Friday, January 2, 2009

გილოცავთ ახალ წელს, მისტერ უოტსონ

პირველ რიგში, ყველას გილოცავთ ახალ, 2009 წელს და გისურვებთ, რომ 2010 წლამდე ყველა თუ არა, სურვილების 90% მაინც აგისრულდეთ. ვიცი, ცოტა წარმოუდგენელ რამეს ვითხოვ, მაგრამ ადამიანი იმედით ცოცხლობსო.

ახლა კი მოგითხრობთ იმაზე, რამაც ამ ბედობა დღეს შემაწუხა და ბლოგის გამოყენება მაიძულა. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ბრიტანელი მწერალი, სერ არტურ კონან დოილია. რომ არა ეს ადამიანი და მისი შესანიშნავი წერის სტილი და განუმეორებელი გმირები, ალბათ, იმ წიგნების 20%-იც არ მექნებოდა წაკითხული, რაც ახლა მაქვს (ოხ, ოხ ). რატომ დავინტერესდი კონან დოილით? შეიძლება სულელური კითხვაა, რადგან, მგონი, ყველას გვაქვს წაკითხული მოთხრობები შერლოკ ჰოლმსზე, მაგრამ ვაღიარებ, ჩემი სეხნია რომ არ ყოფილიყო, ალბათ არც ავიღებდი მის წიგნებს ხელში შემდეგ, ჩვეულებისამებრ, მწერლის ბიოგრაფიას და მოთხრობების წერის ისტორიებს გავეცანი და ამან ჩამითრია და ჩამითრია (დღეს ერთ-ერთ რუსულ არხზე შერლოკ ჰოლმსის რუსულ, ძველ, ჯიგრულ ვერსიას ვუყურე და გამახსენდა უცებ. სხვათა შორის, მალე გაი რიჩის გადაღებული ფილმი გამოვა და მისეული ჰოლმსის ნახვაც მაინტერესებს).

