Thursday, September 13, 2007

იღბლიანნი...


- კარგ ხალხს გაუმარჯოს! - გაისმა ვიღაცის ხმა. ამ, ერთი შეხედვით, თავხედი ადამიანის სალამმა ფიქრებს მომწყვიტა და ისევ დედამიწის იმ კუთხეში დამაბრუნა, რომელიც ბევრად არ განსხვავდებოდა სამოთხისგან. თვალების აწევისთანავე, როგორც მიხვდით, ისინი მანამდე მიწას იყვნენ მიშტერებულნი, ჩემ წინაშე მდგარი ვიღაც ბიჭი ვნახე. ეს იყო დათო. გარეგნობით ის ნამდვილად გამოირჩევოდა სხვებისგან: საშუალო სიმაღლის, თუმცა ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი, სათვალეს ატარებდა, თავზე კი იმხელა ”ბუჩქი” ედო, მეგონა, რომელიმე ხის ქვეშ გავლისას ჩიტის ბუდე დაეცა თავზე და სამუდამოდ იქვე დარჩა. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი კანის ფერიც, რომელიც, ალბათ, მეცნიერთა დიდი გამოკვლევის საგანი შეიძლება გახდეს. ამ ბრგე ტანს კი მოკლემკლავიანი მაისური, დახეული ჯინსები და ასევე ბოლო ძაფამდე დაფლეთილი კედები უფარავდნენ...
***
მოულოდნელად, ფიქრი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა.
- დიახ, გისმენთ.
- როგორ ხარ, დებილო? - ეს ხმა ეგრევე ვიცანი...
- დებილი თავი გაბია, ბატონო გიორგი, - გიო ჩემი დიდი ხნის მეგობარია. რაც თავი მახსოვს, სულ ერთად ვართ და ყოველთვის, როდესაც სამე მიჭირდა, ჩემთან ერთად იყო. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ამჯერადაც იგივე მოხდა. მისი ზარი საჭირო დროს გაისმა.
- რას შვრები, ბიჭო, მანდ? დროს როგორ ატარებ? ბევრი გოგო გაიცანი? - ამ კითხვებისთვის წინასწარ მოვემზადე, რადგან გოგლიკასთვის, როგორც მას ახლობლები ვეძახით, ეს დამახასიათებელია.
- სამი გოგო გავიცანი, ჩემო კარგო. აქედან ერთ-ერთს გუშინ საღამოს უნდა შევხვედროდი...
- შეხვედროდი? რა იყო, გადაგაგდო? - ხარხარით ჩაამთავრა კითხვა ჩემმა ძმაკაცმა
- არა. მამა გარდაეცვალა და სასწრაფოდ თბილისში წამოვიდა...
***
ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მიწაზე დავჯექი. საშინლად მეძინებოდა. საათს დავხედე - რვის ნახევარი იყო. რამდენი დრო გასულა! დაახლოებით ორი საათია, რაც სახლიდან გამოვედი. თვალები ნელ-ნელა მეხუჭებოდა და ვგრძნობდი, როგორ ეშვებოდა ჩემი სხეული წვიმის წვეთებისგან სველ ბალახზე და ეს მსიამოვნებდა კიდევაც. აზრებისგან დატვირთულ გონებას მოსვენების საშუალება მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი დღე არ გავიდა, ის საშინელი შეგრძნება მაინც არ მეშვებოდა. არა! რაღაც უნდა მომხდატიყო, რაღაც ძალიან ცუდი, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, ვის მოუვიდოდა უბედურება.
***
მატარებელში გამეღვიძა, ვიღაცამ ფეხი გამკრა. თვალებში ძნელად ვიხედებოდი და ნორმალურად ვერც კი ვაცნობიერებდი, ჩემ გარშემო რა ხდებოდა. წინ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იჯდა. ქალბატონი ფეხმძიმედ იყო, რისი შემჩნევაც, მისი მუცლის ზომების გათვალისწინებით, არც ისე ძნელი გახლდათ. გოგონას მეუღლეს კი ხელი ცოლის მუცელზე ედო და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს რაღაცას ელოდებოდა. ალბათ, არ უნდოდა, ბავშვის პირველი მოძრაობა გამოპარვოდა. რა სასიამოვნო შეგრძნება იქნება, როდესაც იცი, რომ შენში მეორე ადამიანი ცხოვრობს, რომელიც დაბადებამდე შენი სხეულის ნაწილია, ხოლო ცხრა თვის შემდეგ დამოუკიდებელ არსებობას იწყებს...

No comments: