Monday, October 29, 2007

თვალცრემლიანი მკვლელი

ვიცი, რასაც ახლა მოვყვები, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი გეგონებათ, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ან, საერთოდაც, რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა ეგონება? რაც არ უნდა ვთქვა და ვწერო, ყველაფერზე ამბობთ, შენი მოგონილიაო, არადა ყველაფერი რეალობაში ზუსტად ისე ხდება, როგორც ჩემს ნაწერებში. ახლა კი ყველაზე მთავარზე გადავიდეთ. ერთხელ უკვე მინდოდა მომეყოლა პატარა ტვალცრემლიან მკვლელზე, მაგრამ მაშინ გადავიფიქრე: ამის არც დრო იყო და არც ადგილი. დღეს კი სწორედ ის მომენტია, როდესაც ჩემი ბლოგის ორმა თუ სამმა სტუმარმა ყველაფერი გაიგოს.
ეს დიდი ხნის წინ მოხდა. თვალების გახელისთანავე ის ქუჩაში აღმოჩნდა. დედის რძის ნაცვლად თოთო ბავშვი წყალში დაფშვნილ პურს ჭამდა, უფრო სწორედ აჭმევდნენ. ვინ იყვნენ ისინი, მან არ იცოდა. შესაძლოა, მშობლებიც კი ყოფილიყვნენ...
პატარა ბიჭი იზრდებოდა. მერე რა, რომ მას არ ჰქონდა სათამაშოები, არც სახლი ჰქონდა, არც მეგობრები ჰყავდა. თუმცა, ბოდიში, გატყუებთ, მეგობრების მეტი რა ჰყავდა. ქუჩაში ყველა მისი მეგობარი იყო. განსაკუთრებით ერთი ძაღლი უყვარდა. პატარაობიდანვე ეს ცხოველი მას კუდში დაჰყვებოდა და უმცროს ძმასავით უვლიდა, თითქოს მათ რაღაც ნათესავური კავშირი ჰქონოდათ. მათი კვების უპირველესი გზა ქურდობას ითვალისწინებდა. არავინ იცის, ძაღლმა ასწავლა ბიჭუნას მოპარვა თუ პირიქით, მაგრამ მე იმას ვყვები, რაც იყო!
ერთ დღესაც, როდესაც ბიჭუნა ქუჩის კუთხეში ყველასგან მოფარებულ ადგილზე იჯდა, მის წინ მოხუცმა ქალმა ჩაიარა. ქალბატონი ღარიბულად იყო ჩაცმული, მაგრამ სახეზე რაღაც იდუმალი ღიმილი ეტყობოდა. ეტყობა, წლების მატებასთან ერთად სიმხნევე მაინც არ დაუკარგავს. ჩვენი გმირის ყურადღება კი სულ სხვა რაღაცამ მიიპყრო - ჩანთამ. არა, სხვანაირად ნუ გაიგებთ ახლა. ჩანთის მოპარვა მას აზრადაც არ მოსვლია... მან მხოლოდ აიღო ის, როდესაც ერთ-ერთ გამვლელთან შეჯახებისას მოხუცს ის ხელიდან გაუვარდა. ბიჭი დიდხანს იდგა შუა ქუჩაში უცნობი ნივთით ხელში. ამ მომენტში მის თავში უამრავმა აზრმა გაიელვა. ჰეჰ, ალბათ, ნანახი გექნებათ მულტფილმები, რომელთა გმირებიც ისეთივე მდგომარეობაში იყვნენ, როგორშიც ახლა ეს ბიჭი გახლდათ. სავარაუდოდ, ბიჭუნას ერთ მხარზე ანგელოზი იყო შემომჯდარი, ხოლო მეორეზე - პატარა ეშმაკი. ერთ ეუბნებოდა, რომ წაეღო და პატრონისთვის დაებრუნებინა ჩანთა, მეორე კი დატოვებას სთხოვდა. თქვენ როგორ მოიქცევოდით? თუმცა, უკაცრავად, რა სულელური კითხვა დავსვი. თქვენ ყველა ხომ კეთილშობილების განსახიერება ხართ, გენაცვალეთ სულში. რასაკვირველია, მანაც იფიქრა ნივთის დაბრუნებაზე, მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოპარული საჭმლის გარდა არაფერი გაუსინჯავს, ამის გაკეთება, ცოტა არ იყოს და რთული აღმოჩნდა. სამაგიეროდ, იმ საღამოს ბიჭუნა და მისი ერთგული მეგობარი, რა თქმა უნდა, ზემოთ უკვე ნახსენები ძაღლი კარგად დანაყრდნენ. ჩვენი პატარა გმირი პირველად შევიდა მაღაზიაში იმის შიშის გარეშე, რომ გამყიდველი მას მოპარულით ხელში დაიჭერდა. საწყალმა თვლა არ იცოდა, არც ნაირ-ნაირ კერძებში ერკვევოდა, ხელში მხოლოდ ის ფული ჰქონდა, რომელიც ჩანთიდან ამოიღო. ვინ იცის, იქნებ უსინდისო გამყიდველმა ის მოატყუა კიდევაც, იმაზე მეტი გამოართვა, ციდრე საჭირო იყო, მაგრამ ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რაც მოხდა, მოხდა.
საოცარია, მაგრამ იმ ღამეს ბიჭუნამ პირველად იგრძნო ის, რასაც ჩვენ მოფერებით სინდისს ვეძახით. მას პირველად ცხოვრებაში წამოუვიდა ცრემლები...