მაშ ასე, გადავალ თხრობაზე:
სერ არტურ იგნატიუს კონან დოილი (Sir Arthur Ignatius Conan Doyle) 1859 წლის 22 მაისს შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში დაიბადა. მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებად ითველბა დეტექტივები შერლოკ ჰოლმსზე, სათავგადასავლო ფანტასტიკა პროფესორ ჩელენჯერზე, იუმორისტული მოთხრობები ბრიგადირ ჟერარზე, ასევე ისტორიული რომანი ”თეთრი რაზმი”. გარდა ამისა, კონან დოილმა პოეზიასა და დრამატურგიაშიც გამოსცადა ძალები და ეს არც თუ ურიგოდ გამოუვიდა. სინამდვილეში კონანი მწერლის ერთ-ერთი სახელია, თუმცა მერე მას გვარის შემადგენელ ნაწილად მოიხსენიებენ.
სერ არტური ირლანდიელი კათოლიკეების ოჯახში დაიბადა, რომელიც ხელოვნებასა და ლიტერატურაში თავისი მიღწევებით გახლდათ ცნობილი. მამა ჩარლზ ალტამონტ დოილი არქიტექტორი და მხატვარი იყო, რომელმაც 22 წლის ასაკში ცოლად 17 წლის მერი ფოული მოიყვანა. ახალგაზრდა ქალბატონს ძალიან უყვარდა წიგნები და თავადაც გახლდათ ორატორული ნიჭით დაჯილდოვებული. როგორც არტური ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, სწორედ დედის დამსახურებაა მისი ინტერესი რაინდების ტრადიციების, გმირობებისა და თავგადასავლებისადმი: ”ლიტერატურის სიყვარული, ალბათ, დედამ მისახსოვრა. მისი მოყოლილი მოთხრობები უფრო ნათლად მახსოვს, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში მომხდარი კონკრეტული ფაქტები”.
მომავალი მწერლის ოჯახს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რაც მამის უცნაური ხასიათის ”დამსახურება” გახლდათ, რომელიც ალკოჰოლიკი და ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო. 9 წლამდე არტური გოდერის მოსამზადებელ სკოლაში სწავლობდა, რის შემდეგაც მდიდარმა ნათესავებმა ის ლანკაშირის საგრაფოს ერთ-ერთ სასწავლებელში გააგზავნეს. 7 წელი ბიჭუნამ იეზუიტურ კერძო კოლეჯში, სტონიჯერსტში გაატარა, საიდანაც მწერალს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური დასჯის, ასევე რელიგიური და კლასობრივი დოგმებისა და მსოფლმხედველობებისადმი ზიზღი გამოჰყვა. ამ პერიოდის ნათელი წერტილები დედის წერილებს უკავშირდებოდა, რომლებსაც არტური სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა. სკოლა-ინტერნატში დოილი სპორტით, კერძოდ კი კრიკეტით იყო დაკავებული, თუმცა მისმა შემოქმედებითმა ნიჭმაც იჩინა თავი: არტურის მოგონილი მოთხრობების მოსასმენად საღამოობით მისი თანატოლები სიამოვნებით იკრიბებოდნენ.
1876 წელს არტურმა კოლეჯი დაამთავრა და სახლში დაბრუნდა, სადაც, პირველ რიგში, მამის ფასიანი ქაღალდები საკუთარ სახელზე გადაიფორმა. უფროსი დოილი კი ამასობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა. მშობლის ცხოვრების ტრაგიკული ისტორია მწერალმა წიგნში, The Surgeon of Gaster Fell (1880) დაწვრილებით აღწერა. ხელოვნების შესწავლას არტურმა ექიმის კარიერა არჩია, რაც დიდად ბრაიან უოლტერის დამსახურება გახლდათ, რომელიც დოილების სახლში ოთახს ქირაობდა. დოქტორ უოლტერმა განათლება ედინბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც მომავალმა მწერალმაც ჩააბარა. სასწავლეველში არტურ დოილმა ასევე მომავალი მწერლები, ჯეიმს ბარი და რობერტ ლიუის სტივენსონი გაიცნო და დაუმეგობრდა.
მესამე კურსზე დოილმა ძალების მოსინჯვა ლიტერატურაშიც გადაწყვიტა: მისი პირველი მოთხრობა The Mystrery of Sasassa Valley, რომელშიც აშკარად იგრძნობოდა მისი საყვარელი მწერლების, ედგარ ალან პოსა და ბრეტ გარტის ზეგავლენა, უნივერსიტეტის ჟურნალში, Chamber's Journal-ში დაიბეჭდა. იმავე წელს კონან დოილის მეორე მოთხრობა The American Tale ჟურნალ London Society-ს ფურცლებზე გამოჩნდა. 1880 წლის თებერვალში დოილმა მუშაობა მეთევზეთა გემზე, სახელად Hope (იმედი), დაიწყო, რომელიც ჩრდილოეთის წყლებში დაცურავდა. აქ მან მთლიანობაში 7 თვე გაატარა და გასამრჯელოდ 50 ფუნტი მიიღო. აი, როგორ იხსენებს ამ პერიოდს მწერალი: ”გემბანზე რომ ავედი, პატარა ბიჭუნა ვიყავი, უკან კი ზრდასრული მამაკაცი დავბრუნდი”. ორი წლის შემდეგ არტური სხვა გემზე, Mayumba-ზე მუშაობდა, რომელიც ლივერპულსა და სამხრეთ აფრიკის სანაპიროებს შორის დაცურავდა.
1881 წელს დოილმა უნივერსიტეტში ბაკალავრის დიპლომი აიღო და სამედიცინო საქმიანობას მოჰკიდა ხელი, მაგრამ ათი წლის შემდეგ ირლანდიელმა საბოლოოდ უარი თქვა მედიკოსობაზე და ძირითად პროფესიად მწერლობა აირჩია. 1884 წლის იანვარში ჟურნალმა ”კორნჰილმა” მისი მოთხრობა, ”ჰებეკუკ ჯეფერსონის შეტყობინება” გამოაქვეყნა. ამავე პერიოდში მწერალმა მომავალი მეუღლე ლუიზა ”ტუია” ჰოკინსი გაიცნო, რომელზეც 1885 წლის 6 აგვისტოს იქორწინა. 1888-ში კი გამოქვეყნდა დოილის ყველაზე უცნაური რომანი The Mystery Of Cloomber, რომელშიც მოთხრობილი გახლდათ სამი ბუდისტი ბერის სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე. ეს პირველი მტკიცებულება იყო იმისა, რომ მწერალი პარანორმალური მოვლენებით გახლდათ დაინტერესებული, რის შემდეგ ის სპირიტუალიზმის მიმდევარი გახდა.
1891 წლიდან 1900 წლამდე კონან დოილი მთლიანად შერლოკ ჰოლმსით გახლდათ ”დაკავებული”, თუმცა შემდგომ, ძირითადად, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობებს წერდა. წერილში ”დანაშაული კონგოში” მწერალმა ბელგიის კოლონიალური პოლიტიკა გააკრიტიკა, რამაც რედიარდ კიპლინგის უკმაყოფილება გამოიწვია, რომლის აზრითაც, ბელგიასთან ერთად, დოილი ბრიტანეთსაც გაუწყრა.
1906 წელს არტურის მეუღლე ლუიზა ტუბერკულიოზით გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ მწერალმა ცოლად ჯინ ლეკი მოიყვანა, რომელიც 1897 წლის შემდეგ ფარულად უყვარდა. დოილს 5 შვილი ჰყავდა: ორი (მერი და კინგსლი) პირველი მეუღლისგან და სამი (ჯინ ლენ ანეტი, დენის პერსი სტიუარტი, რომელმაც 1936 წელს ქართველ ქალბატონ ნინა მდივანზე იქორწინა და ადრიანი) - მეორისგან. ამ უკანასკნელმა მამის გზა გააგრძელა და შერლოკ ჰოლმსზე რამდენიმე მოთხრობა თავადაც დაწერა, მაგრამ მან იმხელა პოპულარობა ვერ მოიპოვა, როგორც არტურმა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები სერ არტურმა მოგზაურობაში გაატარა (ყველა კონტინენტი მოინახულა) და სხვადასხვა ქვეყნებში სპირიტუალიზმის შესახებ ლექციებს კითხულობდა. სკანდინავიაში მოგზაურობისას მწერალი ცუდად გახდა და სასწრაფოდ დაბრუნდა ინგლისში საკუთარ სახლში. 1930 წლის 7 ივლისს კონან დოილი სასექსის საგრაფოში, ქროუბოროში გულის შეტევით გარდაიცვალა.

