Monday, October 29, 2007

თვალცრემლიანი მკვლელი

ვიცი, რასაც ახლა მოვყვები, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი გეგონებათ, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ან, საერთოდაც, რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა ეგონება? რაც არ უნდა ვთქვა და ვწერო, ყველაფერზე ამბობთ, შენი მოგონილიაო, არადა ყველაფერი რეალობაში ზუსტად ისე ხდება, როგორც ჩემს ნაწერებში. ახლა კი ყველაზე მთავარზე გადავიდეთ. ერთხელ უკვე მინდოდა მომეყოლა პატარა ტვალცრემლიან მკვლელზე, მაგრამ მაშინ გადავიფიქრე: ამის არც დრო იყო და არც ადგილი. დღეს კი სწორედ ის მომენტია, როდესაც ჩემი ბლოგის ორმა თუ სამმა სტუმარმა ყველაფერი გაიგოს.
ეს დიდი ხნის წინ მოხდა. თვალების გახელისთანავე ის ქუჩაში აღმოჩნდა. დედის რძის ნაცვლად თოთო ბავშვი წყალში დაფშვნილ პურს ჭამდა, უფრო სწორედ აჭმევდნენ. ვინ იყვნენ ისინი, მან არ იცოდა. შესაძლოა, მშობლებიც კი ყოფილიყვნენ...
პატარა ბიჭი იზრდებოდა. მერე რა, რომ მას არ ჰქონდა სათამაშოები, არც სახლი ჰქონდა, არც მეგობრები ჰყავდა. თუმცა, ბოდიში, გატყუებთ, მეგობრების მეტი რა ჰყავდა. ქუჩაში ყველა მისი მეგობარი იყო. განსაკუთრებით ერთი ძაღლი უყვარდა. პატარაობიდანვე ეს ცხოველი მას კუდში დაჰყვებოდა და უმცროს ძმასავით უვლიდა, თითქოს მათ რაღაც ნათესავური კავშირი ჰქონოდათ. მათი კვების უპირველესი გზა ქურდობას ითვალისწინებდა. არავინ იცის, ძაღლმა ასწავლა ბიჭუნას მოპარვა თუ პირიქით, მაგრამ მე იმას ვყვები, რაც იყო!
ერთ დღესაც, როდესაც ბიჭუნა ქუჩის კუთხეში ყველასგან მოფარებულ ადგილზე იჯდა, მის წინ მოხუცმა ქალმა ჩაიარა. ქალბატონი ღარიბულად იყო ჩაცმული, მაგრამ სახეზე რაღაც იდუმალი ღიმილი ეტყობოდა. ეტყობა, წლების მატებასთან ერთად სიმხნევე მაინც არ დაუკარგავს. ჩვენი გმირის ყურადღება კი სულ სხვა რაღაცამ მიიპყრო - ჩანთამ. არა, სხვანაირად ნუ გაიგებთ ახლა. ჩანთის მოპარვა მას აზრადაც არ მოსვლია... მან მხოლოდ აიღო ის, როდესაც ერთ-ერთ გამვლელთან შეჯახებისას მოხუცს ის ხელიდან გაუვარდა. ბიჭი დიდხანს იდგა შუა ქუჩაში უცნობი ნივთით ხელში. ამ მომენტში მის თავში უამრავმა აზრმა გაიელვა. ჰეჰ, ალბათ, ნანახი გექნებათ მულტფილმები, რომელთა გმირებიც ისეთივე მდგომარეობაში იყვნენ, როგორშიც ახლა ეს ბიჭი გახლდათ. სავარაუდოდ, ბიჭუნას ერთ მხარზე ანგელოზი იყო შემომჯდარი, ხოლო მეორეზე - პატარა ეშმაკი. ერთ ეუბნებოდა, რომ წაეღო და პატრონისთვის დაებრუნებინა ჩანთა, მეორე კი დატოვებას სთხოვდა. თქვენ როგორ მოიქცევოდით? თუმცა, უკაცრავად, რა სულელური კითხვა დავსვი. თქვენ ყველა ხომ კეთილშობილების განსახიერება ხართ, გენაცვალეთ სულში. რასაკვირველია, მანაც იფიქრა ნივთის დაბრუნებაზე, მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოპარული საჭმლის გარდა არაფერი გაუსინჯავს, ამის გაკეთება, ცოტა არ იყოს და რთული აღმოჩნდა. სამაგიეროდ, იმ საღამოს ბიჭუნა და მისი ერთგული მეგობარი, რა თქმა უნდა, ზემოთ უკვე ნახსენები ძაღლი კარგად დანაყრდნენ. ჩვენი პატარა გმირი პირველად შევიდა მაღაზიაში იმის შიშის გარეშე, რომ გამყიდველი მას მოპარულით ხელში დაიჭერდა. საწყალმა თვლა არ იცოდა, არც ნაირ-ნაირ კერძებში ერკვევოდა, ხელში მხოლოდ ის ფული ჰქონდა, რომელიც ჩანთიდან ამოიღო. ვინ იცის, იქნებ უსინდისო გამყიდველმა ის მოატყუა კიდევაც, იმაზე მეტი გამოართვა, ციდრე საჭირო იყო, მაგრამ ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რაც მოხდა, მოხდა.
საოცარია, მაგრამ იმ ღამეს ბიჭუნამ პირველად იგრძნო ის, რასაც ჩვენ მოფერებით სინდისს ვეძახით. მას პირველად ცხოვრებაში წამოუვიდა ცრემლები...

ამის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. შესაძლოა, უფრო მეტიც გასულიყო, მაგრამ ვინც მე მომიყვა ეს ამბავი, მან ზუსტად ასე მითხრა. სწორედ ახლა მივადექით ყველაზე საინტერესოს, იმას, რაც დასაწყისშივე უნდა დამეწერა, მაგრამ მოკლე სათქმელი სპეციალურად დავიგრძელე.
თვალები დაახილა და პირველი, რაც გაიგო, მისი ძაღლის ყეფა იყო. ვიღაც კაცი მიათრევდა მას. კისერზე რაღაც წამოაცვა და უმოწყალოდ ურტყამდა ფეხებს. ურტყამდა იმას, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა ამქვეყნად. ქუჩაში გაზრდილი და თავისუფლებას მიჩვეული არსება მთელი თავისი პატარა სხეულით ცდილობდა გამოქცეულიყო და ბიჭუნას ზურგს უკან დამალულიყო, თუმცა საოცრად მოჭერილი თოკები მას ამის საშუალებას არ აძლევდა. როდესაც ცხოველმა თავი უკან მოაბრუნა და უმოძრაოდ მდგარი ბიჭი დაინახა, თითქოს შერცხვა, ყოველგვარი წინააღმდეგობა შეწყვიტა. რამდენიმე წამის მანძილზე გაქვავებული იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ, სანამ პატარა ცხოველი მთელი ძალით არ გაათრიეს იქიდან.
ამ ცხოვრებას შავი იუმორის გრძნობა კარგად აქვს განვითარებული. აბა, მასე თუ არაა, მაშინ რა უნდოდა იქ რკინის იმ ნაჭერს? რატომ იდო მაინც და მაინც ბიჭუნას გვერდით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა?! არადა, მანამდე არავის არასდროს ჰქონდა შემჩნეული. ხელში აიღო, გაექანა და ზურგში, გულის მხარეს ჩაარტყა... წამის მეასედში წამოსულმა სისხლმა მისი მადა ვერ დააკმაყოფილა. იდგა და ურტყამდა, ამჯერად წაქცეულს, რომელსაც ხელში თოკი ეჭირა. ამჯერად სისხლის გუბეში იდგა, ხელებიც სისხლიანი ჰქონდა, სახეც, მაგრამ ნასიამოვნები ჩანდა! არ ნანობდა! დროის მანქანა რომ დატრიალებულიყო და რამდენიმე წუთით უკან გადაეგდო, ზუსტად იმავეს გააკეთებდა. ეჰ, მაგრამ ცრემლები, ცრემლები კი მოსდიოდა, რომლებიც პირდაპირ სისხლიან გუბეში ეცემოდა.
მას შემდეგ ბიჭუნა ბევრს არ უნახავს. შეიძლება, უნახავთ კიდევაც, მაგრამ ვერ მიმხვდარან. ადამიანები იზრდებიან და იცვლებიან, მხოლოდ წარსული რჩება. ხო, ისა, ნუ გეშინიათ, ეს თბილისში არ მომხდარა... შეგიძლიათ, უშიშრად იაროთ ქუჩებში. ეს ყველაფერი ჩემმა მესაიდუმლემ მითხრა.

სულ ეს იყო, რისი მოყოლაც მინდოდა.
ერთხელ წავიკითხე, მთავარი თვალისთვის უხილავიაო...
მგონი, მართალია...

Monday, October 22, 2007

თავიდან თვალცრემლიან მკვლელ ბავშვზე მინდოდა დამეწერა... ეს აზრი დღეს დილით მომივიდა, მაგრამ ბოლო გადავიფიქრე და ეს დავწერე:

ჩემი უარყოფითი თვისებები ჩემზე კარგად არავინ იცის. ადრე მათ მოშორებას ვცდილობდი, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ისინი ჩემი განუყოფელი ნაწილი იყვნენ. მათ გარეშე ვერ ვიცხოვრებ და არც ვიცხოვრებ. დღეს სიამოვნებას მანიჭებს ის, რაც ადრე დამტანჯავდა!
მგონი, მოვიდა დრო, საკუთარი თავისადმი უფრო მომთხოვნი გავხდე და პირადი ინტერესები პირველ პლანზე გადმოვიტანო. ჩემი აზრით, ასე უკეთესი იქნება... ვნახოთ, ვნახოთ... ჯერჯერობით არაფერი მინანია და მომავალში რა იქნება, ჩორტ ევო ზნაეტ.

Sunday, October 14, 2007

დარჩენილ დროს ნაყოფიერად გავატარებ!


პირველ რიგში, არაფერს ვიტყვი!
მეორე რიგში, არავის არაფერს ვანიშნებ!
მესამე რიგში, ჩუმად ვიქნები!
მეოთხე რიგში, ვეცდები, ვიმხიარულო!
მეხუთე რიგში, მოვემზადები!
მეექვსე რიგში... მეშვიდე...

ვერასდროს ვერაფერს გაიგებს! მთავარი ესაა!

Saturday, October 13, 2007

და ახლოვდება იგი ჟამი ჭეშმარიტებისა, ჟამი ბუნებასთან შეერთებისა...
ამ დროს მესმის მისი...
მისი მესაიდუმლე მეც გავიცანი და ახლა ის ჩემი მესიდუმლეცაა...
მესმის მისი ფიქრების... მესმის მისი გადაწყვეტილებები...
მესმის მისი მარტოობის...
მესმის მისი ნიჭის...

"დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული".

ახლოს ხარ და ამავე დროს, ძალიან შორს... არაუშავს!

