Sunday, October 7, 2007

სიყვარულის ქალაქი


იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ქალაქი... დიდი ხნის წინ კეთილმა ადამიანებმა ის მთებს შორის მთაზე, ზღვებს შორის ზღვის პირას ააშენეს და მანდ დასახლდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქალაქი სულ უფრო იზრდებოდა და იზრდებოდა და რა თქმა უნდა, მასში მოსახლეობაც მატულობდა. იქაურებს სტუმრები არ უყვარდათ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქალაქის არსებობის შესახებ ძალიან ცოტამ იცოდა და უცხო ადამიანები იშვითად მოდიოდნენ მთავარ კარიბჭესთან. ვინც მოდიოდა, მათი უმეტესობა გზააბნეული მოგზაურები იყვნენ, რომლებიც შემთხვევით მოაწყდნენ უცნობ ადგილს.
თუმცა, ეს როდია ყველაზე მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ქალაქის მცხოვრებნი სიყვარულით არიან ავად. ეს საშინელი ავადმყოფობა მათ წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგოთ. მათთვის უცხო სულაც არაა დაძმური სიყვარული, სიყვარული მშობელსა და შვილს შორის, მეგობრული სიყვარული, იმ გრძნობასაც კარგად იცნობენ, რომელიც გოგონასა და ბიჭს შორის ჩნდება. თითოეულ მათგანს უხარია დილით ადგომა, რადგან იცის, რომ ის დღე სიყვარულით იქნება სავსე. იმ დღეს ისინი შეძლებენ მეგობარი ადამიანის გულის გახარებას, თუნდაც სულ უმნიშვნელო რაღაცით, მაგრამ... სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სიყვარულის ქალაქელებს უცხოელები არ უყვართ. მოგეხსენებათ, სიყვარულს შეუძლია ისეთი საშინელი გრძნობების საფუძველი გახდეს, როგორებიც შური და ბოღმაა. უცხო ხალხს არ ესმის ამდენი, ისინი არ არიან ავად... ქალაქელების ყურებისას მათაც სურთ ანალოგიური გრძნობა განიცადონ, თან ყოველდღე, თუმცა არ გამოსდით, რაც, საბოლოოდ, ცუდად მთავრდება. ასეთი ადამიანები სიყვარულის ქალაქში მარტოობისთვის არიან განწირულნი. ამიტომაც ცდილობენ ხოლმე თავის დაღწევას, გაქცევას, გადამალვას, მაგრამ არც ეგ გამოსდით კარგად, რადგან ქალაქის კარიბჭედან მარტო ერთი გზა გადის, რომელიც ისევ იმავე ადგილას ბრუნდება.
ყველაზე საოცარი კი მინდვრებია, რომლებიც ქალაქის გარშემოა. ამბობენ, ამ მინდვრებში ულამაზესი სიყვარულის ყვავილები ხარობენ, თუმცა ქალაქელების გარდა ის არავის უნახავს. რა გასაკვირია, რომ პატარა ნაზი მცენარე სიყვარულისფერია. ადამიანები ჩუქნიან მას ერთმანეთს, რადგან ეს არის ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო რამ, რითაც შეიძლება გრძნობების დამტკიცება.
საოცარია, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ამ ქალაქს როდესღაც თბილისს ეძახდნენო, თუმცა უკვე დიდი ხანია მას სახელი გადაარქვეს...

4 comments:

nati kuda said...

ვუი ვუი, გამოვიცანი მე, მაგას თბილისი კი არა, თემქა ერქვა.. მთებიო და ზღვაო და..
:P

deka136 said...

თემქა სხვა მხარესაა, გენაცვალე :P

ლევან მროველი said...

დაიწვა ჯიგარი :user:

Buddhuza said...

შენს პირს შაქარი... :)