Monday, May 10, 2010

სტამბული - ქალაქი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა

და ერთი დღე, რომელიც მთელს ცხოვრებას უდრიდა...

რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, რომ კარგა ხნის განმავლობაში ბლოგზე აღარაფერს დავწერდი, რადგან ისეთი არაფერი ხდებოდა, რისი აღნიშვნაც და რაზეც ყურადღებიც გამახვილება შეიძლებოდა, თუმცა... ბოლომდე გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ თავიდან არც ამის აღწერას ვაპირებდი, რადგან ვისაც მართლა აინტერესებდა და ვისაც გულით უნდოდა ყველაფრის გაგება, ჩემს გვერდზე იყო და თავად ნახა, მაგრამ მიცემულ პირობას ვერ დავარღვევ და მომხდარს თანმიმდევრულად მივყვები. უბრალოდ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზუსტი სიტყვების პოვნა გამიჭირდება, რადგან მსოფლიოს არცერთ ენაზე არ მოგონილა ჯერ ის ფრაზები და გამონათქვამები, რომლებიც ჩვენს განცდებს და ემოციებს გადმოსცემს.

ყველაფერი კი დაახლოებით ორი ან შეიძლება თვე-ნახევრის წინ დაიწყო, როდესაც შემთხვევით (ეს ნამდვილად არ მეპატიება) გავიგე, რომ ჩემი ანათემა ახალი ალბომის გამოშვებას 31 მაისს აპირებს და ჯიგრებს უკვე ალბომის ყდა და სათაურიც შერჩეული აქვთ. საერთოდ, მათ საიტზე იშვიათად შევდივარ ხოლმე, ვინაიდან თვითონაც იშვიათად აახლებენ, მაგრამ ამჯერად რაღაც ზებუნებრივი ძალების დახმარებითა და კარნახით მაინც შევედი ვებ-გვერდზე და რას ხედავენ ჩემი თვალები: მაისის დასაწყისში ანათემა ახალი ალბომის მხარდამჭერ ტურნეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ატარებს და რამდენიმე კონცერტი თურქეთის სხვადასხვა ქალაქებშიც აქვს დაგეგმილი. ალბათ, ეს სწორედ ის იყო, რასაც მთელი ცხოვრება ველოდი! დიდი ხანია სულ იმას ვიმეორებ, ნეტა სადმე ახლოს ჩამოსულიყვნენ, რომ მათი ნახვის თეორიული შანსი მაინც მქონდა და აი ისიც! ჩემს გარშემო, ფორუმებზე, სოც.ქსელებში ვისაც თუნდაც ერთხელ მოუსმენია ანათემასთვის, ყველას გავაგებინე ეს ამბავი. მეგონა, რომ მათაც ჩემსავით გაუხარდებოდათ, სიხარულისგან წამოხტებოდნენ სკამიდან და ბარგის ჩალაგებას დაიწყებდნენ ან მინიმუმ იმაზე იფიქრებდნენ, ნეტა საჭირო რაოდენობის თანხა საიდან შევაგროვოო, თუმცა მწარედ შევცდი. ამ ინგლისური ჯგუფის ჩემსავით თავგადაკლული თაყვანისმცემელი მხოლოდ სამი აღმოჩნდა: თამუნა - როგორც თვითონ თქვა, Porcupine Tree-სა და პირადად მისტერ სტივენ უილსონის პირადი მემატიანე, ვისაც ანათემა ჩემზე არანაკლებ უყვარს; მაცაცო - ფორუმსა და ლასტ.ფმ-ზე ხშირად მასმენინებდა ხოლმე კარგ რაღაცებს, საინტერესო ლინკებსაც მიგზავნიდა, მაგრამ რომ არა ანათემას კონცერტი, მისი გაცნობის ბედნიერება არ მხვდებოდა წილად და ბატონი ელდარი - ალბათ, ბედია, რომ ეს ადამიანი ორი წლის წინ კინოს სახლში სწორედ ანათემას კონცერტის, Were You There-ს ჩვენებაზე გავიცანი. სტამბულში წასვლამდე ერთმანეთს სულ რამდენჯერმე შევხვდით, მგზავრობის საკითხებს ვარკვევდით, ფულს ვაგროვებდით, წინასწარ ვგეგმავდით თითოეულ დეტალს. როგორც ამბობენ, წასვლის იდეა ჩემგან მოდის, მაგრამ რომ არა ეს ადამიანები და კერძოდ, თამუნა, რომელმაც თითქმის ყველაფერი მარტომ გააკეთა, სავარაუდოდ, იდეა მხოლოდ და მხოლოდ იდეადვე დარჩებოდა. კონცერტის და ავტობუსის ბილეთები წინასწარ დავჯავშნეთ. ვიცოდით, რომ მგზავრობას 26 საათის სჭირდებოდა და სცენის წინ მოგვიწევდა ჯდომა, მაგრამ ეს მარტო ვარაუდები იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მაღლივში ერთი გამოცდის გაცდენა მომიხდა და დიდი შანსია, რამდენიმე საგანი შემეტენოს; ავტობუსში 27 საათი ვიჯექი და სკამის ფორმა მივიღე; სტამბულამდე სულ რამდენიმე წუთი მეძინა და ძალიანაც რომ მდომოდა უფრო დიდი ხნით ჩათვლემა, მაინც ვერ მოვახერხებდი, საერთოდ არაფერზე ვნანობ! პირიქით, ელდარის თქმის არ იყოს, ეს ერთი დღე მთელს ცხოვრებად ღირდა - 2010 წლის 7 მაისს თითოეული ჩვენგანი თავიდან დაიბადა და დარწმუნებული ვარ, ამიერიდან ყოველი წლის ამ დღეს მეორედ დაბადებას ერთად აღვნიშნავთ.
სტამბულში ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვხვდებოდი, რომ ქალაქი, სადაც 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ერთ დროს უძლეველი ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იყო და ახლა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად ითვლება, პატარა და უბრალო ვერ იქნებოდა, მაგრამ... ნამდვილად არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ სამოთხეში ვიყავით. შესაძლოა, ანათემას კონცერტმა გრძნობები გაგვიმძაფრა, თუმცა, ესეც რომ არა, იქ ნანახით ნაკლებად მოხიბლული უბრალოდ ვერ ვიქნებოდი. თამუნას სტამბულში მოგზაურობის გამოცდილება ჰქონდა, ამიტომაც სწორედ ის გვხელმძღვანელობდა. ჩასვლისთანავე სულთანაჰმედის უბანს მივაშურეთ და მოკრძალებული სასტუმროს ძებნა დავიწყეთ, სადაც ერთი ღამით დარჩენას მოვახერხებდით. აქ ჩემი ძირძველი ნიჭიც გავიხსენე, ტვინი ვბურღე, ვივაჭრე და სადაც კი შესაძლებელი იყო, ყველგან ფასების დაკლებას ვთხოვდი. ალბათ, სასტუმროს მიმღებში ბიჭს იმდენად გავუბურღე ტვინი, რომ ოღონდაც თავი დამენებებინა, დათანხმდა კიდევაც ჩვენს წინადადებას. ნომერში შესვლა და პირველი კურიოზის მოხდენა ერთი იყო: კი დავეჭვდი თავიდანვე, ტელევიზორი აბაზანის კარებთან ძალიან ახლოს რომ ეკიდა, მაგრამ მაინც და მაინც დიდი ყურადღება ამისთვის არ მიმიქცევია. სამაგიეროდ, მიაქცია თამუნამ. უფრო სწორედ, მიექცია, რადგან აბაზანიდან გამოსვლისას კარის გარება ცოტა ძლიერად მოუვიდა და დაახლოებით ორი მეტრიდან ტელევიზორი ნარნარად ჩამოაგდო მართალია, გზად ტელევიზორმა ელდარის ფეხიც მოიყოლა, მაგრამ ამით მაინც არაფერი ეშველა. ერთადერთი, რამაც ცოტა დაგვაწყნარა, ის იყო, რომ ეკრანს არაფერი მოუვიდა, სამაგიეროდ, ხმებით თუ ვიმსჯელებდით, შიგნით ყველაფერი დამსხვრეული გახლდათ. თუმცა, საბედნიეროდ, მომსახურე პერსონალმა ეს ვერ შეამჩნია და ფული არ გადაგვახდევინეს შემდეგ იყო ქალაქში სეირნობა, აია სოფიასა და ცისფერი მეჩეთის მონახულება, ემინონუს სადგურზე ბოდიალი და საჭირო ავტობუსის ძებნა, ტრამვაით სეირნობა და შაურმის დაგემოვნება. სანამ საკონცერტო დარბაზს, Refresh The Venue-ს ვიპოვიდით, ბევრი ვიბოდიალეთ და დაახლოებით 4 ტრანსპორტი გამოვიცვალეთ. განსაკუთრებით მეტრო მომეწონა, სადაც, თბილისისგან განსხვავებით, არც სუნი იდგა და არც რეკლამები იყო გამოკრული ყოველ 5 სანტიმეტრში. ჩვენი ძვირფასი ყურადღება ასევე ჟენოტებისა და სასმელების ავტომატმა მიიქცია, რომლებიც გარდა იმისა, რომ ეფექტურად მუშაობდნენ, ხურდასაც კი აბრუნებდნენ! საბოლოოდ, საათ-ნახევრიანი ბოდიალისა და თავგადასავლების შემდეგ მიზანს მაინც მივაღწიეთ.
აქ დაიწყო ის, რასაც ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ხანი ველოდით. თავიდან ჩვენი დამსახურებული აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბილეტიქსის წარმომადგენლებმა ჩვენთვის ბილეთების დაბეჭდვა ვერ მოასწრეს, შესასვლელთან რიგი კი ნელ-ნელა სულ უფრო იზრდებოდა და იზრდებოდა... თუმცა, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც შემთხვევით მუსიკას დავუგდე ყური და მივხვდი, რომ ეს ანათემას რეპეტიცია იყო ამის შემდეგ საკუთარ ქმედებებზე პასუხს აღარ ვაგებდით. ქუჩაშივე ვმღეროდით, ვცეკვავდით და ვინ იცის, კიდევ რას ვაკეთებდით, გარშემო მყოფები კი ისე გვიყურებდნენ, თითქოს გიჟები ვყოფილიყავით. სიმართლე ითქვას, გაგიჟებას ბევრი არც გვაკლდა! სანამ კუთვნილ ბილეთებს ველოდებოდით, გავიცანით ანათემას რუმინელი და ბულგარელი ფანები, რომლებიც მესამედ-მეოთხედ-მეხუთედ აპირებდნენ ამ ჯგუფის კონცერტის ნახვას. ჩვენ კი ასეთი ბედნიერება პირველად გვხვდებოდა წილად და რაც უფრო ახლოვდებოდა დაწყების დრო, გულისცემაც თანდათანობით გვიჩქარდებოდა. საბოლოოდ, როგორც იქნა, შევაღწიეთ მშვიდობიანად, პირდაპირ სცენის წინ, პირველ რიგში ადგილები დავიკავეთ და დაიწყო თავდავიწყება.
დენი როცა გამოჩნდა სცენაზე, ტაშისგან ხელები ამიწითლდა, სიხარულისგან თვალთ დამიბნელდა, ყვირილისგან ყელი მეტკინა. თურმე, ე.წ. "რაზაგრევზე" რაღაც თურქული ჯგუფი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მოსვლა ვერ მოახერხეს, ამიტომაც ჩვენი გართობა საკუთარ თავზე უფროსმა ძმამ აიღო და აკუსტიკური მინი-კონცერტი შემოგვთავაზა. მართლაც გენიალური ადამიანია! საკუთარი სიმღერების გარდა, პინკ ფლოიდის, ლედ ზეპელინისა და აირონ მეიდენის შესანიშნავი ქავერ ვერსიები დაგვიკრა. დენის გამოსვლის დროს შემთხვევით შევამჩნიეთ, რომ მეორე სართულიდან დარბაზს ვინსენტი დაჰყურებდა და პატარა გოგოებმა წიკვინი ატეხეს, ვინი, ვინიო, თუმცა ამ უკანასკნელმა ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიიდო და ანიშნა, რომ ჩემს ძმას ხელს ნუ უშლითო. საერთოდაც, როგორც ჩანს, ძმებს შორის საოცარი ურთიერთობა და სიყვარულია. უბრალოდ, უნდა გენახათ, როგორ ქომაგობდნენ, ყოველი გამოსვლის მერე წარმატებას ულოცავდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს.

დენის დაახლოებით ნახევარსაათიანი გამოსვლისა და რამდენიმეწუთიანი შესვენების მერე მთლიანად ანათემას ჯერიც დადგა. როგორც რეპეტიციიდან გამოჩნდა, ბიჭები ნამდვილად აპირებდნენ Deep-ის შესრულებას, მაგრამ ეს თუ იქნებოდა პირველივე, ვერავინ წარმოვიდგენდით.

ამას მოჰყვა სხვა ცნობილი სიმღერებიც. მგონი, Pressure-ის გარდა, ყველა ცნობილი სიმღერა შეასრულეს. ზუსტი სეტლისტი არცერთს აღარ გვახსოვს, მაგრამ, როგორც მაცაცომ დაწერა, დაახლოებით ესენი იყო (თუმცა, ორივეს გვეცოტავება თვალში და ალბათ, დროთა განმავლობაში კიდევ გავიხსენებთ და დავამატებთ):

Deep
Pitiless
Forgotten Hopes
Destiny Is Dead
Thin Air
Dreaming Light
A Simple Mistake
One Last Goodbye
Judgement
Everything
Empty
Lost Control
Inner Silence
Angelica
Closer
Panic
Angels Walk Among Us
Presence
A Natural Disaster
Flying
Universal
Sleepless
Dying Wish
Shroud Of False
Fragile Dreams

საინტერესოა, რომ ამ სიმღერების უმეტესობა ბიჭებმა ბისზე შეასრულეს, რაც დიდწილად მაყურებლის დამსახურებაა. თურქებს მართლაც საოცარი პუბლიკა ჰქონიათ: თითქმის ყველა სიმღერა ზეპირად იცოდნენ, ტაშის დაკვრაც არ ეთაკილებოდათ და სადაც საჭირო იყო, თავებსაც შეუჩერებლივ აქნევდნენ და ხტუნაობდნენ. სწორედ ამის დამსახურებაცაა, რომ ცნობილი ჯგუფები ყოველწლიურად ჩადიან სტამბულში კონცერტებსა და ფესტივალებზე და ამ მხრივ, არც ანათემაა გამონაკლისი. პირადად მე ორჯერ დავიყვირე სიმღერის სახელი (Angelica & A Natural Disaster) და მათაც გული არ დამწყვიტეს, ორივე დაუკრეს


კონცერტის დასრულებას Shroud Of False-ით აპირებდნენ, მაგრამ სიმღერის ბოლოს შეეშალათ და ბონუსად Fragile Dreams მიაყოლეს, რითაც მთელი დარბაზი აღფრთოვანებაში მოიყვანეს. გამოსვლის დასრულების შემდეგ, როდესაც მაყურებლების უმეტესობა უკვე წასული იყო, მოულოდნელად, დენი გამოვარდა და ავტოგრაფების დარიგება დაიწყო. ბუნებრივია, ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით და უფროს ძმას ბილეთებსა და ალბომებზე ხელი მოვაწერინეთ. გარდა ამისა, წინ გავიჭერი და დენის ხელი ჩამოვართვი, თან თამუნამ და მე ვუთხარით, რომ მათ მოსასმენად საქართველოდან ვიყავით ჩასულები და 27 საათი გზაში გავატარეთ, რისთვისაც კავენო-უფროსმა გულითადი მადლობა გადაგვიხადა.

დენი: უბუნჩულესი, უსაყვარლესი, უწყნარესი და რაც ყველაზე მთავარია, უნიჭიერესი მუსიკოსი! მის შინაგან სამყაროსა და თვისებებზე მხოლოდ მისი ხმაც კი ნათლად მეტყველებს!
ვინსენტი: ნამდვილი გიჟი! სცენაზე მისი თითოეული მოძრაობა საოცარია, ხმა კი განუმეორებელი! Thin Air ისე იმღერა, მაცაცო თბილისში ჩამოსვლამდე სულ მაგაზე ლაპარაკობდა. აღარაფერს ვამბობ კონცერტის ბოლოს შესრულებულ საოცარ ცეკვაზე (დენისთან ერთად), ძალიან ბევრი ვიცინეთ.
ჯეიმი: ჩვენი ბებერი! მართალია, ეს და ვინსენტი ტყუპები არიან, მაგრამ ჯეიმი სახეზე აშკარად უფრო დაბერებული ჩანს, თან ცოტა მოსუქებულიცაა. როგორც ამბობენ, ყველა ბასისტი ჩმორია. ერთ-ერთ მომენტში ჯეიმიმ არასწორად დაუკრა და ვინიმ ისე ალმაცერად შეხედა, სახლში რომ ყოფილიყვნენ, უეჭველი თავში წამოარტყამდა.
ლესი: ეს კაცი არ ჩანს, სულ სიბნელეში დგას, მაგრამ რომ არა მისი საოცარი სინთეზატორი და თითები, ანათემას მუსიკას მისტიკურობა და სილამაზე აშკარად მოაკლდებოდა. საინტერესოა, რომ ლესი ერთადერთია, რომელსაც ჯგუფში და-ძმა არ ჰყავს (), მაგრამ დანარჩენ დედმამიშვილებს უსიტყვოდ უგებს. ვინიმ გაიხუმრა კიდევაც, ლესი სეტლისტში არ იხედება ხოლმეო...
ჯონი: ესეც მოსუქებული მეჩვენა, თან ამჯერად თავისი თილისმა, სათამაშო ძაღლი არ მოუტანია. მიუხედავად ამისა, თავისი საქმე ხუთიანზე იცის და აკეთებს კიდევაც.
ლი: ამ ქალზე დიდი ხანია ვჭედავ! ძალიან ლამაზი, ხავერდოვანი ხმა აქვს და მიხარია, რომ ახალ ალბომში უფრო მეტ სიმღერაში მღერის, ვიდრე აქამდე. მისი და ვინსენტის ხმები ერთმანეთს საოცრად უხდება. ავტობუსში ისიც კი ვთქვი, ლისა და ანეკესნაირი ქალები საქართველოში რომ იყვნენ, დაუფიქრებლად ვთხოვდი ცოლობას!
მათი ყოველი სიმღერა, თითოეული აკორდი თუ ბგერა ზღაპრული იყო, გულის სიღრმეში გვწვდებოდა და იქ მიმალულ ყველაზე სათუთ და ხელშეუხებელ გრძნობებსა და ემოციებს აღვიძებდა. ისინი მღერიან იმაზე, რაც ყველას აწუხებს, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველას არ შეუძლია მათი გაგება! ეს კონცერტი თითოეული ჩვენგან ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა იყო, რაღაც უმნიშვნელოს დასასრული და გრანდიოზულის დასაწყისი. ერთ დღე, რომელიც მთელს ცხოვრებას უდრიდა! ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს თავიდან დავიბადეთ და არ გამიკვირდება, ყოველი წლის 7 მაისს თუ შევიკრიბებით ხოლმე და საღამოს 9 საათზე მეორედ დაბადების დღეს ერთად აღვნიშნავთ. One Last Goodbye-ზე 5 წუთის განმავლობაში თვალცრემლიანი ვინსენტისა და ნახევრადმტირალი მაყურებლების ნახვა ღირდა ყველაფერ იმად, რაც აქამდე მქონდა გამოვლილი და გამოცდილი! ეს მუსიკა არ იწერება გონებით, ის გულიდან მოდის. მას არ სჭირდება "დამუღამება", ის ან შენია, ან არ არის შენი და უბედურია ის ადამიანი, ვისაც ამის გაგება არ შეუძლია! იმ საოცარ წუთებში გარშემო აღარაფერი არსებობდა: მხოლოდ მაყურებელი, ანათემა და მათი მუსიკა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს პირველად ვუსმენდი და თვითონაც არ ვიცოდი საიდან მეცნობოდა ტექსტები, რომლებსაც ვინისთან ერთად თავიდან ბოლომდე ვმღეროდი. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, ანათემას ძველებურად ვეღარასდროს მოვუსმენ. ყოველ ჯერზე, როდესაც პლეიერს ჩავრთავ და ნაცნობი ხმა მომესმება, მუდამ ის წუთები და ის ემოციები მომაწვება, ყველაფერი თვალწინ დამიდგება და ისეთი შეგრძნებები დამეუფლება, როდესაც ადამიანს ტირილი უნდება, მაგრამ ვერ ტირის.


კონცერტიდან ისეთი გახარებულები და აჟიტირებულები გამოვედით, რომ სასტუმროში წასვლას ფეხით ვაპირებდით, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ვერ გავქაჩავდით და ბოლოს ტაქსით წავედით. მეორე დღეს მე და თამუნას დროის დაკარგვა არ გვინდოდა და მალევე გავვარდით გარეთ. მაგარია, როდესაც დილის 9 საათზე აია სოფიას გარშემო სეირნობ და ამაღლებული ადგილებიდან ბოსფორის სრუტეს გადაჰყურებ. მოვინახულეთ სტარბაქსის ა და დისკების მაღაზიებიც. მაცაცოსა და ელდარის გაღვიძების შემდეგ გალათას კოშკზეც ავედით, საიდანაც მთელი სტამბული ისე ჩანს, თითქოს ხელის გულზე იყოს გადაშლილი. ასევე მოვინახულეთ ცნობილი გრანდ ბაზარი და ვიყიდეთ უამრავი სუვენირი და საჩუქარი. პირადად მე ანათემას ალბომი, ვალენსიას მაისური და კიდევ რამდენიმე რაღაც შევარჩიე, მაგრამ თავისი საყიდლებით ყველაზე კმაყოფილი, მგონი, ელდარი (იგივე მოჯაჰედი, იგივე მისტერ ჩუსტი) იყო, რომელმაც დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ახლა შეუძლია, კომპიუტერთან მშვიდად მოუსმინოს მუსიკას და თან ჩილიმიც გააბოლოს.
უკან წამოსვლისას სტამბულში ცოტა წამოწვიმა, თითქოს ამინდიც კი ხვდებოდა, რაოდენ არ გვინდოდა თბილისში ჩამოსვლა და როგორ გვსურდა ყველას ჯგუფს ანკარასა და შემდეგ იზმირში გავყოლოდით, მაგრამ ეს ჩვენთვისაც კი არარეალური გახლდათ. ავტობუსში იგივე გამცილებელი შეგვხდა, რომელიც ამჯერად ცოტათი უფრო კეთილი და თავაზიანი იყო, ვიდრე პირველად. საერთო ჯამში, საქართველოსკენ გზა იმდენად არ გაიწელა, როგორც ველოდით. ბევრს ვსაუბრობდით კონცერტზე, ვიხსენებდით ყველა მცირე დეტალს, მუსიკის მოსმენისას რამდენჯერმე ემოციებიც კი ვერ მოვთოკეთ () და როგორც იქნა, საზღვარსაც მივადექით. გრძელი არეული რიგები, ქალების დაუსრულებელი ყაყანი, სამართალდამცავების არაპროფესიონალიზმი - ყველაფერი საქართველოზე მეტყველებდა! რიგში დგომისას რამდენჯერმე ჩემი უკბილო იუმორის გამოვლენა ვცადე და ქალებმა ისე შემომხედეს, იქვე ლინჩის წესით გამასამართლებენ-მეთქი.