Sunday, October 7, 2007

სიყვარულის ქალაქი


იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ქალაქი... დიდი ხნის წინ კეთილმა ადამიანებმა ის მთებს შორის მთაზე, ზღვებს შორის ზღვის პირას ააშენეს და მანდ დასახლდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქალაქი სულ უფრო იზრდებოდა და იზრდებოდა და რა თქმა უნდა, მასში მოსახლეობაც მატულობდა. იქაურებს სტუმრები არ უყვარდათ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქალაქის არსებობის შესახებ ძალიან ცოტამ იცოდა და უცხო ადამიანები იშვითად მოდიოდნენ მთავარ კარიბჭესთან. ვინც მოდიოდა, მათი უმეტესობა გზააბნეული მოგზაურები იყვნენ, რომლებიც შემთხვევით მოაწყდნენ უცნობ ადგილს.
თუმცა, ეს როდია ყველაზე მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ქალაქის მცხოვრებნი სიყვარულით არიან ავად. ეს საშინელი ავადმყოფობა მათ წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგოთ. მათთვის უცხო სულაც არაა დაძმური სიყვარული, სიყვარული მშობელსა და შვილს შორის, მეგობრული სიყვარული, იმ გრძნობასაც კარგად იცნობენ, რომელიც გოგონასა და ბიჭს შორის ჩნდება. თითოეულ მათგანს უხარია დილით ადგომა, რადგან იცის, რომ ის დღე სიყვარულით იქნება სავსე. იმ დღეს ისინი შეძლებენ მეგობარი ადამიანის გულის გახარებას, თუნდაც სულ უმნიშვნელო რაღაცით, მაგრამ... სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სიყვარულის ქალაქელებს უცხოელები არ უყვართ. მოგეხსენებათ, სიყვარულს შეუძლია ისეთი საშინელი გრძნობების საფუძველი გახდეს, როგორებიც შური და ბოღმაა. უცხო ხალხს არ ესმის ამდენი, ისინი არ არიან ავად... ქალაქელების ყურებისას მათაც სურთ ანალოგიური გრძნობა განიცადონ, თან ყოველდღე, თუმცა არ გამოსდით, რაც, საბოლოოდ, ცუდად მთავრდება. ასეთი ადამიანები სიყვარულის ქალაქში მარტოობისთვის არიან განწირულნი. ამიტომაც ცდილობენ ხოლმე თავის დაღწევას, გაქცევას, გადამალვას, მაგრამ არც ეგ გამოსდით კარგად, რადგან ქალაქის კარიბჭედან მარტო ერთი გზა გადის, რომელიც ისევ იმავე ადგილას ბრუნდება.
ყველაზე საოცარი კი მინდვრებია, რომლებიც ქალაქის გარშემოა. ამბობენ, ამ მინდვრებში ულამაზესი სიყვარულის ყვავილები ხარობენ, თუმცა ქალაქელების გარდა ის არავის უნახავს. რა გასაკვირია, რომ პატარა ნაზი მცენარე სიყვარულისფერია. ადამიანები ჩუქნიან მას ერთმანეთს, რადგან ეს არის ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო რამ, რითაც შეიძლება გრძნობების დამტკიცება.
საოცარია, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ამ ქალაქს როდესღაც თბილისს ეძახდნენო, თუმცა უკვე დიდი ხანია მას სახელი გადაარქვეს...