შერლოკ ჰოლმსი

პირველი მოთხრობა შერლონ ჰოლმსზე, ”სკანდალი ბოჰემიაში” 1891 წელს ჟურნალ ”სტრენდში” დაიბეჭდა. მთავარი გმირის პროტოტიპი ჯოზეფ ბელი გახლდათ, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც მცირედი დეტალებით ადამიანის ხასიათისა და წარსულის გამოცნობის საოცარი ნიჭი ჰქონდა. ორი წლის განმავლობაში დოილი მოთხრობას მოთხრობაზე ქმნიდა, სანამ თავად არ იქცა საკუთარი ნაწარმოების ტყვედ. 1893 წელს გამოშვებულ ”ჰოლმსის უკანასკნელ საქმეში” კონან დოილმა პროფესორ მორიარტისთან ბრძოლაში ცნობილი გამომძიებლის ”თავიდან მოშორება” სცადა, მაგრამ ამაოდ. მწერალს იმდენი წერილი მიუვიდა უკმაყოფილო თაყვანისმცემლებისგან, რომ მთავარი გმირის ”გაცოცხლება” მოუხდა. ჰოლმსის ეპოპეის პიკად ”ბასკერვილების ძაღლი” ითვლება (1900), რომელიც დეტექტიური ჟანრის კლასიკადაა მიჩნეული. დოილის თანამედროვეებმა ჰოლმსის დიდების დაჩრდილვა სცადეს და მას პოს დიუპენის, გაბორიოს ლეკოკისა და უილკი კოლინზის კაფას ერთგვარი ჰიბრიდიც კი უწოდეს, თუმცა კრიტიკოსების მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღეს. შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ უოტსონის (რომლის პროტოტიპად თავად არტური ითვლება) პოპულარობა იმდენად დიდი გახლდათ, რომ მათი ისტორიები ახალი მითოლოგიის ერთ-ერთ ნაირსახეობად მიიჩნევა, რომლის ცენტრადაც დღესაც ბეიკერ სტრიტზე მდებარე ლეგენდარული სახლი ითვლება.

საინტერესო ფაქტი: დღესაც კი ლონდონში შერლოკ ჰოლმსის სახელზე წერილი რომ გააგზავნოთ, უკან მოგივათ პასუხი, რომ ხსენებულ მისამართზე მცხოვრები პიროვნება შვეიცარიაში მოგზაურობს და როდის დაბრუნდება შინ, უცნობია.
ესეც ბეიკერ-სტრიტზე შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი (გვერდზე მადამ ტიუსოს მიზეუმიცაა)

5 comments:

Buda said...

me miyvarda bavshvobashi eg motxrobebi. maxsovs, rogor meshinoda xolme :D ert motxrobashi vitom kvdeba sherloki da imdeni vinerviule :D rac gavizarde, agar maincteresebs deteqtivebi maincdamainc :(

Kate said...

მეც გილოცავ მისტერ არტურ...
ისეთი წელი გქონოდეს, როგორსაც თვითონ ისურვებ საკუთარი თავისთვის.


შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები მეც მიზიდავს. ოდესმე რომ მოვიცლი, მინდა თვალი გადავავლო...

"საინტერესო ფაქტი: დღესაც კი ლონდონში შერლოკ ჰოლმსის სახელზე წერილი რომ გააგზავნოთ, უკან მოგივათ პასუხი, რომ ხსენებულ მისამართზე მცხოვრები პიროვნება შვეიცარიაში მოგზაურობს და როდის დაბრუნდება შინ, უცნობია."\
ვა, მართლა??? რა საინტერესოა...


მაგრამ ეს რა შუაში იყო ახალ წელთან?

Toma said...

ძალიან მიყვარს :)
ბავშვობიდან ვკითხულობ მის წიგნებს :)

Lalena said...

* მეც გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი და შენი კეთილი სურვილები მოგბრუნებოდეს :)

* რაც შეეხება სერ არტურს მეც ძალიან მიყვარს და ალბათ არც არსებობს ადამინი ვისაც არ წაუკითავს და არ აღფრთოვანებულა შერლოკით (რაღაც მთლად კარგად ვერ ჩავახუჭუჭე და მომიტევე :) )

* ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა მოგახსენოთ საკუთარი სუბექტური აზრის გამოკლებით:
2001 წელს ინგლისში გამოვიდა ისტორიკოს როჯერ გარიკისტილის წიგნი ”ბასკერვილების ძაღლი”. ამ წიგნში ავტორი ამტკიცებს, რომ სერ არტურ კონან დოილი არა მარტო ითვისებდა სხვის ნაწარმოებს, არამედ მკვლელიც იყო. 1907 წელს ლონდონში გარდაიცვალა გაზეთ ”დეილი ექსპრესის” ჟურნალისტი ბერტფან ფლეტჩერ რობინსოსნი, რომლის მოკვლის (მოწამვლის) ვერსიას ავტორი კონან დოილისა და რობინსონის მეუღლეს _ სერ არტურის საყვარელს მიაწერს. ავტორი აღნიშნავს, აგრეთვე, რომ 1901 წელს რობინსონმა თავის ადგილ-მამულში (დარტმურში) მეგობრები მიიწვია, მათ შორის კონან დოილიც. მასპინძელმა სტუმრებს მოუთხრო თავისი ნამუშევარის შესახებ, ამოიღო ხელნაწერები და წაუკითხა რომანი ”დარტმურის თავგადასავალი” უშველებელი ძაღლის შესახებ. სერ არტურს ძალიან მოეწონა ნაწარმოები და თანაავტორობა შესთავაზა ბერტფანს, ეს უკანასკნელიც დათანხმდა ცნობილი მწერლის თანავტორობას. ამ საუბრის შინაარსის შეასახებ ინფორმაცია რამდენიმე წლის შემდეგ რადიოთი დაადასტურა რობინსონის მებაღე ჰენრი ბასკერვილმა.
1902 წელს ჟურნალში ”სტრენდი” (”Strend") დაიბეჭდა კონან დოილის ახალი რომანი ”ბასკერვილების ძაღლი”. პირვანდელ გამოცემებში რომანს ავტორის მინაწერი ახლდა: ”მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ბერტფან ფლეტჩერ რობინსონს გაწეული დახმარებისთვის”. ავტორის ეს მინაწერი მომავალ გამოცემებში გაქრა.

Unknown said...

დეკა მიყვარხარ :წუბ:

ძალიან მაგარი პოსტია



ამ წიგნს მე არამარტო დეტექტივების კლასიკად ვთვლი

არამედ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მისგან
ცხოვრებისეულად

ძალიან მაგარია, ჰოლმსი უკვდავია და წარმომიდგება ზუსტად ისე
ბუხრის პირა სავარძელში მოჭუტული თვალებით და სიგარის ბოლში გახვეული ოთახი

ძალიან ბევრი რამ მასწავლა ამ წიგნმა და ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის

წიგნი რომელმაც გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე :|

დეკა მიყვარხარ კიდევ ერთხელ :2კისს: