Monday, September 1, 2008

ერთხელ საქართველოში...

სანამ უშუალოდ მოთხრობის კითხვაზე გადახვალთ, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ცოტა მძიმეა და თუ მაინც და მაინც ძლიერი ნერვები არ გაქვთ, სჯობს, აქვე გაჩერდეთ... ამის წაკითხვა ილია ნანობაშვილმა მირჩია, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდი, არ მეგონა, ჩვენს დროს ასეთ ”რაღაცებს” თუ წერდნენ...


მარიანა ნანობაშვილი
(ნამდვილი ამბავი)

ნატა ვარადას,
რომლის მონათხრობის საფუძველზე
დაიწერა ეს ნოველა

_კუსპარ... ეი, კუსპარ...
კუსპარა ძილში იშმუშნება, წვრილი თითებით ცხვირს ისრესს, მერე თვალებს.
_ადექი-მეთქი, ბიჭო!
_რა გინდა...
_ადე...
კუსპარა ზანტად ახელს თვალებს. წაწვეტებულ ნიკაპზე იფარებს ჭუჭყიან საბანს. გააკანკალა. ახლაღა იგრძნო დილის სიცივე.
_ადე-მეთქი, ბიჭო. პური ვჭამოთ.
ეგრევე გამოფხიზლდა. მიყურებს დიდრონი წირპლიანი თვალებით.
_რა ვჭამოთო?
_ადე, ნახავ, - დინჯად ვპასუხობ, მსიამოვნებს, რომ უხარია, მაგრამ არ ვიმჩნევ.
კუსპარამ საბნიდან რეიტუზებიანი ფეხები გამოყო, თითებთან გამოგლეჯილი. ჯერ პატარაა და რეიტუზის ტარებას არ თაკილობს. ღამეც მასე სძინავს, აბა, პიჟამოები მაგას არა აქვს და ტიტლიკანა ხომ გაიყინა... ჩემი ნაქონი მაისური აცვია, ისიც გახეულია იღლიებთან, სამაგიეროდ, გრძელი მკლავები აქვს და თბილია. იქვე სკამზე მიგდებულ ტანსაცმელს ვაწვდი, მალე რომ ჩაიცვას, კანკალებს, ცოდოა. ჩემი მაჯის სიმსხო კიდურები აქვს, მეტი კი არა, ცდილობს, ჩქარა გადაიცვას პერანგი და უფრო იხლართება. ვეხმარები.
_რაო, წეღან რა თქვი, პური ვჭამოთო? _ მახსენებს საქმიანად.
_ჰო, აგერ თამარაანთან თონე გაუხურებიათ და შემოგვაწოდეს ჩვენც.
ხმას არ იღებს. იცვამს.მხოლოდ მოზრდილი ნერწყვი გადაუვიდა მძიმედ ყელში.
_კარგი ქალია თამარა, - დიდი კაცივით ამბობს, აგემოვნებს წინასწარ ცხელ-ცხელი პურით საუზმეს.
_ჰო, კაი ქალია, - ვეთანხმები. ხომ არ ვეტყვი, ისეთი სახით გადმომიგდო ეს პურები, საკუთარი მოწყალებით გულაჩუყებულმა და თანაც რაღაცნაირად გაღიზიანებულმა, შიმშილით რომ სული არ სძვრებოდეთ კუსპარას და მამაჩემს, არც გამოავართმევდი.
რასა ჰგავს ეს მაიმუნი! ხომ ძმაა ჩემი, მაგრამ რაღაც ეგეთი ბავშვი იყო სულ, გულმიუსვლელი. ძალიან გამხდარი, შავი და ჭუჭყიანი. ეს სხვებისთვის, თორე... ისე ძალიანაც საყვარელია. თვალები აქვს უზარმაზარი და ბოჩოლასავით ნაღვლიანი. ალბათ, დედა რომ არ ახსოვს, იმიტომ. თუმცა, კი ახსოვს, მაგრამ ბუნდოვნად. სამი წლისაც არ იყო, რომ მოგვიკვდა. მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდა, თორემ მკერდში ისევ მომეწურა რაღაც. საერთოდ, ვცდილობ, არ ვიფიქრო დედაზე. თავიდან ვერ გამომდიოდა, მერე შევეჩვიე ნელ-ნელა. აგერ, კუსპარა მყავს გასაზრდელი. შვიდი წლითა ვარ უფროსი, კაცი ვარ მაგასთან შედარებით. თვალებში მიყურებს, ყველაფერში მბაძავს, მაიმუნი... თუ ცხვირი ჩამოვუშვი, ეგეც დარდიანდება და ცოდოა. დაჩაგრულია ისედაც. მე რაღაც მაინც მინახავს ცხოვრებაში, ეს კიდევ, რაც გაჩნდა, სულ მშიერი და გაყინულია. დედაც არ ახსოვს. ხოდა...
ორი შოთის პურიდან ერთი საღამოსთვის შევინახე, მეორე სამად გავყავი. შუა ნაწილი კუსპარას გავუწოდე, ერთი ყუა ჩავკბიჩე, მეორე კი მამაჩემს შევუტანე.
მამაჩემი ლოგინიდან მოსასაქმებლად თუ დგება, დგება რა, ვეხმარები და ძლივს ავაყენებ ხოლმე. ხომ როგორი გამხდარია, მაგრამ მძიმეა ძალიან. გულ-მუცელი ჩამწყედება ხოლმე. დედა რომ გარდაიცვალა, შაქარი დაემართა და მალევე დაბრმავდა. სიბრმავეს ვინ ჩივის, რაღაცეები მოეშალა ორგანიზმში და ცუდადაა. მაგას დიეტა უნდა და წამლები. დიეტა კი არა, ნეტა რამე იყოს საჭმელი. ხან რომელი მეზობელი მოგვაწვდის რამეს, ხან რომელი. წამლებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ზოგჯერ ვინმეს საქმეში ვეხმარები და საჭმელს გვაძლევენ. ახლა ყველას უჭირს. შუქი არაა, გაზი არაა, საჭმელი არაა, ქვეყანა დაიქცა. არეულობაა, თბილისის ომის შემდეგ აქაც ძაღლი პატრონს ვერა ცნობს. ვიღაცეები დაძრწიან ქუჩებში, თავწაკრულები, იარაღს აჟღარუნებენ. კუსპარას მარტოს არ ვუშვებ ქალაქში. დაეტიოს სახლში და ითამაშოს მეზობლის ბავშვებთან. მაგაზე ყოველ დღე ჩხუბი გვაქვს, ისე, ბოლოს მაინც მიჯერებს. ცელქია ძალიან, ვერცხლისწყალივით მოძრავი. სულ ეძებს, რა გააფუჭოს, რომ გაერთოს. ხან რომელ ხეზეა ჩამოკონწიალებული, ხან რომელზე. ყველაფერი აინტერესებს, ყველგან ცხვირი უნდა ჩაყოს. `ეს რა არის? და რატომ არის? და შიგნით რა აქვს?~ შემიკლო რა ამ ბავშვმა. ახლახანს, ზაფხულში, ტყეში გამეპარა, ბიჭებთან ერთად ვიყავი გასული და, რომ მოვედი, სახლში არ დამხვდა.. გვიანობამდე ვეძებე მთელ ქალაქში, კინაღამ გავგიჟდი. ყველგან იარაღიანი ტიპები დაძრწიან... ის კი მაყვალზე წაბრძანებულა ბავშვებთან ერთად. მაგრად ვცემე იმ საღამოს და იმის შემდეგ ჭკვიანადაა.
_დათუნას აჭამე უკვე? _ მკითხა მამაჩემმა, თბილი პურის ყუა რომ ჩავუდე ხელში.
_ჭამს კუსპარაც, მიდი-მიდი, ეს შენი წილია.
მამაჩემმა აკანკალებული ხელით პური პირთან მიიტანა და ნელა ჩაკბიჩა. ერთხანს ვუყურე, როგორ მძიმედ იქნევდა გასაპარს ყბებს, მერე სულ უფრო სწრაფად.
_აცივდა მაგრად. _ ვეუბნები. – დღეს სკოლაში არ წავალ, დიტო პაპას გავყვები ტყეში ფიჩხზე, იმასაც მივეხმარები და ჩვენთვისაც წამოვიღებ, კუსპარასაც გავიყოლებ, არაფერი უჭირს, გაატოკოს ხელი.
_კარგი, _ მხოლოდ ეს მითხრა.
კუსპარას გაუხარდა, სკოლას რომ აცდენდა. მართლა კუსპარაა, რა. გაწკვლიპული, პატარა. მესამე კლასელსაც არ ჰგავს. მამაჩემი მთასავით კაცი იყო თავის დროზე, მეც რა მიჭირს ვითომ, ეს ვის დაემსგავსა. ცუდი კვების ბრალიაო, ამბობენ... როგორ იღმურძლება, გაგეცინება კაცს. რაღაც შემეკუმშა გულთან, მოვეფერო მინდა წამოზრდილ რბილ თმაზე, ხელიც გავიწვდინე, მაგრამ უნებურად მსუბუქად წავუთაქე. სულ მასე მომდის.
_მიდი, დააბოლოვე, მე დიტოსთან გადავალ, ერთი რას აპირებს.
დიტო პაპას უკვე გაემზადებინა ურემი. ერთი ჯაგლაგი ცხენი ჰყავს, შეშას აზიდინებს ხოლმე ტყიდან. ურემში აბამდა.
_აბა, მოდიხართ? _ შორიდანვე იყვირა. ახლავე-მეთქი და კუსპარას დასაძახებლად გავიქეცი.
მე და კუსპარა ურემზე, უკან მოვთავსდით, დიტო პაპამ ცხენის სადავეები მოქაჩა და დავიძარით.
_ხო-ხო, ჯიბგირებო, რა ბევრი შეშით დავბრუნდებით! ასეთი კაცი მოგვყვება დასახმარებლად, - წაიჩიფჩიფა დიტო პაპამ, კუსპარას თვალი ჩაუკრა და ცხენს შეუძახა.
კარგი კაცია დიტო პაპა. ტყეში ისე არ წავა, არ მითხრას, თორემ ფეხით რა მაზიდინებს იმ სიშორიდან ფიჩხს. გავიყინებოდით ზამთარში... ჯერ ისედაც ვიყინებით, მაგრამ... მთელი გზა გველაზღანდარავება, გვაყოლებს ხოლმე რაღაცეებს, სკოლის ამბებს და ხითხითებს უკბილო პირით. განსაკუთრებით კუსპარას მოყოლილები უყვარს. კუსპარაც მოაღებს ხოლმე პირს და, რაც იქნება და რაც არ იქნება, ყველაფერს ფქვავს. პაპაც ხითხითებს გულიანად, ხალისობს.
დიტო პაპაზე ყველა ამბობს, ოქროს გული აქვსო. უყვართ სოფელში. მეც მიყვარს. დედა რომ გარდაიცვალა, არ ვტიროდი, ყველას ვუბღვერდი. მაინცდამაინც არ მაქცევდნენ ყურადღებას, შე საცოდავოო, შემომტირებდნენ შიგადაშიგ ვიღაც ქალები და ეგ იყო. უფრო კუსპარას ეფერებოდნენ. მე ბავშვობიდანვე ვერ ვიტანდი ვერავის ალერსს, დედის გარდა... თვალდახუჭულ დედას ვუყურებდი და ვერავის ვგრძნობდი გარშემო, მარტო ვიყავი თითქოს ამქვეყნად. მერე ცა და მიწა ერთმანეთში აირია და დატრიალდა. უცებ ვიღაცამ შემანჯღრია. დიტო პაპა დახრილიყო ჩემს თავზე და ყურადღებით შემომცქეროდა.
_ცუდად ხომ არა ხარ, ბიჭო, _ ხელი ლოყაზე გამკრა. ხმა რომ არ ამოვიღე, ხელი მომკიდა და ეზოში გამიყვანა. მორჩილად გავყევი. დამსვა და მითხრა:
_ბიჭო ლევანა, მე რომ შენხელა ვიყავი, აღარც დედა მყავდა და აღარც მამა. რომ გიყურებ ახლა, ისე ვარ, თითქოს შენი კბილა დიტო გედგე გვერდით და შენსავით გამჩხეროდეს ცრემლი ყელში. ეგრეა ცხოვრება, რას იზამ. ძმა გყავს პატარა, მამაშენს გვერდში უნდა ამოუდგე. როდისმე ყველას დაგვაყრიან თავზე მიწას, ჯერ მე, მერე მამაშენს, მერე შენ, მერე შენს შვილებს, შვილიშვილებს, და ასე, ვიდრე ეს ქვეყანა არსებობს. სანამ აქა ვართ, მუხლი არ უნდა მოგვეკვეცოს, კაცები ვართ. ეგრეა. _ და თმაზე ხელისგული გადამისვა. საკვირველია, მაგრამ არ გამიწევია თავი, როგორც მჩვეოდა ხოლმე. მაშინ ავღრიალდი, გული ამომიჯდა, ის კი თმაზე მეფერებოდა უსიტყვოდ.
დიტო პაპას ეს აღარც ეხსომება, მე კი მახსოვს. იმასაც ვხვდები, რომ, მგონი, ერთადერთი ადამიანია ამ პატარა ქალაქში, ვინც ამრეზით და ზემოდან არ გვიყურებს, როგორც მათხოვრებსა და უპოვარებს. თუნდაც მისი ოჯახის სხვა წევრებივით. განსაკუთრებით, მისი სიძე მემტერება, ჩვენი ოლქის მილიციის უფროსი, ბიძინა. სულ მემუქრება, რომ აღრიცხვაზე ამიყვანს, ყველგან ჩემი დანაშაული ელანდება. მგონი, მამაჩემს ვერ იტანს და, შეიძლება, იმიტომ ვძულვარ მეც. ბიძინა აქ პატარა მეფესავითაა. ყველა წითელ კოჭს უგორებს, ყველა ემლიქვნელება. ისიც სიამოვნებისგან დნება. მე კი ფეხებზე მკიდია. გამარჯობასაც არ მეუბნება, შემომხედავს უხმოდ წვრილი გესლიანი თვალებით.თუ მივესალმე, თავს გადაიქნევს ხოლმე, თითქოს, დამაცადე შენ მეო. ახლა აღარც მე ვესალმები. მეტი საქმე არა მაქვს. ყველგან ქვეყნის მტრები ელანდება, და საკუთარი კიდევ. რაც გადატრიალება მოხდა, სულ აიწყვიტა, აქაურობის ბატონ-პატრონი ჰგონია თავი. გამიგონია, მხედრიონელებში ძმაკაცები ჰყოლია. მამამ მითხრა ერთხელ, ერიდე მაგას, შვილო, ძალიან ბნელი კაციაო. არ ვიცი, რატომაა ბნელი, მაგრამ ჩვენ რომ ვძულვართ, ვიცი. დიტოს კი არა ჰგავს... როგორ გააყოლა თავისი გოგო...
ქალაქს გავცდით... ბორბლები ქვა-ღორღიან გზაზე არახრახდა. კუსპარამ ურემის მოძრაობის მსგავსად ხტუნვა დაიწყო. წავუთაქე, მოისვენე-მეთქი. ამომხედა ეშმაკურად. გამეცინა. ერთხანს გაჩერდა, ცოტა ხანში ისევ დაიწყო ხტუნვა. ხელი ჩავიქნიე. რაც უნდა, ის უქნია. ეგეთია.
კუსპარას დიტო პაპამ შეარქვა კუსპარა. ერთხელ დაუძახა და მთელმა უბანმა აიტაცა. მართლა კუსპარაა რა, კნაჭა, ვერ მოუსვენია ახლაც, ზის, თვალებს აცეცებს, რა შეიძლება გააფუჭოს და რითი გაერთოს. ერთხანს იცმუკა, მერე იქვე ჭილობგადაფარებული ფუთისკენ წაიღო ხელი.
_ეს რა არის, დიტო პაპა?_ დაინტერესდა მაშინვე.
_ცულებია, შვილო, ხერხი. მანდ არაფერს მოჰკიდო ხელი, იცოდე. თოფიც მიდევს, რა ვიცი, ოხერი დროა, ათასი ნაძირალა დაწანწალებს...
_თოფი?_ თვალები გაუბრწყინდა კუსპარას. _ ნამდვილი? _ და ხელი ჭილობის ქვეშ შეაცურა.
_კუსპარ, _ ვეცი ხელებში...
თოფის გასროლამ ყურები დამიხშო და ექოდ გაიგრუხუნა სივრცეში.
ვერ ვხვდები, რა მოხდა. კუსპარას დაფეთებულ თვალებს ვხედავ ჯერ, მერე დიტო პაპას უეცრად მოშვებულ სხეულს, უცნაურად რომ გადაეკიდა გვერდზე.
ვიგრძენი, რომ რაღაც გამოუსწორებელი საშინელება მოხდა. ამ ძიძგილაობაში თოფმა გაისროლა. და პაპა...
კუსპარამ ერთხანს დამრგვალებული თვალებით უყურა დიტო პაპას მოშვებულ ზურგს და უცებ წვრილი ხმით ატირდა.
_რა ჰქენი, ბიჭო, _ ხმა მიწყდება.
სადავეებს გადავწვდი და ცხენი გავაჩერე.
_დიდო პაპა!.. დიტო პაპააა!!
მოხუცი ადგილზევე გათავებულიყო. სახეზე უდარდელი გამომეტყველება შერჩენია, თვითონვე მიკვირს, რომ ამას ვამჩნევ. რომ საერთოდ მიმუშავებს გონება. ბრაზმა და შიშმა ამავსო, ხელუკურმა გავუქანე კუსპარას. მან ტირილი შეწყვიტა და შეშინებული მორჩილად შემომაცქერდა.
ერთხანს ვუყურებთ ერთმანეთს. შიში უფრო და უფრო მეღვრება ყველა ძარღვში და სისხლს მიყინავს.
_წამოდი! – ვეუბნები უცებ, ხელში ჩავაფრინდი და უკანა გზაზე გავიქეცით.
_მოკვდა? _ მოფორთხიალობს კუსპარა.
_არ ვიცი. _ უცნაურია, მაგრამ ახლა დიტო პაპას სიბრალულის ნაცვლად მხოლოდ შიშს ვგრძნობ. სისხლი ბუყბუყით მაწვება მთელ თავში, ყურებში მიწივის.
კუსპარა აღარაფერს მეკითხება. ბოლომდე ვერც მიმხვდარა, რა მოხდა. მეც ვერ მიმხვდარვარ. გაოგნებულები მივრბივართ. ვიცი, რომ რაღაცა უნდა ვიღონოთ, ვიღაცას საშველად ვუხმოთ.
Dგზას ბოლო არ უჩანს, თუმცა ქალაქიდან შორს არ გავსულვართ. უცებ მოსახვევიდან ურემი გამოგორდა, კაცი ვიცანი _ მეზობელ უბანში ცხოვრობს.
გიჟივით მივრბივარ პირდაპირ მისკენ, კუსპარას მივაფორთხიალებ.
_ძია ლექსო,… იქ... _ სულს ვერ ვიბრუნებ... – იქ...
_რა იყო, რა გჭირთ, _ კაცი ცივად გვიყურებს. შეჩვეული ვერ ასეთ მზერას, მაგრამ ახლა ის ბრაზის ნაცვლად შიშს მგვრის.
_იქ... დიტო პაპაა ცუდად.
_რას ჰქვია, ცუდად, _ ეჭვით შემოგვხედა ლექსომ. _ აბა, დასხედით ერთი.
რამდენიმე წუთში ადგილზე ვართ. ლექსომ შორიდანვე შენიშნა დიტო პაპას უცნაურად გადახრილი სხეული, ცხენს შეუძახა...
დიტო პაპას ტუჩთან სისხლის პატარა ნაკადი ეღვრება, ღია თვალები უაზროდ ჩასცქერის რაღაც შორეულს.
_ეს რა არის? _ გაფითრდა ლექსო და დასისხლიანებულ ზურგზე უთითებს. _ მოკალით?!
თითქოს დავმუნჯდით. ყურებში ისევ მიწივის.
_მოკალით-მეთქი კაცი?! _ უკვე ყვირის ლექსო და როგორღაც შეშინებული გვიყურებს. თითქოს საკუთარი შიშის დასაფარად გვიყვირის.
_აბა, ჩასხედით ურემში! _ ამბობს მკაცრად, მაგრამ გაბზარული ხმით. მგონი, ეშინია, რომ ზურგით დაჯდეს ჩვენსკენ, შეიძლება იმედოვნებს, რომ არც დავუჯერებთ, მაგრამ ჩვენ მორჩილად ვსხდებით. შვებასაც კი ვგრძნობ, რომ ვიღაცა უფროსი წყვეტს, ახლა რა უნდა ვქნათ.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. არც გვიკითხავს, სად მივყავართ. თუმცა ისედაც ვხვდებოდი.
მართლაც, მილიციის კორპუსთან გავჩერდით.
_მომყევით, _ უკვე რიხით თქვა ლექსომ.
როგორც ცუდ სიზმარში, ისე ვარ. კუსპარას ფერი არ ადევს. თვალები რაღაც ერთ საათში ჩასცვენია და ჩამუქებია.
_კუსპარ, - ვეუბნები, -_ ნურაფრის გეშინია.
_დიტო პაპა მოვკალი. _ მეუბნება ისე წყნარად, გული ყელში მებჯინება და ლამის ვიღრიალო.
_არ მოგიკლავს. შეიძლება, მე გამივარდა. თოფი დატენილი ყოფილა... საიდან უნდა გვცოდნოდა... _ ვამშვიდებ და უცებ ვგრძნობ, რომ თვითონაც ვმშვიდდები როგორღაც.
ბიძინას კაბინეტში ჯერ ლექსო შედის. გულზე ლოდი მაწევს, მაგრამ მაინც ვამჩნევ, როგორი საზეიმო და მრავალმნიშვნელოვანი სახე აქვს, როგორ ჩქარობს ბიძინას თანადგომა გაუწიოს. გამაცივა, ჩვეულებრივი საღებავაქერცლილი კედლებიც კი მტრულად შემოგვცქერიან. ახლა, ალბათ, კოლონიაში დამამწყვდევენ... კუსპარას სახლში გაუშვებენ, ცხადია, ვინ რას მოსთხოვს რვა წლის ბავშვს... როგორ უნდა იყვნენ მარტო... შიმშილით და სიცივით დაიხოცებიან... მაგრამ... ისე რომ ვუთხრათ... კუსპარას რომ გაუვარდა... ის მაინც არასრულწლოვანია, და მეც არ დამიჭერენ...
ორ წუთში ყველაფერი აირია. ბიძინა გიჟივით გამოვარდა კაბინეტიდან... ხან ერთს გვიყურებს, ხან მეორეს, ისეთი თვალები აქვს, გაგვლეჯს ალბათ. კუსპარა მკვდრისფერი გახდა. მეც ენა გადავყლაპე თითქოს.
_მოკალით, ნაბიჭვრებო?! ვინ დაგიქირავათ? გიყიდეს? მაშინებთ, ხომ? _ უცებ მომვარდა და საყელოში ჩამაფრინდა. – მითხარი, შენი დედაც, ვინ დაგავალა!.. ვინ დაგავალა-მეთქი, შენი!.. იცი, ვის ჩავრევ საქმეში? იცი, ვის?!
ვერაფერს ვხვდები, ვცდილობ, ხელი გავაშვებინო, ერთი რომ ძლიერად ავუკრა, გვერდზე მოვისვრი, მაგრამ არ მინდა, უარესად გავაგიჟო.
_ახლავე თქვი, ვინ დაგიკვეთა, თორემ აქვე ჩაგაძაღლებ! _და ხელი ქამარზე დაკიდებული პისტოლეტისკენ წაიღო.
ახლა ისეთი გაცოფებულია, მართლა შემეშინდა, არ მესროლოს. კუსპარა მთელი ხმით აღრიალდა. ირგვლივ რამდენიმე კაცი შეიკრიბა, თანამშრომლები, მაგრამ ხმას არავინ იღებს, არც ბიძინას დამშვიდებას ბედავს ვინმე. ვიგრძენი, რომ პანიკამ ამიტანა.
_ვის უნდა დაევალებინა, ბიძინა ბიძია, შემთხვევით გაგვივარდა... ურემზე ედო...
სახეში მაგრად მომხვდა სქელი მუშტი. სისხლი ამიდუღდა, ძლივს ვიკავებ თავს, არ ვეცე, მაგრამ კუსპარას შეშლილ სახეს ვხედავ და თავს ვიოკებ.
_შემთხვევით, არა? შემდეგი ვინ დაგავალეს? ვისი რიგია? ჩემი ცოლის? ჩემი შვილის? თუ ჩემი?! _ ხავის გიჟივით. პირიდან დორბლი სცვივა და საშინელი სანახავია. _ თქვენ მაჯობებთ? ვის? ბიძინას?! ახლა განახებთ სეირს! ყველას განახებთ! არავის აზრად რომ აღარ მოუვიდეს ბიძინას შეშინება, აქეთ შევაშინებ ყველას!..
_წამოიყვანეთ! – უბრძანა თავის ხელქვეითებს, _ სად მოკალით ის კაცი! გვამი მაჩვენეთ!
მე და კუსპარა თითქმის ძალით ჩაგვათრიეს კიბეზე და მანქანაში ჩაგვსვეს. კუსპარა აღარ ტირის. სახე წაშლია. ბრაზმა ლამის დამახრჩოს.. კუსპარას მხრებზე ხელი მოვხვიე და ჩავიხუტე. თვითონაც იმ წამსვე მომეკრო მოცახცახე პატარა სხეულით.
გზადაგზა ვიღაცეები ემატებიან. მთელ ქუჩაზე გადაძახილები და ქოქოლა ისმის. რამდენიმე მანქანა აივსო. ბიძინა ჩვენს მანქანაში ჩაჯდა, მძღოლის გვედით, მანქანა ღმუილით მოწყდა ადგილს.
_შეგაჩვენებთ, შეგაჩვენებთ ღმერთი... _ იწყევლება გზაზე ვიღაც ხანშიშესული ქალი და ცრემლად იღვრება. დიტო პაპას ნათესავია. _ რა კაცი მოკალით, თქვე უჯიშოებო, იმის ფრჩხილის ღირსი არა ხართ მთელი ოჯახი, ვენაცვალეეე...
კივილი სადღაც უკან რჩება და ქვა-ღორღიან გზაზე მანქანის რახრახში იძირება. მძღოლი ძალიან ჩქარობს, ბიძინას მრისხანების ეშინია...
მალე გზაზე დიტო პაპას ურემიც გამოჩნდა. მანქანის გაჩერებისთანავე ბიძინა გადმოხტა და ურემს ეცა. ნელ-ნელა დანარჩენი მანქანებიც მოვიდა. აქა-იქ შეძახილები ისმის. ჩვენ მანქანაში ვსხედვართ, ერთი მილიციელი გვდარაჯობს, სახე გაქვავებია. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მამაჩემის სახლში უქეიფია ხშირად. ცდილობს, არ შეგვხედოს.
_ეს რა გიქნიათ, _ ამბობს მერე გამკიცხავად.
_ძია ნიკო, არ გვინდოდა... დიტო პაპას რომ ჩვენი შინებოდა, ხომ არც წაგვიყვანდა და არც თოფს დაგვიდებდა ცხვირწინ, - მომეცა იმედი.
ნიკო აშკარად შემცბარია.
_არ ვიცი, არ ვიცი... _ გადასარევადაც იცის, მაგრამ ამასაც ბიძინასი ეშინია.
მერე გარეთ გადმოგვათრიეს.
ყველა აღშფოთებულია.
ყველა სიძულვილით გვიყურებს.
თითქოს ცუდ სიზმარში ვარ და ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდება. ნეტა მალე დამთავრდეს ეს დღე, ჩამსვან ციხეში და დამთავრდა..
მაგრამ, კუსპარა.. ბიძინა ისეთი გამხეცებულია, ესეც არ ჩასვას... არა, ვერ ჩასვამს... არასრულწლოვანია... არასრულწლოვანი კი არა, პატარა ბავშვია. თითებთან გამოხეული რეიტუზი აცვია... ხეებზე კონწიალის მეტი არაფერი იცის... `დედაენას~ სწავლობდა სულ ახლახანს... არა, ვერ ჩასვამს კუსპარას... ოღონდ მალე ჩაიაროს ამ საათებმა... მამამ ჯერ ალბათ არაფერი იცის... საწყალი, სულ გაგიჟდება...
ხმამაღალი გადაძახილები არ წყდება. აღგზნებული სახეები ნელ-ნელა სისხლით ივსება... თვალები გადმოცვენაზეა... ერთმანეთს ახელებენ ყოველი სიტყვით... ეს რეები ხდებაო... რა განუკითხაობააო... ყველას ამოგვხოცავენო მასე... ეს ლეკვები ახლა რომ ამას გააკეთებენ, მერე რაღაც იზამენო... საზოგადოებისთვის საშიშნიო... და კანონი დღეს არ კანონობსო... ისევ თავისუფლად ივლიანო... შვილები გვყავსო... ამათი დამკვეთები აღარ გაჩერდებიანო... `ლინჩი~, `ლინჩის წესითო~...
სადღაც გამიგია `ლინჩი~, მაგრამ აღარ მახსოვს, რას ნიშნავს...
რა ხდება... გარშემო წრეს გვარტყამენ... ჯერ ძალიან შორიდან... მერე წრე ვიწროვდება... მძიმე ოხშივარი მეცა, გონდაკარგული ხალხის...
გულმა რეჩხი მიყო... კუსპარას გავხედე _ პირი ნემსივით დაწვრილებია მოწრუპულ წაწვეტებულ ნიკაპზე. თვალები კი, _ ღმერთო, რა სჭირს ამ ბავშვს. ბავშვიც აღარ არის თითქოს. დაგეშილი პატარა ნადირია, მგლის ხროვაში მომწყვდეული.
ბრბო შეჩერდა. როგორღაც დაბნეულები ჩანან ყველანი. უცნაური სახეებით თვალს არ აცილებენ ბიძინას, მზად არიან მის ფეხქვეშ ქვები ლოკონ. უცებ ერთ-ერთი მართლაც დაიხარა, თითქოს ჩემს ფიქრს ასრულებსო, მაგრამ ქვა კი არ ალოკა, ხელში აიღო და შემომხედა.
გული კინაღამ გამიჩერდა, ისე... ყველას თვალებით შემომხედა. მხოლოდ მას ვუყურებდი, მაგრამ ყველას თვალებს ვხედავდი მასზე. კაცმა თვალმოუცილებლივ დამიმიზნა ქვა და მესროლა. განზე გაწევა მოვასწარი და ქვა ამცდა. უცებ ყველაფერს მივხვდი და ვიღრიალე. თითქოს გაიგებს და მიშველს ვინმე. სადღაც... ადამიანი...
ბავშვს ხელი ვტაცე და გაქცევა ვცადე. მაგრამ წრე ამასობაში შეკრულიყო. ჩემმა მოძრაობამ გამოაფხიზლათ... სათითაოდ დახრა და ქვების აღება დაიწყეს...
_ნახე, დედა... _ უცებ ბრბოსკენ თითი გაიშვირა კუსპარამ. უცნაურად მშვიდი ხმა აქვს.
_დათუნა, გაიქეცი, ტყეში დაიმალე, _ ვუყვირე, მაგრამ ამ დროს ჭახანი გავიგონე, თითქოს რაღაც გასკდაო ჩემს გვერდით, და დათუნა მოცელილივით დაეცა. შეშლილი თვალები ღია და უმოძრაო აქვს... საფეთქელიდან სისხლმა იჩქეფა.
ფეხებშორის შეუკავებლად წამომედინა ცხელი ნაკადი.
ეს ჩემი ხმაა.. თუ ვიღაც სხვა ბღავის ჩემი მკერდიდან...
საშინელი ტკივილი მხარში...
...ზურგში...
...ფერდში..
...მუცელში..
...ყველგან... განუწყვეტლივ...
...პირში სიმლაშე და ბლანტი სისველე...
...აუტანელი ტკივილისგან ჩავიკეცე...
...ყველა მხრიდან მოფრინავს ქვები...
...ხელებს ვიფარებ სახეზე...
...თავზე...
...კეფაში… საშინელი დარტყმა...…
სხვისი ხმა მკერდიდან ჩამიწყდა...
...ხავილი ამომდის...
...და უცებ ვხედავ დედას...