Thursday, October 4, 2007

მსოფლიოში გამეფებული კანონზომიერებანი


სათაურიდანაც მშვენივრად ჩანს, თუ რაზე მინდა ახლა დავწერო. დედამიწაზე ბევრი კანონზომიერება არსებობს. ზოგი დამტკიცებას საჭიროებს, ჩემი მასწავლებელი მათ თეორემებს ეძახდა. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მომწონდა ამ სიტყვის ჟღერადობა, მაგრამ თეორემების სწავლისგან თავი, რატომღაც, გონება მეღლებოდა. რაც შეეხება კანონზომიერებათა იმ კატეგორიას, რომლებსაც დამტკიცება არ სწირდებათ, ისინი აქსიომები არიან (ისევ და ისევ ჩემი მასწავლებლის თქმით!). აქსიომები შეიძება შეგვხვდეს ყველგან, მაგრამ არსებობს ერთი მათგანი, რომლიც ბევრისთვის არაა ცნობილი და ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ის არსებობდეს. ახლა კი, ჩემი ნებართვით (ოხ ეს ეგოიზმი მარტოობად წოდებული), უშუალოდ ხსენებულ აქსიომაზე გადავალ.
ერთხელ ერთმა ჭკვიანმა კაცმა (ბოდიში და შეიძლება ქალიც ყოფილიყო, ზუსტად არ მახსოვს. ის კი მახსოვს, რომ ჭკვიანი იყო) თქვა: ”კაცები მსოფლიოს მართავენ, ქალები კი - კაცებსო”. ამ ერთ მარტივ წინადადებას ბევრი მომხრე და მოწინაარმდეგე გამოუჩნდა. მამაკაცები შანსს ხელიდან არ უშვებენ, რომ თავიანთი უპირატესობა გამოავლინონ მანდილოსნებთან, ხოლო ქალები, თავის მხრივ, აქა-იქ გენდერულ თანასწორობაზე გაჰყვირიან. ”სუსტი” სქესის წარმომადგენლებს საზოგადოებაში ისეთი ადგილის დაკავება სურთ, როგორიც ”ძლიერი” სქესის წარმომადგენლებს უკავიათ, მაგრამ იმას კი ვერ ხვდებიან, რომ კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ქალის როლი ყოველთვის ძალიან დიდი იყო. სუსტი და ძლიერი სქესის ცნებები ზოგჯერ დიდი ეჭვის საგანი ხდება.
რა თქმა უნდა, ქალები ფიზიკური ძალით ახლოსაც ვერ მივლენ კაცებთან (სანამ ცოცხალი ვარ, მანამდე მაინც). დიდი შანსია, რომ კაცების გონებრივი შესაძლებლობებიც უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მანდილოსნების. მიუხედავად ამისა, ქალებს აქვთ ”ის”, რაც კაცებს არასდროს არ ჰქონიათ და ალბათ, არც უახლოეს ათასწლეულში ექნებათ. სწორედ ”იმის” წყალობით ახერხებს ქალი ფარულად, მაგრამ წარმატებით თავისი მიზნის მიღწევას. მავანნი ამ თვისებას ”სიეშმაკეს” დაუძახებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სიტყვა რატომღაც ძალიან არ შეეფერება ”იმას”. როგორც ცნობილია, ეშმაკი რელიგიაში, მითოლოგიაში და რა ვიცი კიდევ სად, უარყოფით არსებადაა წარმოჩინებული. როდესაც ვახსენებთ ეშმაკს, ტანში უსიამოვნო გრძნობა დაგვივლის ხოლმე და რამე უბედურება გვახსენდება. ქალის ”კოზირი” კი სულ სხვა რამეა. მსოფლიოს ისტორიიდან პირველი მანდილოსანი (არ შემეკამათოთ, ალბათ, არც იყო მანდილოსანი, მაგრამ მაინც, რომელიც სწორედ ”იმით” იყო განთქმული, კლეოპატრა გახლდათ. არცთუ ისე მომხიბვლელი გარეგნობით ქალს ჰქონდა ჯადოსნური უნარი, რომლის მეშვეობითაც იმორჩილებდა ყველას და ყველაფერს. მან თვით რომის იმპერატორის იულიურ კეისარის ”დამონება” შეძლო, რომელსაც ბრძოლებში არა ერთი სახელოვანი მეომარი დაუჩოქებია და უთავოდ დაუტოვებია. თუმცა ”კაცები მართავენ მსოფლიოს, ქალები კი - კაცებსო”...
მივადექით მთავარს, რითიც უნდა დამეწყო წერა, მაგრამ დამეზარა. ქალი, რომელიც ამ ყველაფერს მაწერინებს, ჯენის ჯოპლინია. ტეხასელი გოგონა ოდნავ ბოხი, დროდადრო კაცური ხმითაც კი, მაგრამ უამრავი ადამიანის კერპი, კუმირი და ათასი რამ, რაც ახლა აღარ მახსენდება. ის არ უყვარდათ მშობლიურ ქალაქ პორტ არტურში, სამაგიეროდ აფასებდნენ მთელს მსოფლიოში. ის ლაპარაკობდა სიმღერებით, მას უყვარდა სიმღერებით და სიყვარულსაც სიმღერებით უხსნიდა. წარმატების მწვერვალზე მყოფმა თქვა, რომ არავინ იყო (”I'm nobody”), არადა თვითონაც შესანიშნავად მოეხსენებოდა, რას წარმოადგენდა.
ჯენისს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჯიმი ჰენდრიქსთან, რომელიც მასსავით სიკეთის განსახიერება გახლდათ. თუმცა, ქალისდა სამწუხაროდ, ჯიმის გული მხოლოდ ერთი მანდილოსანი ცოცხლობდა - მისი გიტარა. ჰენდრიქსის სიკვდილიდან სამი კვირაც არ იყო გასული, რომ ჯენისმა თავი მოიკლა. თავი მოიკლა ისე, როგორც ამას პატრონის ერთგული ძაღლები აკეთებენ (შეურაცხყოფის მიყენება აზრადაც არ მქონია). ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ჭეშმარიტად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ.

დაბოლოს, დღეს რაღაც ძალიან ბევრი ვიფიქრე ქალებზე და მათს ”ჯადოსნურ” ძალაზე. ახლა წავალ დავიძინებ და იქნებ, ხვალ კაცებსაც ვუშველო რამე...