Monday, January 26, 2009

My Brother, Blues...

გუშინ მეორე გამოცდა მქონდა - სტრატეგიული მენეჯმენტი. ღმერთო, შენ მაინც თუ იცი რატო მასწავლიან ამდენ სისულელეს? ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი შენთვისაც კი ისევე გასაიდუმლოებულია, როგორც ჩემთვის. ნამდვილად არ მესმის, რას მარგებს იმის ცოდნა, რაც, დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში 1%-თაც კი არ გამომადგება. ნუთუ მთელი ტანჯვა-წამება მხოლოდ ქულის გამოა? არ მინდა ქულა, მხოლოდ მინიმალური, რომ საგანი არ შემეტენოს და მერე თავიდან არ მომიხდეს მაგის გავლა. ჩემი ისედაც სუსტი ნერვები მეტ ”სტრატეგიებს” ვეღარ გაუძლებს. გიტარის მასწავლებელს, თამაზას რომ ვუთხარი საგნის სახელწოდება, კაცს გაეცინა: სტრატეგიები რაში გჭირდება, ომში ხომ მიდიხარო... რა ვიცი, თამაზი მასწ, რა ვიცი...
მივედი, ძლივს ვიპოვე 209-ე აუდიტორია, შევარჩიე, ჩემი აზრით, საუკეთესო მერხი და დავჯექი. ჯიბეში შპარგალკები ხელით შევამოწმე, ამოუღებლად - ყველაფერი ადგილზე იყო. ახლა მხოლოდ იმასღა ველოდი, ბატონი გელა როდის შემოვიდოდა და გადაწერას როდის შევუდგებოდი. მაგრამ, ჰოი საოცრებავ?! სად არის ბატონი გელა? უცბად აუდიტორიაში სამი ალქაჯი (ცოცხები აკლდათ ოღონდ) შემოვარდა, რომლებმაც რიგებს შორის ქარბუქივით ჩაიარეს და რაც კი წიგნი-კონსპექტი იყო, ყველაფერი გაზიდეს. ამ მომენტს გულმა რეჩხი მიყო: ”აი, სად გაგედო არტურ!” ვიჯექი და ვფიქრობდი, ნეტა რა მეშველებოდა. არადა, გამოცდამდე 40 ქულა მყავდა და ”მხოლოდ და მხოლოდ” 20-ღა მჭირდებოდა. მომივიდა 4 საკითხი, რომლებიც ეგრევე გადავწერე რვეულში. ერთი საკითხი მეცნო, წინა დღეს დაკონსპექტებული მქონდა და ნაწერი შარვლის უკანა ჯიბეში მედო. გავიხედ-გამოვიხედე, ალქაჯებიდან არავინ იყურებოდა და ამოვიღე ფურცელი და ძირს დავაგდე. თქვენ უნდა გენახათ ჩემი წამება, როდესაც პატარა ფურცხლის ნაგლეჯზე წვრილი ასოებით დაწერილი სიტყვების წაკითხვას ზევიდან დაჟინებული მზერით ვცდილობდი. ნუ, ასე თუ ისე, სამი საკითხი დავწერე ჩემით და იმედია, მინიმუმს მივიღებ, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, მომავალში კვლავ ასეთი კომისია იქნება და თან იმ საშინელ გამოცდებზე, უკვე გული მიწუხდება.
რას ვშვრები მე ამ დროს? ვმეცადინეობ? არა, არა... ეს აზრადაც არ მომსვლია ჯერჯერობით, არადა კარგი კი იქნებოდა. ძირითად დროს სახლს გარეთ ვატარებ - სამსახური! და შინ კი ან ამ ეშმაკისეულ კომპიუტერს ვუზივარ, ანაც გიტარას ვაჩხაკუნებ. კაი ხანია თამაზა სტივი რეის სიმღერას ”Mary Had a Little Lamb”-ს მასწავლის. ღმერთმანი, მიყვარს ბლუზი! ნამდვილად ღვთიური მუსიკაა - მრავალფეროვანიც, მხიარულიც, სევდიანიც, რომანტიკულიც, ისეთიც და ასეთიც. როდესაც უყურებ, თვალდახუჭული გიტარისტი როგორ ეფერება თავის მეგობარს, როგორ ჩააქსოვს მთელს გრძნობას მასში, როგორც ცდილობს თავის ენაზე აალაპარაკოს... თქვენი არ ვიცი და მე ტანში ჟრუანტელი მივლის.
ბლუზი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აშშ-ში წარმოიშვა. ისევე, როგორც მუსიკის ბევრი მიმდინარეობა, ისიც შავკანიანი ემიგრანტების ფანტაზიის ნაყოფია. დიდი ხნის განმავლობაში, ბლუზი მხოლოდ ზანგების (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ვიხმარ მაინც) მუსიკა იყო. თავად სახელწოდება Blues ან Blues Devils-დან მოდის და მელანქოლიურს, სევდიანს ნიშნავს. დროთა განმავლობაში, ამერიკის სხვადასხვა ნაწილში ბლუზის რამდენიმე ქვეჟანრი ჩამოყალიბდა, თუმცა არსი არასდროს იცვლებოდა. ეს იყო პატარა კაცების მუსიკა, რომელიც ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. მასზე ბევრს აქვს დაწერილი, მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებით მომეწონა: ”Блюз – это то, что делает тебя счастливым, когда ты хочешь смеяться, и заставляет плакать, если ты печален, потому что мы говорим о жизни...” და ეს მართლაც ასეა.
აქ დადებულ იუთუბის ლინკებს შეიძლება არც არავინ უყურებს, მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ ტრადიციას. ამჯერად, რა თქმა უნდა, რეპერტუარში მხოლოდ ბლუზი იქნება. პირველ რიგში, ის სიმღერა უნდა დავდო, რომელსაც ახლა ვარჩევ. ჯერ ამის მემილიონედის დონეზეც ვერ ვუკრავ, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც თუ წავიწიე წინ, ეგეც დიდი მიღწევა იქნება ჩემთვის. სტივი რეი - გიტარის გენიოსი, რომელსაც ამ ინსტრუმენტით ყველაფრის გაკეთება შეეძლო. განსხვავებული ტეხასური ჩაცმულობა, ბოხი ხმა, საყურე, მისი ლეგენდარული ქუდები და რასაკვირველია, გიტარა აბრევიატურით SRV - ეს ყველაფერი სტივი რეი ვონია.