13 comments:

Unknown said...

აუ

ეს...

არაფერი...

Anonymous said...

ra mcarea ..
Camcyda . .

ნინა said...

როდინდელი ამბავია,კიდევ არსებობს ლინჩის წესი? :(

deka136 said...

ეს მოთხრობაა ჩვეულებრივი. კი წერია ,რომ ნამდვილი ამბავია ვითომ, მაგრამ ეჭვი მეპარება...

ნინა said...

ჰოოომ : ) მეც ეგრე მგონია თორე ასეთი რამე ცვეტში გახმაურდებოდა...

Endy_Kaufman said...

ბიჯო იქაც გიტხარი და აქაც გეტყვი :დ

იტოგში ასიწელი არ დავაგრუზინებ ვიღაცის ფანტაზიებს თავს :ბოლი: ჩემიც მეყოფა ტო :(


:გივი:

მარიამ ბლანკი¹³ said...

ისე გამოცდილებით გეტყვი და ნანობაშვილები კაი ოხერი ხალხია (პავერ ი ია ტაკაიაჟე)

ოდა თანაც სად გააძრე :)

ლოლ

არა ამის წაკითხვა არ ღირსა იმჰო@

დავიტანჯე

deka136 said...
This comment has been removed by the author.
deka136 said...

levan, kai oxeri xar shenc ra :D



marus, mesame nanobashvili xar, romelic gavicani (pirveli ori bichia da orives ilia qvia :D), xoda minda gitxra, rom magari xalxi xart nanobashvilebi! :D mevasebit, tqven shemogevlet >:D<

ცუცა said...

auh kide es mindoda axla mee? :mo:

Anonymous said...

ყველაზე კარგი გამოსავალი ეგ იყო...


არ ჩამქოლოთ :drug:

Anonymous said...

ეს არ არის გამოგონილი. მართალი ამბავია და საკმაოდ გახმაურებული კახეთში.

Anonymous said...

დავაზუსტებ, ასე 20-25 წლის წინ