Wednesday, October 6, 2010

There's nobody here for me now...


If I
Was to walk away
From you my love
Could I laugh again?

სათაურის ნახვის შემდეგ თუ გაიფიქრეთ, რომ ამ პოსტის წაკითხვა არ ღირს, რადგან მორიგი დეპრესიული ნაჯღაბნი იქნება, გილოცავთ! თქვენ ნაწილობრივ მართალი ხართ! საერთოდაც, სრულიად არასაიდუმლოდ გეტყვით, რომ ამის დაწერას მთელი რიგი მიზეზებისდა გამო არ ვაპირებდი. რა საჭიროა, ყველას მოუყვე იმის შესახებ, რაც ბოლო დროს თავს გადაგხდა, რას გრძნობდი და რას გრძნობ, ან უბრალოდ რა საჭიროა, რომ ყველას მისცე უფლება, შენს პირად ცხოვრებაში ხშირად ბინძური, ხანდახან კი სუფთა ხელებიც კი აფათუროს?! თუმცა, როგორც ერთ-ერთი ბრძნული ქართული ანდაზა გვასწავლის: მარტო კაცი პოსტვაშიაც ცოდვააო... ამიტომაც, დაე სხვებმაც იცოდნენ! ზოგს გაეცინება, ზოგი დადარდიანდება, ალბათ, ისეთებიც იქნებიან, ვინც ამ გვერდის ჩახურვის შემდეგ გაიფიქრებს, ნეტა ამას შიგ არა ჰქონდესო. რას ვიზამთ, მაქვს და ვერსად ვმალავ.
ალბათ, უფრო მხატვრული პოსტი გამომივიდოდა, გარემოც რომ შესაბამისი მქონოდა: საბეჭდი მანქანა, ცხელი ჩაი (თუ ყავა სჯობს?!), პირში გაჩრილი ფილტრიანი "ასტრის" ბოლოსწინა ღერი, ქუჩაში წვიმა და ძველ რადიოდან წამოსული სასიამოვნო მუსიკის ჰანგები. სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან მხოლოდ რამდენიმე სრულდება, რადგან არც სიგარეტს ვეწევი და არც ყავას ვსვამ, ჩაის ჭიქა ცოტა ხნის წინ ჩავცალე, ხოლო საბეჭდი მანქანები დიდი ხნის წინ შეცვალა კომპიუტერმა და უფრო მოსახერხებელმა კლავიატურამ. სამაგიეროდ, მუდამ ჩვენთანაა თბილისის წვიმიანი ოქტომბერი და Ray LaMontagne-ს Empty. რთულად თუ მოიძებნება სხვა სიმღერა, რომელიც ამ გარემოსა და ამინდს ასე ლამაზად შეესაბამება. კინაღამ მთავარი დამავიწყდა: კომპიუტერთან სველი ვზივარ! იფიქრებთ ალბათ, ეს რაღა შუაში იყოო, მაგრამ პასუხი ძალზედ მარტივია - გენიალური აზრების უმეტესობა ან ტუალეტში მომდის, ანაც აბაზანაში და ახლაც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გახლდათ. ვინაიდან ამჯერად საპირფარეშომ მიმაუხთლა, ცხელ შხაპს ვთხოვე დახმარება და აი ისიც, მოვიდა. ბოლო დროს როდესაც მეკითხებოდნენ, რატომ აღარ წერ არაფერსო, ვპასუხობდი, მუზა წასულია და როდის დაბრუნდება, არავინ იცის-მეთქი, არც ახლა შეცვლილა რამე. როგორც ჩანს, ჩემი მუზა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ჩემთვის არ სცალია. რას გაუგებ, როდის მოვა და როდის წავა, მხოლოდ თვითონ უწყის.
შესავალი კიდევ უფრო რომ გავაგრძელო, ბარემ პირდაპირ საქმეზე გადავალ. ზუსტად ერთი წლის წინ გადავწყვიტე, რომ 2010 წლის აგვისტოში საკუთარი თავისთვის უდიდესი ოცნება ამესრულებინა და პრაღაში წავსულიყავი. სავარაუდოდ, მიზანს მივაღწევდი კიდევაც, რომ არა უფრო დიდი ოცნება, მომიტევეთ - ოცნებები! მაისში Anathema-ს კონცერტზე მოგზაურობის ამბავი კი გეცოდინებათ, სექტემბერში კი მეორედ აღმოვჩნდი სამოთხეში. Archive-ს სანახავად ისევ და ისევ სტამბოლში გამგზავრების იდეა არცთუ დიდი ხნის წინ დაიბადა, მეც დიდხანს არ მიფიქრია და უმალ მივიღე გადაწყვეტილება. გარდა იმისა, რომ, ჩემი მოკრძალებული აზრით, თანამედროვების ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის მოსმენის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, აუცილებლად მჭირდებოდა გარემოს შეცვლა, თორემ დეპრესიული განწყობის მორევი, რომელიც ნელ-ნელა მოექანებოდა ჩემკენ, საბოლოოდ წამლეკავდა. ხომ გაგიგიათ, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო! თავიდან მარტო ვაპირებდი დიდი თურქეთისკენ გამგზავრებას, ბილეთიც ვიყიდე საიტზე, ავტობუსში ადგილიც დავჯავშნე და გონებით უკვე ოსმალეთში ვიყავი, მაგრამ გეგმები მცირედით და სასიამოვნოდ შეიცვალა. ჯერ მაცაცომ (ისიც გეხსომებათ ანათემას პოსტიდან) თითქმის შეუძლებელი შეძლო და წამოსვლა მოახერხა, ხოლო შემდეგ ჩვენთან ერთად გამგზავრება თორნიკემ და ნათიამაც გადაწყვიტეს, რომლებმაც თბილისიდან გასვლიდან წინა დღეს თავიანთი მრავალწლიანი ურთიერთობის "ლეგალიზაცია" მოახდინეს და მთაწმინდის პატარა, კოხტა ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს.
საქართველოდან 26 სექტემბერს გავემგზავრეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, მგზავრობა დამღლელი გამოდგა, მაგრამ არა ისეთი, როგორც სამიოდე თვით ადრე იყო. თბილისიდან გასვლის შემდეგ დაახლოებით 25 საათი ვიმგზავრეთ, სანამ სტამბოლში შევიდოდით. შემდეგ იქ იყო სასტუმროს ძებნის ორსაათიანი პროცესი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, წარმატებით დასრულდა და გავჩერდით ისტიკლალთან ახლოს მდებარე პატარა Guest House-ში სახელად Buena Vista (http://www.buenavistahostel.com/ - მთლად ისეთი არაა, როგორც საიტზე აქვს აღწერილი, მაგრამ დღეში 20 ლირას კვალობაზე ნორმალური იყო). ჩასვლის დღესვე მე და მაცაცო იმ ადგილის საძებნელად გავეშურეთ, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო. სამწუხაროდ, ამჯერად ჩემმა ალღომ მიმტყუნა და ტაქსიმის მოედნიდან არასწორი მიმართულებით წავედით, მაგრამ, კიდევ კარგი, ერთი კეთილი ქალბატონი შეგვხვდა, რომელიც ინგლისურად ჩინებულად საუბრობდა და სწორ გზაზე დაგვაყენა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივადექით "ქუჩუქჩიფთლიკ პარკსაც" და სცენის აწყობის უნიკალურ მოვლენასაც დავესწარით.
სანამ უშუალოდ კონცერტის დეტალების მოყოლაზე გადავალ, სხვა თემებზე დავწერ. სტამბოლიდან 30 სექტემბერს საღამოს წამოვედით და ამ დროს განმავლობაში თითქმის მთელი ქალაქი ფეხით მოვიარეთ. ვნახეთ ყველაფერი, რისი ნახვაც შეიძლებოდა, ტოპკაპის სასახლით დაწყებული, გალათათი გაგრძელებული და ბეშიქთაშის სტადიონით დამთავრებული. დავლიეთ და ვჭამეთ ასევე თითქმის ყველაფერი, რისი დალევა/ჭამაც შეიძლებოდა და Grand Bazaar-ში ქობულეთელი რამაზაც კი გავიცანით, რომელსაც იქვე თავისი მოკრძალებული კაფე ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა გახლდათ, როდესაც უცხო ქართველის დანახვა გაგვიხარდა, რადგან საკმაოდ თავაზიანი კაცი აღმოჩნდა და რაღაც-რაღაცებში დაგვეხმარა. გარდა ამისა, საღამოობით ჩვენი ჰოსტელის გვერდზე მდებარე ქუჩაზე ვისხედით, ჩაის ვწრუპავდით, ზოგზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩილიმსაც ეწევოდნენ და შიგადაშიგ პაპიროსსაც უსინჯავდნენ გემოს. რაც მთავარია, იმართებოდა ნარდის მცირე ტურნირები, სადაც ჩემი დაუმარცხებლობის მითი გოგოებმა ფეხქვეშ გაიგდეს და ისე გათელეს, რომ ამ თამაშისკენ გახედვა კიდევ საკმაო ხანი აღარ მომინდება. ისევ სჯობს, ინტერნეტში უცხოელებთან ვივარჯიშო და რევანშისთვის მოვემზადო. ერთადერთი, ვისაც ვუგებდი, თორნიკე იყო, რადგან ნარდის გარტყმაში არაა. უი, ამ დაწესებულების მფლობელი ვინმე ალი იყო, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საკმაოდ გულთბილად გვესალმებოდა და გვეჭუკჭუკებოდა ხოლმე. არ ვიცი, ჩვენ მოვეწონეთ ასე ძალიან თუ მათემატიკა არ იცოდა, მაგრამ ანგარიშის დათვლისას ყოველთვის გვიკლებდა ხოლმე და ნაკლებს გვახდევინებდა. მინდა, მომენტით ვისარგებლო და ამისთვის მას მადლობა გადავუხადო! რაც შეეხება ჰოსტელს, ჭიჭყინა ბერიკაცს თუ არ ჩავთვლით, რომელიც მფლობელი იყო და იქ იშვიათად ჩნდებოდა, საკმაოდ მყუდრო ადგილი გახლდათ, უცხოელი გოგო-ბიჭების სავსე. განსაკუთრებით პოლონელი გოგონები სჭარბობდნენ, რომლებთან გამოლაპარაკება მხოლოდ და მხოლოდ ბოლო დღეს მოვახერხე. მანამდე ჩვენი "ურთიერთობა" მარტო აბაზანაში შესვლა-გამოსვლისას ჩახითხითებით შემოიფარგლებოდა: ორივენი პირსახოცშემოხვეულები ვიყავით და უფრო ხანგრძლივი დიალოგისთვის არცერთ არ გვეცალა.
და აი, დადგა კონცერტის ნანატრი დღეც, 28 სექტემბრის თბილი საღამო. დანიშნულების ადგილას საათ-ნახევრით ადრე მივედით, რომ არაფერი გამოგვპარვოდა და რიგში პირველები ვყოფილიყავით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ მასეც მოხდა. იქვე მდგომ ჯიხურში ბიჭს ცოტა ტვინი ვუბურღე და კონცერტის აფიშებიც გამოვართვი, პარკის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ კი პირდაპირ სცენის წინ დავიკავეთ ადგილები, იქ, სადაც ვოკალისტები უნდა მდგარიყვნენ. სანამ უშუალოდ ინგლისელები გამოვიდოდნენ, მაყურებლის "გახურებაზე" თურქულმა ჯგუფმა იზრუნა. უნდა აღინიშნოს, რომ დუეტმა Post Dial, რომელიც Electro-Indie-ს უკრავს, დაკისრებულ მოვალეობას თავი ჩინებულად გაართვა და რამდენჯერმე აპლოდისმენტებიც კი მოსწყვიტა დამსწრეთ. საბოლოოდ, დადგა 9 საათი და 30 წუთი და დაიწყო ის, რისთვისაც დაახლოებით 1500 კილომეტრი გავიარეთ. სიმართლე გითხრათ, კონცერტის რამდენიმე მონაკვეთი ბუნდოვნად მახსოვს. არა, მთვრალი არ ვყოფილვარ! უფრო მეტიც, მინერალური წყლის გარდა არაფერი დამილევია, მაგრამ სცენიდან იმხელა მუხტი მოდიოდა, ერთ ადგილას გაჩერება მიჭირდა. ხან თავს ვაქნევდი, ხანს ხელებს, ხან ფეხებს, ხან მთლიანად ვქანაობდი ერთ ადგილას საყვარელი სიმღერების მელოდიების თანხლებით. ერთადერთი, რაც ნათლად მახსოვს, ის იყო, რომ Rosko John-ს დავუძახე და მანაც გამომხედა და გამიღიმა.
ჯგუფმა ფაქტირად ყველა ის სიმღერა დაუკრა, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, მაგრამ დრო გადიოდა და მათი გამორჩეული, ჩემთვის ნომერ პირველი კომპოზიცია Again არ სრულდებოდა. იმითაც კი ვიმუქრებოდი, რომ თუ არ დაუკრავდნენ, სცენაზე ავვარდებოდი და ძალით დავაკვრევინებდი, მაგრამ ამის გაკეთება აღარ მომიხდა - სეტლისტში ბოლოს სწორედ Again გახლდათ, თანაც სრული, 18-წუთიანი ვერსია!



მთავარი მოვლენები კი კონცერტის შემდეგ განვითარდა. ორგანიზატორები გავიცანი და ჯგუფის წევრებთან შეხვედრა ვთხოვა, რაზეც დიდი სიამოვნებით დამთანხმდნენ. დაახლოებით 10-15 წუთიანი ლოდინის მერე შეგვიყვანეს სცენის გვერდზე შემოღობილ ტერიტორიაზე და იმ ადამიანებთან ვიღებდით სურათებს და ვსაუბრობდით, რომელთა არა მხოლოდ ცოცხლად ნახვა, არამედ შეხებაც კი რამდენიმე თვის წინ ოცნება იყო! ყველაფერმა იმაზე გაცილებით უკეთესად ჩაიარა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჯგუფის ცხრავე წევრი არ გვინახავს, მაგრამ პირადად მე ბილეთზე ექვსი მათგანის ავტოგრაფი დამრჩა. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ძალიან გაუკვირდათ, როდესაც გაიგეს, რომ მათ სანახავად საქართველოდან ვიყავით ჩასულები და მადლობები გვიხადეს, შემდეგ თვითონაც გვიღებდნენ სურათებს და იქვე ახლომახლო მდგომ ჯგუფის სხვა წევრებს უყვებოდნენ ჩვენი "გმირობის" შესახებ. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური როსკოსთან შეხვედრა იყო, რომელმაც კონცერტიდან მიცნო, თვითონ მოვიდა და გადამეხვია, ხოლო მაცაცო Dave Pen-თან საუბარს და ჩახუტებას ასე მარტივად თუ გადაიტანდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ასევე სასიამოვნოდ გამაკვირვა Pollard Berrier-მა, ვინც მანამდე მაინც და მაინც დიდად არ მეხატებოდა გულზე. რატომღაც ეს ადამიანი ყოველთვის ქედმარალი და ცხვირაბზეკილი მეგონა, მაგრამ პირიქით კი აღმოჩნდა - ჯგუფის წევრებს შორის ყველაზე ჩუმი და მორიდებულია. სწორედ მან მითხრა, თქვენნაირი თაყვანისმცემლების შესახებ რომ ვიგებთ, მაგიტომაც ვწერთ მუსიკას და მოტივაცია არ გვაკლიაო. ვერაფერს იტყვი, ეს კაცი სადღაც მართალიცაა...

Pollard Berrier
Steve Harris
Rosko John
Darius Keeler
Dave Pen
Pollard Berrier & Danny Griffiths
Maria Q

ჰოდა, ასე... ცხოვრებაში მეორედ ვიყავი სტამბოლში, მეორედ ვიყავი სამოთხეში, მეორედ ავისრულე უდიდესი ოცნება და დავბრუნდი ბედკრულ, ნაცრისფერ და სველ საქართველოში იმის იმედით, რომ მომავალშიც კიდევ არაერთხელ მომეცემა იმავე ემოციების განცდის საშუალება.
ალბათ, კიდევ შეიძლება რამის დაწერა, მაგრამ საშინლად მეძინება და ბოლოსკენ ჩემი გადაღებული ვიდეო შემოგინახეთ: ქალბატონებო და ბატონებო, Finding It So Hard (FISH)!


I'm finding it so hard
To communicate with you
I'm finding it so hard
To show myself to you
Cause these feelings
Won't go away
God give me the strength
To get over this
So I won't keep my love in here

Sunday, May 23, 2010

And All That I Know Is I Love You...

...Yes, I Love You


არიან ჯგუფები და შემსრულებლები, რომლებსაც ვუსმენთ
; არიან ჯგუფები და შემსრულებლები, რომლებიც მოგვწონს; არიან ჯგუფები და შემსრულებლები, რომლებიც გვიყვარს და არიან ჯგუფები და შემსრულებლები, რომლებსაც იმდენად იმდენად ვეჩვევით, რომ მათ ნარკოტიკის ეფექტი აქვთ. რაც უფრო მეტს ვუსმენთ, მით უფრო მეტი გვინდა, მათ გარეშე ერთი დღე, საათი, წუთი და წამიც კი წარმოუდგენელია. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ახლა ისევ და ისევ ანათემაზე ვაპირებ წერას. მართალია, ამ ჯგუფზე სალაპარაკო და საწერი თემა არასდროს გამომელევა და თუ დავიწყე, ერთი ცალკე ბლოგი მაინც უნდა მივუძღვნა, მაგრამ ჩემი სიზარმაცის ამბავი რომ ვიცი, პირველი ორი პოსტის მერე თავს დავანებებ, რაც გულს ძლიერ დამწყვეტს. დიდხანს ვფიქრობდი, კონკრეტულად რაზე შეიძლება დავწერო ისეთზე, რომ ძალიანაც არ გამიგრძელდეს და თან უცბად გაჩენილი წერის მოთხოვნილება დამიკმაყოფილოს. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ერთ დასკვნამდე მივედი: საუკეთესო თემა ანათემას ახალი ალბომი იქნება, რომელიც 2010 წლის 31 მაისს ოფიციალურად გამოდის, მაგრამ კრებულში შესული 10 სიმღერიდან 6 უკვე ისედაც ვიცი...
ზოგი ამ ალბომს 7 წელი ელოდა, ზოგმა მხოლოდ ახლაღა გაიგო საერთოდ ამ ჯგუფის არსებობის შესახებ და არც ის იცის, აპირებენ თუ არა რამის გამოშვებას, მე კი დაახლოებით 4-5 წელია მოლოდინის რეჟიმში ვარ გადასული და აი, ისიც! სათაურიც როგორი შეურჩევიათ: We're Here Because We're Here. მართალია, ბევრს არ მოეწონა (ვაღიარებ, თავიდან არც მე მომხიბლა მაინც და მაინც), მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ეს სწორედ ისაა, რაც უნდა ყოფილიყო! ისინი არც არასდროს წასულან სადმე და ახლაც ჩვენს გვერდზე არიან, შეგვახსენეს თავი, კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ მუდამ ჩვენს გვერდზე არიან და ნებისმიერ მომენტში, როდესაც თავს მარტოსულად ვიგრძნობთ, უხასიათოდ ვიქნებით ან რაიმე მოულოდნელი ამბავი გაგვახარებს, მზად იქნებიან, თავიანთი ულამაზესი მუსიკითა და ხმებით დახმარების "ხელი" (ან რაიმე სხვა) გამოგვიწოდონ. ერთხელ ბადი გაიმ თქვა: "Блюз – это то, что делает тебя счастливым, когда ты хочешь смеяться, и заставляет плакать, если ты печален, потому что мы говорим о жизни..." მართალია, ეს სიტყვები ბლუზზეა ნათქვამი, მაგრამ ზუსტად იმავეს განმეორება ანათემასთან მიმართებაშიც შემიძლია და დარწმუნებული ვარ, შეცდომად არავინ ჩამითვლის.
რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, ალბომის ყდაც: ესეც სწორედ ისაა, რაც უნდა იყოს! საერთოდ, ამ ჯგუფის ერთ-ერთი გენიალური თვისება არის ის, რომ ყოველი ალბომის გარეკანი ზუსტად ასახავს იმ განწყობასა და შინაარსს, აზრსა და განწყობას, რაც მასში შესულ სიმღერებში დევს.