ამის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. შესაძლოა, უფრო მეტიც გასულიყო, მაგრამ ვინც მე მომიყვა ეს ამბავი, მან ზუსტად ასე მითხრა. სწორედ ახლა მივადექით ყველაზე საინტერესოს, იმას, რაც დასაწყისშივე უნდა დამეწერა, მაგრამ მოკლე სათქმელი სპეციალურად დავიგრძელე.
თვალები დაახილა და პირველი, რაც გაიგო, მისი ძაღლის ყეფა იყო. ვიღაც კაცი მიათრევდა მას. კისერზე რაღაც წამოაცვა და უმოწყალოდ ურტყამდა ფეხებს. ურტყამდა იმას, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა ამქვეყნად. ქუჩაში გაზრდილი და თავისუფლებას მიჩვეული არსება მთელი თავისი პატარა სხეულით ცდილობდა გამოქცეულიყო და ბიჭუნას ზურგს უკან დამალულიყო, თუმცა საოცრად მოჭერილი თოკები მას ამის საშუალებას არ აძლევდა. როდესაც ცხოველმა თავი უკან მოაბრუნა და უმოძრაოდ მდგარი ბიჭი დაინახა, თითქოს შერცხვა, ყოველგვარი წინააღმდეგობა შეწყვიტა. რამდენიმე წამის მანძილზე გაქვავებული იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ, სანამ პატარა ცხოველი მთელი ძალით არ გაათრიეს იქიდან.
ამ ცხოვრებას შავი იუმორის გრძნობა კარგად აქვს განვითარებული. აბა, მასე თუ არაა, მაშინ რა უნდოდა იქ რკინის იმ ნაჭერს? რატომ იდო მაინც და მაინც ბიჭუნას გვერდით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა?! არადა, მანამდე არავის არასდროს ჰქონდა შემჩნეული. ხელში აიღო, გაექანა და ზურგში, გულის მხარეს ჩაარტყა... წამის მეასედში წამოსულმა სისხლმა მისი მადა ვერ დააკმაყოფილა. იდგა და ურტყამდა, ამჯერად წაქცეულს, რომელსაც ხელში თოკი ეჭირა. ამჯერად სისხლის გუბეში იდგა, ხელებიც სისხლიანი ჰქონდა, სახეც, მაგრამ ნასიამოვნები ჩანდა! არ ნანობდა! დროის მანქანა რომ დატრიალებულიყო და რამდენიმე წუთით უკან გადაეგდო, ზუსტად იმავეს გააკეთებდა. ეჰ, მაგრამ ცრემლები, ცრემლები კი მოსდიოდა, რომლებიც პირდაპირ სისხლიან გუბეში ეცემოდა.
მას შემდეგ ბიჭუნა ბევრს არ უნახავს. შეიძლება, უნახავთ კიდევაც, მაგრამ ვერ მიმხვდარან. ადამიანები იზრდებიან და იცვლებიან, მხოლოდ წარსული რჩება. ხო, ისა, ნუ გეშინიათ, ეს თბილისში არ მომხდარა... შეგიძლიათ, უშიშრად იაროთ ქუჩებში. ეს ყველაფერი ჩემმა მესაიდუმლემ მითხრა.

სულ ეს იყო, რისი მოყოლაც მინდოდა.
ერთხელ წავიკითხე, მთავარი თვალისთვის უხილავიაო...
მგონი, მართალია...

3 comments:

nati kuda said...

[QUOTE]...ჩემი ბლოგის ორმა თუ სამმა სტუმარმა ყველაფერი გაიგოს.

მთავარი თვალისთვის უხილავიაო...[/QUOTE]

მავრის ცხოვრებისეული იგავ–არაკები..
ვერაფერი გავიგე. ორი ვარიანტია: ან იმ ორ–სამ სტუმარში არ შევდივარ, ან არ ძალმიძს მთავარის დანახვა, მე ხომ ყველაფრის პირდაპირ თქმა და მოსმენა მირჩევნია.


პატივისცემით, ნათია გიორგის ასული

staring girl said...

მე არ ვეძებ ხოლმე იმას,რასაც თავიდანვე ვერ ვიგებ,მეზარებაჰ

სამაგიეროდ,ზუსტად ვიცი,ბიჭმა რომ ჩაარტყა იმ რაოდენობაზე ერთხელ მეტს ჩავარტყამდი

staring girl said...

უი
არა
მე ვერ ჩავარტყამდი,ეგ ბიჭი ძაან ბრეივ იყო :P