მუსიკას და მოტივაცია არ გვაკლიაო. ვერაფერს იტყვი, ეს კაცი სადღაც მართალიცაა...

Pollard Berrier
Steve Harris
Rosko John
Darius Keeler
Dave Pen
Pollard Berrier & Danny Griffiths
Maria Q

ჰოდა, ასე... ცხოვრებაში მეორედ ვიყავი სტამბოლში, მეორედ ვიყავი სამოთხეში, მეორედ ავისრულე უდიდესი ოცნება და დავბრუნდი ბედკრულ, ნაცრისფერ და სველ საქართველოში იმის იმედით, რომ მომავალშიც კიდევ არაერთხელ მომეცემა იმავე ემოციების განცდის საშუალება.
ალბათ, კიდევ შეიძლება რამის დაწერა, მაგრამ საშინლად მეძინება და ბოლოსკენ ჩემი გადაღებული ვიდეო შემოგინახეთ: ქალბატონებო და ბატონებო, Finding It So Hard (FISH)!


I'm finding it so hard
To communicate with you
I'm finding it so hard
To show myself to you
Cause these feelings
Won't go away
God give me the strength
To get over this
So I won't keep my love in here