ასე იყო აქამდე და ალბათ, ასე იქნება მომავალშიც. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ემოციური Judgement-ის, მელანქოლიური A Fine Day To Exit-ის ან თუნდაც დეპრესიული A Natural Disaster-ის გახსენებაც. თუმცა, წინა ალბომებისგან განსხვავებით, ამჯერად ნაკლებია შავ-ბნელი ფერები, ნაკლებია ცრემლი. სამაგიეროდ, იგრძნობა სიყვარული და იმედი, სიმღერებში ბევრი ცვლილებაა შესული. როდესაც ვინსენტს ერთ-ერთი ჰოლანდირუი მუსიკალური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში წამყვანმა ჯგუფის მუსიკის დახასიათება სთხოვა, ანათემას ვოკალისტი ჩაფიქრდა, ჯერ მარცხნივ გაიხედა, შემდეგ მარჯვნივ, ბოლოს თავს ზემოთ მფრინავ რამდენიმე ბუზს მოჰკრა თვალი და საბოლოოდ ასეთი პასუხი გასცა: "Multi-dimensional". მართლაც, ამ ალბომში საკმარისადაა გიტარის მძიმე რიფები, ისევე, როგორც ელექტრონიკა, დრამის ლამაზი გადასვლები, რასაკვირველია, პიანოც, რომელიც არაჩვეულებრივ, არაამქვეყნიურ განწყობას ქმნის. რაც ყველაზე მთავარია, უფრო მეტ სიმღერაში ჩნდება ლი და თავისი ულამაზესი ხმით ტკბობის საშუალებას გვაძლევს. მართალია, ჩვენი ქერა ქალბატონი წინა პლანზე იშვიათად ჩნდება და ძირითადად, ბექ-ვოკალით უწევს დაკმაყოფილება, მაგრამ ჩემნაირი "კერპთაყვანისმცემლისთვის" ესეც სავსებით საკმარისია.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაღა თქმა უნდა, სიმღერებია:
  1. "Thin Air" – 5:59
  2. "Summernight Horizon" – 4:12
  3. "Dreaming Light" – 5:47
  4. "Everything" – 5:05
  5. "Angels Walk Among Us" – 5:17
  6. "Presence" – 2:58
  7. "A Simple Mistake" – 8:14
  8. "Get Off, Get Out" – 5:01
  9. "Universal" – 7:19
  10. "Hindsight" – 8:10

ამ სიიდან ერთი სიმღერის გამორჩევა ძალიან რთულია, ყველა თავისებურად საოცარია და შეუძლებელია რომელიმეზე თქვა, დანარჩენებს ჩამოუვარდებაო... Angels Walk Among Us ანათემამ საკუთარ საიტზე დაახლოებით ორი წლის წინ დადო, მაგრამ, როგორც ვიცი, ალბომში ცოტა სახეშეცვლილი ვერსია შევიდა: კერძოდ, ძველი სიმღერა ორ ნაწილად გაიყო და მეორე ნაწილს Presence დაერქვა. უფრო ადრე გახდა ცნობილი Everything და A Simple Mistake. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი ჰიტი, ალბათ, მაინც Thin Air არის, რომლითაც ჯგუფის მიერ ბოლოს დროს ჩატარებული კონცერტების 90% იხსნება. ისევე, როგორც Everything-ში, აქაც გამოკვეთილია სიყვარულის თემატიკა და ჩემ მიერ ამ პოსტის სათაურში მოყვანილი ფრაზაც ამის ნათელი დასტურია. თუმცა, ანათემა რის ანათემა იქნებოდა, შიგადაშიგ, სტრიქონებს შორის, მცირე დოზით, მაგრამ მაინც მელანქოლია რომ არ ჩაექსოვა.

You know how it feels but... is it all in your mind?
When you know how it feels to be pushed and pulled through your life

And sometimes it seems like there is life in your eyes

And all that i know is I Love You


Yes I Love You


And it feels like we're already flying

But the air is too thin and we're dying
The clouds all around take us higher

The world far below is on fire

I hold out my hand just to touch you

And all that i know is i love you

A vision a promise of heaven

A reason for being forever


ამ მუსიკის ერთხელ მოსმენით აღქმნა და ამით დაკმაყოფილება შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთსაათიანი პლეილისტი ისე ჩაივლის, თითქოს სულ რაღაც ორი წამი გავიდა, სხეულს, გულსა და გონებას სიმღერების ცალცალკე მოსმენის აუცილებლობა გაუჩნდება და უცებ, სამი კვირის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ბოლო 21 დღის განმავლობაში ვინამპში მხოლოდ ერთი სიმღერა გაქვთ ჩაგდებული, რომელსაც დღე და ღამ ატრიალებთ და ეს დისკომფორტს სულაც არ გიქმნით. პირიქით, როგორც შესავალში აღვნიშნე, ნარკოტიკული დამოკიდებულებაც კი გაგიჩნდათ და უკვე ქუჩაში, სამსახურისკენ, სასწავლებლისა ანდა სახლისკენ გამგზავრებისასაც გინდათ მისი მოსმენა. გარდა ამისა, გრძნობთ, რომ განწყობაც გიუმჯობესდებათ, გარშემო ყველას უღიმით და სიყვარულის ხასიათზე დგებით. ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს საყვარელი გვერდზე, ძალიან ახლოს გიზით, მის სუნს გრძნობთ, რომელიც გვიანი გაზაფხულის მზის სხივებისა და ყვავილების სუნის ნაზავს წააგავს რაღაცით, ასევე დაჰყურებთ მის ულამაზეს კისერს და სათუთად, ნელი მოძრაობით ეფერებით და ხვდებით, რომ ეს არა მხოლოდ მას, არამედ თქვენც უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, იმუხტებით იმ ენერგიით, რომელზეც ვინსენტი და ლი Everything-ში მღერიან...

