Saturday, September 8, 2007

ჰალუცინაციები

დიდი ხანია რაღაცის დაწერა მინდა, მაგრამ ეს ”რაღაც” გამუდმებით ხელს მიშლიდა. ის მღრღნის შიგნიდან; ცოცხლად მჭამს; ცდილობს, ძალა ბოლო წვეთამდე გამომწოვოს და შემდეგ სადმე მიფარებულ ადგილას მარტოსული სიკვდილისთვის გამწიროს.
ვკანკალებ, საშინლად ვკანკალებ. ჩემ შიგნით შექმნილ სიცარიელეში სიცივის წვეთები ნელ-ნელა ადგილს პოულობენ. ამ კანკალს მეცნიერები ”შიშნარევ სიცივეს” დაარქმევდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ იციან ამის შესახებ. ეს მხოლოდ მე და რამდენიმე ადამიანმა ვიცით, რომლებსაც ჯერჯერობით არ ვიცნობ, თუმცა იმის იმედი კი მაქვს, რომ გასაჭირი ერთმანეთს დაგვაახლოვებს.
მასაც სციოდა... გამოხედვაზე შევატყვე. მისი გამოხედვა ცეცხლს ყინავდა. თვალებში ჩახედვის მეშინოდა. მეშინოდა იმის, რომ მისნაირი გავხდებოდი. ვიჯექი მოპირდაპირე მხარედ, მზერა მიწას მივაპყრე, თითქოს რაღაცას ვეძებდი და მორიდებით, იშვიათად შევხედავდი მის მონაცრისფრო-მოცისფრო სახეს. სიჩუმის დედოფალი იყო. ამაყად იჯდა, თუმცა საამაყო არც ჩაცმულობაში ჰქონია რამე და არც გარეგნობაში. იჯდა და შიშის ზარს სცემდა გარშემომყოფებს. ისინი ვერც კი გრძნობდნენ, როგორც ეყინებოდათ სული. სიცივე თავდაპირველად ფეხისა და ხელის თითებს ეუფლებოდა, შემდეგ თანდათანობით სხეულის სხვა ნაწილებზეც ვრცელდებოდა. ბოლოს კი თვალების ჯერიც დგებოდა. სიცოცხლის ნაპერწკალით განათებული მზერა ერთ წამში ყინულად იქცევოდა. მზერა მბრძანებლობდა გულს, რომელიც უფრო სათუთი და ნაზი ყოფილიყო, გაყინვას ვერ გაუძლო და დაიმსხვრა.
დედოფალი გაუნძრევლად იჯდა... ჩემზე ოდნავ დაბალი იყო. დანარჩენებისგან არაფრით გამორჩეული მაინც იპყრობდა გამვლელების ყურადღებას. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი დედოფლისთვის გადაშლილი წიგნები იყვნენ. მბრძანებელი იჯდა და კმაყოფილი სახით კითხულობდა მათ. გვერდს გვერდი მოჰყვებოდა, ფურცელს - ფურცელი, თავს - თავი, ბოლოს... ბოლოს კი მოსაწყენი და უინტერესო დასასრული, რის შემდეგაც მკითხველი, ჩვეულებრივ, წიგნს სადმე შორს გადაისვლის და დიდი ხნით მიივიწყებს მის არსებობას.
ქუჩის მეორე მხარეს მათხოვარი იჯდა. ზამთარი იყო და რა თქმა უნდა, ფულის შოვნის მიზნით ცივ მიწაზე დამჯდარი ეს მოხუციც ტარებისგან დაძონძილ ტანსაცმელში შეძლებისდაგვარად თბილად იყო შეფუთვნილი. დამაინტერესა, ავდექი და მივუახლოვდი. მათხოვარს წინ მტვრისგან ფერდაკარგული შავი ქუდი ედო, რომელშიც მოწყალე გამვლელები მას ფულს უყრიდნენ. ძალაუნებურად ხელი ჯიბეში ჩავიყავი და ხურდა-ფულის ძებნა დავიწყე. რამდენიმე წამში ჩემი კუთვნილი მონეტა უკვე სხვა ადამიანის საკუთრებასი გადავიდა. რკინის ფულის მიწაზე დაცემის ხმამ სიცივისგან ნახევრად გონებაწასული მათხოვარი გამოაფხიზლდა. მან თვალები აწია და შემომხედა... საოცრება გახლდათ. გაყინულ ქალაქში თბილი ადამიანის ნახვა წარმოუდგენლად მომეჩვენა და კიდევ უფრო დაჟინებულად შევხედე. არა, ნამდვილად არ ვცდებოდი. დედოფალმა ამ ადამიანის მოჯადოვება ვერ მოახერხა. როგორც ზღაპრებში ხშირად ხდება ხოლმე, ალბათ, ეს მათხოვარი იყო სწორედ ის სიკეთის რაინდი, რომელიც დამპყრობელს უნდა შებრძოლოდა, მაგრამ... ცხოვრებისგან დატანჯული, ის საკუთარ თავს ვერ უვლიდა და სხვებს, მით უმეტეს, ვერ დაეხმარებოდა.

დავუბრუნდი ჩემს ადგილს. ისევ ციოდა. ალბათ, დედოფალი ამ მომენტებში ღრმად სუნთქავდა. ვგრძნობდი, როგორ ივსება ჩემი სხეული გაყინული წყლით, რომელიც სისხლის მაგივრობას მიწევდა.
ჭია კი მღრღნიდა...

1 comment:

CuRSeD said...

მომეწონა ეს :)