ეს იმის მემილიონედიც კი არ არის, რაც სინამდვილეში სტამბულში მოხდა და რაც ჩვენ გადაგვხდა თავს, მაგრამ, როგორც უკვე დავწერე, ზუსტი სიტყვებიც გამონახვა შეუძლებელი იყო და სიმართლე გითხრათ, დიდად არც მიცდია. უბრალოდ, ვისაც აინტერესებს, შეუძლია გადახედოს და მოკლე შინაარსს გაეცნოს...

Our Doom Love
We're Here Because We're Are Here

ადამიანი იმედით ცოცხლობსო და იმედი მაქვს, იმის ნახევარი მაინც განმეორდება როდესმე, რაც 7 მაისს სტამბულში მოხდა...

5 comments:

nati kuda said...

წარმომიდგენია რა დღეში ხარ ახლა :)))
მაგარია :*
გისურვებ ამ ემოციების არდავიწყებას :))

Eldar said...

დეკა, საოცარი პოსტია! შენს მიერ დაწერილ სტრიქონებს რომ ვკითხულობდი, მთელი ჩვენი მოგზაურობა ჩემს თვალწინ აღსდგა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეორედ ვიცხოვრე ის ჯადოსნური დღეები. რაც იქ ვნახეთ, მართლაც აღუწერელია სიტყვებით, მაგრამ შენ ამას მაქსიმალურად მიუახლოვდი :)

Lalena said...

ვაააა, და გინდოდა ეს ყველაფერი არ დაგეწერა? ისე გაბადრული ვზივარ კომპთან თითქოს მე გადამხდენოდეს :)))

მარიამ ბლანკი¹³ said...

ბლინ რა ერთი ამოსუნთქვაზე ჩავარაკრაკე ამხელა პოსტი!!
მე მიყვარს თავგადასავლები
ხოლო ემოციური და დიდი ხნის ნაოცნებარი თავგადასავლები კიდევ უფრო მიყვარს მოკლედ ვაუ!

Unknown said...

ჰმ, დეკა, ხო არ გინდა ლასტზე კონცერტის რეცენზიაც დაწერო? :)) "ემოციები ვერ მოვთოკეთ"–ში რას გულისხმობ ნეტა ან ენას ვის უყოფ? :D ხალხს ეგონება, მართლა ვიტირე(თ) :P ეჰ არადა, როგორ გინდა ცრემლები შეიკავო, როცა წლების მანძილზე ამ მუსიკით ცხოვრობ, მართლა ღამეები გითენებია მათი ალბომების სმენაში, მადლიერების გრძნობით ივსები, რომ ეს მუსიკოსები არსებობენ, ასეთი ნიჭიერები და საყვარლები არიან და შენი სულის მუსიკას ქმნიან
და ამ დროს ზუსტად ეს მუსიკოსები შენს თვალწინ დგანან და საყვარელი, ახლობელი მელოდიების პირველ ნოტებს ააჟღერებენ.. თვალებს და ყურებს რომ ვერ უჯერებ.. ვაიმე, როგორ გინდა გაუძლო ამ მოზღვავებულ ემოციებს, ახლაც გული ამიჩქარდა :)