კაცი, რომელმაც ცხოვრების ნახევარი კაიფში გაატარა, მაგრამ შეძლო და ნარკოტიკებს თავი დაანება, მაგრამ 35 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა. ამ ისტორიასაც მოვყვები მოკლედ ბარემ. სტივის, ერიკ კლეპტონსა და სტივის ძმას კონცერტი ჰქონდათ ტორონტოში, რის შემდეგაც ისინი კლეპტონის ვერტმფრენით უნდა დაბრუნებულიყვნენ შტატებში, სადაც სტივი თავის საცოლეს ლენის შეხვდებოდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ვერტმფრენში, პილოტების გარდა, მხოლოდ ერთი ადამიანის ადგილიღა დარჩენილიყო და ყველამ დიდსულოვნად სტივის დაუთმო, მაგრამ სჯობდა, არ დაეთმოთ. აფრენიდან რამდენიმე წუთში ვერტმფრენი დაეცა და 4-ვე ადამიანი, ვინც შიგნით იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ამ ფაქტის მერე მეზიზღება ერიკ კლეპტონიც და სტივის საცოლეც რაც შეეხება ამ უკანასკნელს, სტივის სიგიჟემდე უყვარდა ეგ ქალი და მისთვის ბევრი რამე აქვს გაკეთებული. მათ შორის, რა თქმა უნდა, სიმღერებიც, რომელთაგან ორს გამოვარჩევ:
1. აბა თუ მიხვდებით, რა ქვია სიმღერას? დიახ, დიახ, Lenny. საცოლეს სახელი დაარქვა და ალბათ, მოსმენაც კმარა იმის გასაგებად, თუ როგორ უყვარდა ეს ქალი.



2. მეორე და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპოზიცია Pride And Joy

დაბოლოს, არასდროს დამავიწყდება ჩემი ჯგუფელის თვალები, რომელიც კუნოს სახლში სტივის კონცერტის ჩვენებაზე წავიყვანე. გოგო გაშტერებული უყურებდა ჯერ იმას, თუ როგორც უკრავდა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი და როდესაც სტივიმ გიტარა ჯერ ზურგს უკან, ხოლო შემდეგ კეფასთან მიიტანა და ისე აგრძელებდა დაკვრას, ვითომც არაფერი, ჯგუფელის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, სტივიმ მაგ ლაივზე ტუჩებითაც რომ დაუკრა გიტარაზე

2 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

aai lav iu!! me vuyureb xolme shens videoebs :D

xoda isa uf araferi :D

Lalena said...

მეც ვუყურებ შენს ვიდეოებს, დედას გეფიცები, მამას გეფიცები, ყველას გეფიცები :დ

ხოოოდა გამოცდები არ გამახსენო :დ:დ:დ