I...

chose...

love...

cos everything is energy and energy is you...


მოკლედ, კიდევ ბევრი რომ აღარ ვწერო, მოუთმენლად ველი ახალ ალბომს (და, რასაკვირველია, ანათემას თურქეთში დაბრუნებას უახლოეს მომავალში)...

Breathed in truth, love, serene, sailed on OCEANS OF BELIEF
Searched and found life inside, we're not just a moment in time...


Monday, May 10, 2010

სტამბული - ქალაქი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა

და ერთი დღე, რომელიც მთელს ცხოვრებას უდრიდა...

რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, რომ კარგა ხნის განმავლობაში ბლოგზე აღარაფერს დავწერდი, რადგან ისეთი არაფერი ხდებოდა, რისი აღნიშვნაც და რაზეც ყურადღებიც გამახვილება შეიძლებოდა, თუმცა... ბოლომდე გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ თავიდან არც ამის აღწერას ვაპირებდი, რადგან ვისაც მართლა აინტერესებდა და ვისაც გულით უნდოდა ყველაფრის გაგება, ჩემს გვერდზე იყო და თავად ნახა, მაგრამ მიცემულ პირობას ვერ დავარღვევ და მომხდარს თანმიმდევრულად მივყვები. უბრალოდ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზუსტი სიტყვების პოვნა გამიჭირდება, რადგან მსოფლიოს არცერთ ენაზე არ მოგონილა ჯერ ის ფრაზები და გამონათქვამები, რომლებიც ჩვენს განცდებს და ემოციებს გადმოსცემს.

ყველაფერი კი დაახლოებით ორი ან შეიძლება თვე-ნახევრის წინ დაიწყო, როდესაც შემთხვევით (ეს ნამდვილად არ მეპატიება) გავიგე, რომ ჩემი ანათემა ახალი ალბომის გამოშვებას 31 მაისს აპირებს და ჯიგრებს უკვე ალბომის ყდა და სათაურიც შერჩეული აქვთ. საერთოდ, მათ საიტზე იშვიათად შევდივარ ხოლმე, ვინაიდან თვითონაც იშვიათად აახლებენ, მაგრამ ამჯერად რაღაც ზებუნებრივი ძალების დახმარებითა და კარნახით მაინც შევედი ვებ-გვერდზე და რას ხედავენ ჩემი თვალები: მაისის დასაწყისში ანათემა ახალი ალბომის მხარდამჭერ ტურნეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ატარებს და რამდენიმე კონცერტი თურქეთის სხვადასხვა ქალაქებშიც აქვს დაგეგმილი. ალბათ, ეს სწორედ ის იყო, რასაც მთელი ცხოვრება ველოდი! დიდი ხანია სულ იმას ვიმეორებ, ნეტა სადმე ახლოს ჩამოსულიყვნენ, რომ მათი ნახვის თეორიული შანსი მაინც მქონდა და აი ისიც! ჩემს გარშემო, ფორუმებზე, სოც.ქსელებში ვისაც თუნდაც ერთხელ მოუსმენია ანათემასთვის, ყველას გავაგებინე ეს ამბავი. მეგონა, რომ მათაც ჩემსავით გაუხარდებოდათ, სიხარულისგან წამოხტებოდნენ სკამიდან და ბარგის ჩალაგებას დაიწყებდნენ ან მინიმუმ იმაზე იფიქრებდნენ, ნეტა საჭირო რაოდენობის თანხა საიდან შევაგროვოო, თუმცა მწარედ შევცდი. ამ ინგლისური ჯგუფის ჩემსავით თავგადაკლული თაყვანისმცემელი მხოლოდ სამი აღმოჩნდა: თამუნა - როგორც თვითონ თქვა, Porcupine Tree-სა და პირადად მისტერ სტივენ უილსონის პირადი მემატიანე, ვისაც ანათემა ჩემზე არანაკლებ უყვარს; მაცაცო - ფორუმსა და ლასტ.ფმ-ზე ხშირად მასმენინებდა ხოლმე კარგ რაღაცებს, საინტერესო ლინკებსაც მიგზავნიდა, მაგრამ რომ არა ანათემას კონცერტი, მისი გაცნობის ბედნიერება არ მხვდებოდა წილად და ბატონი ელდარი - ალბათ, ბედია, რომ ეს ადამიანი ორი წლის წინ კინოს სახლში სწორედ ანათემას კონცერტის, Were You There-ს ჩვენებაზე გავიცანი. სტამბულში წასვლამდე ერთმანეთს სულ რამდენჯერმე შევხვდით, მგზავრობის საკითხებს ვარკვევდით, ფულს ვაგროვებდით, წინასწარ ვგეგმავდით თითოეულ დეტალს. როგორც ამბობენ, წასვლის იდეა ჩემგან მოდის, მაგრამ რომ არა ეს ადამიანები და კერძოდ, თამუნა, რომელმაც თითქმის ყველაფერი მარტომ გააკეთა, სავარაუდოდ, იდეა მხოლოდ და მხოლოდ იდეადვე დარჩებოდა. კონცერტის და ავტობუსის ბილეთები წინასწარ დავჯავშნეთ. ვიცოდით, რომ მგზავრობას 26 საათის სჭირდებოდა და სცენის წინ მოგვიწევდა ჯდომა, მაგრამ ეს მარტო ვარაუდები იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მაღლივში ერთი გამოცდის გაცდენა მომიხდა და დიდი შანსია, რამდენიმე საგანი შემეტენოს; ავტობუსში 27 საათი ვიჯექი და სკამის ფორმა მივიღე; სტამბულამდე სულ რამდენიმე წუთი მეძინა და ძალიანაც რომ მდომოდა უფრო დიდი ხნით ჩათვლემა, მაინც ვერ მოვახერხებდი, საერთოდ არაფერზე ვნანობ! პირიქით, ელდარის თქმის არ იყოს, ეს ერთი დღე მთელს ცხოვრებად ღირდა - 2010 წლის 7 მაისს თითოეული ჩვენგანი თავიდან დაიბადა და დარწმუნებული ვარ, ამიერიდან ყოველი წლის ამ დღეს მეორედ დაბადებას ერთად აღვნიშნავთ.
სტამბულში ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვხვდებოდი, რომ ქალაქი, სადაც 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ერთ დროს უძლეველი ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იყო და ახლა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად ითვლება, პატარა და უბრალო ვერ იქნებოდა, მაგრამ... ნამდვილად არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ სამოთხეში ვიყავით. შესაძლოა, ანათემას კონცერტმა გრძნობები გაგვიმძაფრა, თუმცა, ესეც რომ არა, იქ ნანახით ნაკლებად მოხიბლული უბრალოდ ვერ ვიქნებოდი. თამუნას სტამბულში მოგზაურობის გამოცდილება ჰქონდა, ამიტომაც სწორედ ის გვხელმძღვანელობდა. ჩასვლისთანავე სულთანაჰმედის უბანს მივაშურეთ და მოკრძალებული სასტუმროს ძებნა დავიწყეთ, სადაც ერთი ღამით დარჩენას მოვახერხებდით. აქ ჩემი ძირძველი ნიჭიც გავიხსენე, ტვინი ვბურღე, ვივაჭრე და სადაც კი შესაძლებელი იყო, ყველგან ფასების დაკლებას ვთხოვდი. ალბათ, სასტუმროს მიმღებში ბიჭს იმდენად გავუბურღე ტვინი, რომ ოღონდაც თავი დამენებებინა, დათანხმდა კიდევაც ჩვენს წინადადებას. ნომერში შესვლა და პირველი კურიოზის მოხდენა ერთი იყო: კი დავეჭვდი თავიდანვე, ტელევიზორი აბაზანის კარებთან ძალიან ახლოს რომ ეკიდა, მაგრამ მაინც და მაინც დიდი ყურადღება ამისთვის არ მიმიქცევია. სამაგიეროდ, მიაქცია თამუნამ. უფრო სწორედ, მიექცია, რადგან აბაზანიდან გამოსვლისას კარის გარება ცოტა ძლიერად მოუვიდა და დაახლოებით ორი მეტრიდან ტელევიზორი ნარნარად ჩამოაგდო მართალია, გზად ტელევიზორმა ელდარის ფეხიც მოიყოლა, მაგრამ ამით მაინც არაფერი ეშველა. ერთადერთი, რამაც ცოტა დაგვაწყნარა, ის იყო, რომ ეკრანს არაფერი მოუვიდა, სამაგიეროდ, ხმებით თუ ვიმსჯელებდით, შიგნით ყველაფერი დამსხვრეული გახლდათ. თუმცა, საბედნიეროდ, მომსახურე პერსონალმა ეს ვერ შეამჩნია და ფული არ გადაგვახდევინეს შემდეგ იყო ქალაქში სეირნობა, აია სოფიასა და ცისფერი მეჩეთის მონახულება, ემინონუს სადგურზე ბოდიალი და საჭირო ავტობუსის ძებნა, ტრამვაით სეირნობა და შაურმის დაგემოვნება. სანამ საკონცერტო დარბაზს, Refresh The Venue-ს ვიპოვიდით, ბევრი ვიბოდიალეთ და დაახლოებით 4 ტრანსპორტი გამოვიცვალეთ. განსაკუთრებით მეტრო მომეწონა, სადაც, თბილისისგან განსხვავებით, არც სუნი იდგა და არც რეკლამები იყო გამოკრული ყოველ 5 სანტიმეტრში. ჩვენი ძვირფასი ყურადღება ასევე ჟენოტებისა და სასმელების ავტომატმა მიიქცია, რომლებიც გარდა იმისა, რომ ეფექტურად მუშაობდნენ, ხურდასაც კი აბრუნებდნენ! საბოლოოდ, საათ-ნახევრიანი ბოდიალისა და თავგადასავლების შემდეგ მიზანს მაინც მივაღწიეთ.
აქ დაიწყო ის, რასაც ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ხანი ველოდით. თავიდან ჩვენი დამსახურებული აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბილეტიქსის წარმომადგენლებმა ჩვენთვის ბილეთების დაბეჭდვა ვერ მოასწრეს, შესასვლელთან რიგი კი ნელ-ნელა სულ უფრო იზრდებოდა და იზრდებოდა... თუმცა, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც შემთხვევით მუსიკას დავუგდე ყური და მივხვდი, რომ ეს ანათემას რეპეტიცია იყო ამის შემდეგ საკუთარ ქმედებებზე პასუხს აღარ ვაგებდით. ქუჩაშივე ვმღეროდით, ვცეკვავდით და ვინ იცის, კიდევ რას ვაკეთებდით, გარშემო მყოფები კი ისე გვიყურებდნენ, თითქოს გიჟები ვყოფილიყავით. სიმართლე ითქვას, გაგიჟებას ბევრი არც გვაკლდა! სანამ კუთვნილ ბილეთებს ველოდებოდით, გავიცანით ანათემას რუმინელი და ბულგარელი ფანები, რომლებიც მესამედ-მეოთხედ-მეხუთედ აპირებდნენ ამ ჯგუფის კონცერტის ნახვას. ჩვენ კი ასეთი ბედნიერება პირველად გვხვდებოდა წილად და რაც უფრო ახლოვდებოდა დაწყების დრო, გულისცემაც თანდათანობით გვიჩქარდებოდა. საბოლოოდ, როგორც იქნა, შევაღწიეთ მშვიდობიანად, პირდაპირ სცენის წინ, პირველ რიგში ადგილები დავიკავეთ და დაიწყო თავდავიწყება.
დენი როცა გამოჩნდა სცენაზე, ტაშისგან ხელები ამიწითლდა, სიხარულისგან თვალთ დამიბნელდა, ყვირილისგან ყელი მეტკინა. თურმე, ე.წ. "რაზაგრევზე" რაღაც თურქული ჯგუფი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მოსვლა ვერ მოახერხეს, ამიტომაც ჩვენი გართობა საკუთარ თავზე უფროსმა ძმამ აიღო და აკუსტიკური მინი-კონცერტი შემოგვთავაზა. მართლაც გენიალური ადამიანია! საკუთარი სიმღერების გარდა, პინკ ფლოიდის, ლედ ზეპელინისა და აირონ მეიდენის შესანიშნავი ქავერ ვერსიები დაგვიკრა. დენის გამოსვლის დროს შემთხვევით შევამჩნიეთ, რომ მეორე სართულიდან დარბაზს ვინსენტი დაჰყურებდა და პატარა გოგოებმა წიკვინი ატეხეს, ვინი, ვინიო, თუმცა ამ უკანასკნელმა ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიიდო და ანიშნა, რომ ჩემს ძმას ხელს ნუ უშლითო. საერთოდაც, როგორც ჩანს, ძმებს შორის საოცარი ურთიერთობა და სიყვარულია. უბრალოდ, უნდა გენახათ, როგორ ქომაგობდნენ, ყოველი გამოსვლის მერე წარმატებას ულოცავდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს.

დენის დაახლოებით ნახევარსაათიანი გამოსვლისა და რამდენიმეწუთიანი შესვენების მერე მთლიანად ანათემას ჯერიც დადგა. როგორც რეპეტიციიდან გამოჩნდა, ბიჭები ნამდვილად აპირებდნენ Deep-ის შესრულებას, მაგრამ ეს თუ იქნებოდა პირველივე, ვერავინ წარმოვიდგენდით.

ამას მოჰყვა სხვა ცნობილი სიმღერებიც. მგონი, Pressure-ის გარდა, ყველა ცნობილი სიმღერა შეასრულეს. ზუსტი სეტლისტი არცერთს აღარ გვახსოვს, მაგრამ, როგორც მაცაცომ დაწერა, დაახლოებით ესენი იყო (თუმცა, ორივეს გვეცოტავება თვალში და ალბათ, დროთა განმავლობაში კიდევ გავიხსენებთ და დავამატებთ):

Deep
Pitiless
Forgotten Hopes
Destiny Is Dead
Thin Air
Dreaming Light
A Simple Mistake
One Last Goodbye
Judgement
Everything
Empty
Lost Control
Inner Silence
Angelica
Closer
Panic
Angels Walk Among Us
Presence
A Natural Disaster
Flying
Universal
Sleepless
Dying Wish
Shroud Of False
Fragile Dreams

საინტერესოა, რომ ამ სიმღერების უმეტესობა ბიჭებმა ბისზე შეასრულეს, რაც დიდწილად მაყურებლის დამსახურებაა. თურქებს მართლაც საოცარი პუბლიკა ჰქონიათ: თითქმის ყველა სიმღერა ზეპირად იცოდნენ, ტაშის დაკვრაც არ ეთაკილებოდათ და სადაც საჭირო იყო, თავებსაც შეუჩერებლივ აქნევდნენ და ხტუნაობდნენ. სწორედ ამის დამსახურებაცაა, რომ ცნობილი ჯგუფები ყოველწლიურად ჩადიან სტამბულში კონცერტებსა და ფესტივალებზე და ამ მხრივ, არც ანათემაა გამონაკლისი. პირადად მე ორჯერ დავიყვირე სიმღერის სახელი (Angelica & A Natural Disaster) და მათაც გული არ დამწყვიტეს, ორივე დაუკრეს


კონცერტის დასრულებას Shroud Of False-ით აპირებდნენ, მაგრამ სიმღერის ბოლოს შეეშალათ და ბონუსად Fragile Dreams მიაყოლეს, რითაც მთელი დარბაზი აღფრთოვანებაში მოიყვანეს. გამოსვლის დასრულების შემდეგ, როდესაც მაყურებლების უმეტესობა უკვე წასული იყო, მოულოდნელად, დენი გამოვარდა და ავტოგრაფების დარიგება დაიწყო. ბუნებრივია, ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით და უფროს ძმას ბილეთებსა და ალბომებზე ხელი მოვაწერინეთ. გარდა ამისა, წინ გავიჭერი და დენის ხელი ჩამოვართვი, თან თამუნამ და მე ვუთხარით, რომ მათ მოსასმენად საქართველოდან ვიყავით ჩასულები და 27 საათი გზაში გავატარეთ, რისთვისაც კავენო-უფროსმა გულითადი მადლობა გადაგვიხადა.

დენი: უბუნჩულესი, უსაყვარლესი, უწყნარესი და რაც ყველაზე მთავარია, უნიჭიერესი მუსიკოსი! მის შინაგან სამყაროსა და თვისებებზე მხოლოდ მისი ხმაც კი ნათლად მეტყველებს!
ვინსენტი: ნამდვილი გიჟი! სცენაზე მისი თითოეული მოძრაობა საოცარია, ხმა კი განუმეორებელი! Thin Air ისე იმღერა, მაცაცო თბილისში ჩამოსვლამდე სულ მაგაზე ლაპარაკობდა. აღარაფერს ვამბობ კონცერტის ბოლოს შესრულებულ საოცარ ცეკვაზე (დენისთან ერთად), ძალიან ბევრი ვიცინეთ.
ჯეიმი: ჩვენი ბებერი! მართალია, ეს და ვინსენტი ტყუპები არიან, მაგრამ ჯეიმი სახეზე აშკარად უფრო დაბერებული ჩანს, თან ცოტა მოსუქებულიცაა. როგორც ამბობენ, ყველა ბასისტი ჩმორია. ერთ-ერთ მომენტში ჯეიმიმ არასწორად დაუკრა და ვინიმ ისე ალმაცერად შეხედა, სახლში რომ ყოფილიყვნენ, უეჭველი თავში წამოარტყამდა.
ლესი: ეს კაცი არ ჩანს, სულ სიბნელეში დგას, მაგრამ რომ არა მისი საოცარი სინთეზატორი და თითები, ანათემას მუსიკას მისტიკურობა და სილამაზე აშკარად მოაკლდებოდა. საინტერესოა, რომ ლესი ერთადერთია, რომელსაც ჯგუფში და-ძმა არ ჰყავს (), მაგრამ დანარჩენ დედმამიშვილებს უსიტყვოდ უგებს. ვინიმ გაიხუმრა კიდევაც, ლესი სეტლისტში არ იხედება ხოლმეო...
ჯონი: ესეც მოსუქებული მეჩვენა, თან ამჯერად თავისი თილისმა, სათამაშო ძაღლი არ მოუტანია. მიუხედავად ამისა, თავისი საქმე ხუთიანზე იცის და აკეთებს კიდევაც.
ლი: ამ ქალზე დიდი ხანია ვჭედავ! ძალიან ლამაზი, ხავერდოვანი ხმა აქვს და მიხარია, რომ ახალ ალბომში უფრო მეტ სიმღერაში მღერის, ვიდრე აქამდე. მისი და ვინსენტის ხმები ერთმანეთს საოცრად უხდება. ავტობუსში ისიც კი ვთქვი, ლისა და ანეკესნაირი ქალები საქართველოში რომ იყვნენ, დაუფიქრებლად ვთხოვდი ცოლობას!
მათი ყოველი სიმღერა, თითოეული აკორდი თუ ბგერა ზღაპრული იყო, გულის სიღრმეში გვწვდებოდა და იქ მიმალულ ყველაზე სათუთ და ხელშეუხებელ გრძნობებსა და ემოციებს აღვიძებდა. ისინი მღერიან იმაზე, რაც ყველას აწუხებს, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველას არ შეუძლია მათი გაგება! ეს კონცერტი თითოეული ჩვენგან ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა იყო, რაღაც უმნიშვნელოს დასასრული და გრანდიოზულის დასაწყისი. ერთ დღე, რომელიც მთელს ცხოვრებას უდრიდა! ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს თავიდან დავიბადეთ და არ გამიკვირდება, ყოველი წლის 7 მაისს თუ შევიკრიბებით ხოლმე და საღამოს 9 საათზე მეორედ დაბადების დღეს ერთად აღვნიშნავთ. One Last Goodbye-ზე 5 წუთის განმავლობაში თვალცრემლიანი ვინსენტისა და ნახევრადმტირალი მაყურებლების ნახვა ღირდა ყველაფერ იმად, რაც აქამდე მქონდა გამოვლილი და გამოცდილი! ეს მუსიკა არ იწერება გონებით, ის გულიდან მოდის. მას არ სჭირდება "დამუღამება", ის ან შენია, ან არ არის შენი და უბედურია ის ადამიანი, ვისაც ამის გაგება არ შეუძლია! იმ საოცარ წუთებში გარშემო აღარაფერი არსებობდა: მხოლოდ მაყურებელი, ანათემა და მათი მუსიკა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს პირველად ვუსმენდი და თვითონაც არ ვიცოდი საიდან მეცნობოდა ტექსტები, რომლებსაც ვინისთან ერთად თავიდან ბოლომდე ვმღეროდი. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, ანათემას ძველებურად ვეღარასდროს მოვუსმენ. ყოველ ჯერზე, როდესაც პლეიერს ჩავრთავ და ნაცნობი ხმა მომესმება, მუდამ ის წუთები და ის ემოციები მომაწვება, ყველაფერი თვალწინ დამიდგება და ისეთი შეგრძნებები დამეუფლება, როდესაც ადამიანს ტირილი უნდება, მაგრამ ვერ ტირის.


კონცერტიდან ისეთი გახარებულები და აჟიტირებულები გამოვედით, რომ სასტუმროში წასვლას ფეხით ვაპირებდით, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ვერ გავქაჩავდით და ბოლოს ტაქსით წავედით. მეორე დღეს მე და თამუნას დროის დაკარგვა არ გვინდოდა და მალევე გავვარდით გარეთ. მაგარია, როდესაც დილის 9 საათზე აია სოფიას გარშემო სეირნობ და ამაღლებული ადგილებიდან ბოსფორის სრუტეს გადაჰყურებ. მოვინახულეთ სტარბაქსის ა და დისკების მაღაზიებიც. მაცაცოსა და ელდარის გაღვიძების შემდეგ გალათას კოშკზეც ავედით, საიდანაც მთელი სტამბული ისე ჩანს, თითქოს ხელის გულზე იყოს გადაშლილი. ასევე მოვინახულეთ ცნობილი გრანდ ბაზარი და ვიყიდეთ უამრავი სუვენირი და საჩუქარი. პირადად მე ანათემას ალბომი, ვალენსიას მაისური და კიდევ რამდენიმე რაღაც შევარჩიე, მაგრამ თავისი საყიდლებით ყველაზე კმაყოფილი, მგონი, ელდარი (იგივე მოჯაჰედი, იგივე მისტერ ჩუსტი) იყო, რომელმაც დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ახლა შეუძლია, კომპიუტერთან მშვიდად მოუსმინოს მუსიკას და თან ჩილიმიც გააბოლოს.
უკან წამოსვლისას სტამბულში ცოტა წამოწვიმა, თითქოს ამინდიც კი ხვდებოდა, რაოდენ არ გვინდოდა თბილისში ჩამოსვლა და როგორ გვსურდა ყველას ჯგუფს ანკარასა და შემდეგ იზმირში გავყოლოდით, მაგრამ ეს ჩვენთვისაც კი არარეალური გახლდათ. ავტობუსში იგივე გამცილებელი შეგვხდა, რომელიც ამჯერად ცოტათი უფრო კეთილი და თავაზიანი იყო, ვიდრე პირველად. საერთო ჯამში, საქართველოსკენ გზა იმდენად არ გაიწელა, როგორც ველოდით. ბევრს ვსაუბრობდით კონცერტზე, ვიხსენებდით ყველა მცირე დეტალს, მუსიკის მოსმენისას რამდენჯერმე ემოციებიც კი ვერ მოვთოკეთ () და როგორც იქნა, საზღვარსაც მივადექით. გრძელი არეული რიგები, ქალების დაუსრულებელი ყაყანი, სამართალდამცავების არაპროფესიონალიზმი - ყველაფერი საქართველოზე მეტყველებდა! რიგში დგომისას რამდენჯერმე ჩემი უკბილო იუმორის გამოვლენა ვცადე და ქალებმა ისე შემომხედეს, იქვე ლინჩის წესით გამასამართლებენ-მეთქი.


ეს იმის მემილიონედიც კი არ არის, რაც სინამდვილეში სტამბულში მოხდა და რაც ჩვენ გადაგვხდა თავს, მაგრამ, როგორც უკვე დავწერე, ზუსტი სიტყვებიც გამონახვა შეუძლებელი იყო და სიმართლე გითხრათ, დიდად არც მიცდია. უბრალოდ, ვისაც აინტერესებს, შეუძლია გადახედოს და მოკლე შინაარსს გაეცნოს...

Our Doom Love
We're Here Because We're Are Here

ადამიანი იმედით ცოცხლობსო და იმედი მაქვს, იმის ნახევარი მაინც განმეორდება როდესმე, რაც 7 მაისს სტამბულში მოხდა...