Friday, September 21, 2007

სიგიჟის სურვილი


ეჰ... რამდენჯერ მდომებია, ვინმეს ჩემზე ეთქვა, გიჟი არისო... ერთი შეხედვით, რა არის სიგიჟეში კარგი?! ხალხი გერიდება, შიშნარევი მზერით გიყურებს, ხანდახან (კეთილი ბიძა ან დეიდა თუ შეგხვდა), შესაძლოა, სევდიანი თვალებითაც გადმოგხედოთ. თითქოს გეუბნებიან: არაუშავს, ვინ არის უნაკლოო... მართლაც, რთულია გიჟის ცხოვრება, როდესაც არც შენნაირების გესმის და არც ”სხვანაირების”. დადიხარ მარტო, ფიქრობ, ფიქრობ... იქნებ, სწორედ ამდენი ფიქრისგან გიჟდები?! არ არის გამორიცხული! პირიქით, ძალიანაც რეალურია. უდარდელი ადამიანი არასდროს გაგიჟდება. ის ცხოვრობს იმით, რაც მოცემულ მომენტში აქვს, მას არასდროს უწევს იმაზე ტვინის ჭყლეტა, თუ რა ელოდება მეორე დღეს.
მაგრამ ყველგან და ყოველთვის ერთ ფრაზას ვიმეორებ - ეცადე, ყველაფერში დადებითი მხარე ამოიკითხო. რა უნდა იყოს სიგიჟეში დადებითი და კარგი? ნუთუ ეს შესაძლებელია? ამ კითხვაზე არსებობს ერთი ძალიან მოკლე, თუმცა მრავლისმთქმელი პასუხი - კი! სიგიჟეშიც კი შეუძლია ადამიანს კარგი ნახოს, ისევე, როგორც ამას მე ვაკეთებ. უფრო მეტიც, ზოგჯერ ისე მომინდება გიჟი ვიყო, ისე მომინდება, რომ ტანსაცმლის კარადასთან მივდივარ და თეთრ პერანგს ვარჩევ, გრძელი მკლავებით, რომელიც ყველაზე მეტად მომიხდება. სიგიჟე არის იდეალური საშუალება გაექცე აწმყოს და იცხოვრო წარმოსახვით მომავალში.
ალბათ, ყველას გაგვიგია უკვდავი ფრაზა ”გიჟი თავისუფალიაო”. მე კი არა მარტო გამიგია, არამედ მინდა ის ცხოვრებაშიც გამოვიყენო. მსურს, ცოტა ხნით ”გავგიჟდე” და ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენო. ზოგს გაუხარდება, რამდენიმეს, ალბათ, ეწყინება... დიდი შანსია, გამოფხიზლების მერე რაღაც-რაღაცები მეც მეწყინოს და ვინანო, მაგრამ ვინანო არა იმიტომ, რომ არასწორად მოვიქეცი, არამედ იმიტომ, რომ სიფხიზლეში ამას არ გავაკეთებდი. რა კარგი იქნებოდა ყველაფრის თქმა, ყველასთან გულახდილი, ”გიჟური” საუბარი... ასე ხომ ნათელი მოეფინებოდა ბევრს რამეს!
მაგრამ... აჰ!!! რა სისულელეებს ვბოდავ! რა დროს სიგიჟეა, როდესაც ამდენი საქმე მაქვს. მე რომ გავგიჟდე, ჩემ ნაცვლად ვინ გააკეთებს ყველაფერს ამას? რა თქმა უნდა, არავინ. ხოდა, სჯობს, ჩვენი ”გიჟური” დიალოგი მომავლისთვის გადავდოთ, როდესაც აღარაფერი მექნება გასაკეთებელი. არ ვიცი, რამდენი ხანი მომიწევს ლოდინი, მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო... მეც სწორედ ამ იმედით ვკვდები...

1 comment:

nati kuda said...

გიჟ გიჟ გიჟ
>:D<